საშინელი სიმთვრალე ჰქონია მსახიობ ზაზა კოლელაშვილს და ჯობს, რომ ამ დროს ახლოს არ გაეკაროთ.
მისი კოლეგა თენგიზ გიორგაძე ერთ ისტორიას ყვებოდა:
”ჩემს ყმაწვილკაცობაში, სტუდენტობის წლებში მთვრალ ზაზა კოლელაშვილს ძალიან ეხერხებოდა “ბუნტოვშიკობა” და როგორც კი ვინმეს ხმის ტონი არ მოეწონებოდა, წასული იყო მისი საქმე.
მაგრამ ერთი რაინდული ჩვევა ჰქონდა - მის გარდა თუ ვინმე დაიწყებდა გაჩმახებას, ზაზაზე კეთილი მრჩეველი და სიტუაციის დამრეგულირებელი არ მოიძებნებოდა.
ერთხელაც, ვიგრძენი, რომ ზაზას ნაღმი მზადდებოდა ასაფეთქებლად და დავიწყე ჩემს წინ მჯდომი ძმაკაცების გინება, ყველას ვემუქრებოდი და ვაშინებდი. ზაზამ დაივიწყა თავისი საქმე, გამიყვანა აივანზე დასამშვიდებლად და ისე მმოძღვრავდა, მეგონა ცნობილი პედაგოგი მაკარენკო გაცოცხლდა-მეთქი.
მითხრა, თუ გიყვარვარ, წვეთი აღარ დალიოო. არადა, ფხიზელი ვიყავი. მაინც კიდევ დიდხანს “ვიჩხუბე”, მხოლოდ იმიტომ, რომ ზაზას ჩემი მეთვალყურეობა არ შეეწყვიტა. ბოლოს მითხრა, ხო ვართ ძმები, ახლა სახლში წავიდეთ შენთან და დაიძინეო. დავუჯერე და მოვარჯულებინე თავი მთვრალს ფხიზელმა”.