„ოცნების“ ახალ კადრებს ტრენერი მიმინოშვილი გადაამზადებს

„ოცნების“ ახალ კადრებს ტრენერი მიმინოშვილი გადაამზადებს

ახალი კადრების გადამზადება და ტრენინგი „ქართულმა ოცნებამ“ მაია მიმინოშვილს ჩააბარა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, გამოცდების ეროვნულ ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი პროფესიონალი კარგი კადრია. მისი თქმით, მიმინოშვილი მონაწილეობას იღებს პარტიულ საქმიანობაში, ახალ სახეებზე კი საბოლოო გადაწყვეტილებას პარტიის პოლიტსაბჭო მიიღებს.

„ქართული ოცნება“ გაჯანსაღების პროცესი მეტი ინტენსივობით გაგრძელდება. ჩვენ შევეცდებით, მეტი პოზიტიური, ახალი სახე შემოვიყვანოთ პარტიაში“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მამუკა მდინარაძემ.

პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე ადასტურებს, რომ მიმინოშვილი „ქართულ ოცნებაში“ მუშაობს, მაგრამ მისი მიმართულება ახალი სახეების შერჩევა არ არის - „მმართველი გუნდის ახალ სახეებს პოლიტსაბჭო არჩევს“. ამასთან კალაძე ამბობს, რომ მიმინოშვილი დიდი ხანია პარტიაში მუშაობს და მისი საქმიანობა ემსახურება სხვადასხვა მიმართულებას.

„ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა განათლებული, წარმატებული პროფესიონალი ადამიანებისთვის. ეს პროცესი არასდროს შეჩერებულა. არიან ადამიანები, ვინც გადიან პარტიიდან, ეს ჩვეულებრივი, ჯანსაღი, ცოცხალი პოლიტიკური პროცესია. შესაბამისად, მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის ჩვენ ბევრი ახალი სახეც ვიხილოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს ხელი უნდა შევუწყოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მმართველი გუნდი აცხადებს, რომ არჩევანი მაია მიმინოშვილზე მისი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე გააკეთა, თუმცა სულ რამდენიმე თვის წინ, განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პროფესიონალი მიმინოშვილი თანამდებობიდან გაანთავისუფლა. პრემიერ–მინისტრის განცხადებით კი, მიმინოშვილი რამდენიმე წელი ხელმძღვანელობდა ცენტრს, ძალიან დიდი სამუშაო გასწია, რომ ეს ცენტრი გამხდარიყო ძალიან წარმატებული. როგორც ბახტაძე ამბობს, ამ ორ საკითხს ერთამენთთან ნამდვილად კავშირი არ აქვს.

„ნებისმიერი პარტია მოწადინებული უნდა იყოს საინტერესო, მაღალი პოტენციალის მქონე ადამიანების მიზიდვაზე და ბუნებრივია, ეს არის ვალდებულება მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ და ჩვენ ამას გავაკეთებთ, საზოგადოებაც ამას აუცილებლად დაინახავს“, – განცხადა მამუკა ბახტაძემ.

მმართველი გუნდი 2020 წლის არჩევნებზე ახალი სახეებით იქნება წარმოდგენილი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ კონსულტაციები დაწყებულია, რათა „ქართული ოცნება“ 2020 წლისთვის ახალი პროგრამითა და განახლებული გუნდით წარსდგეს. მისივე თქმით, კომუნიკაცია მიმდინარეობს ყველა თაობის წარმომადგენელთან –ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, აკადემიურ წრეებთან, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.

„გამოცდილ ადამიანებთან და წარმატებულ პოლიტიკოსებთან ერთად, რომლებიც ჩვენი გუნდის წევრები არიან, 2020 წლისთვის „ქართულ ოცნებაში“ ახალი სახეებიც იქნებიან. ახალი სახეები იქნებიან ყველა თაობის წარმომადგენლები, წარმატებული ადამიანები, ვისაც საზოგადოების ნდობა აქვს და რეალური შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ჩართულობით სიკეთე მოუტანონ ქვეყანას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მმართველი გუნდის ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ მაია მიმინოშვილი „ქართულ ოცნებაში“ ვერავის დაატრენინგებს, რადგან ძალოვნების ტესტის გარეშე პოლიტიკოსების შერჩევა არ ხდება. როგორც ჟურნალისტებს ფოფხაძემ განუცხადა, მთავარი პრობლემა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა, ძალოვნების ტესტია, პოლიტიკურ პროცესში ადამიანების მონაწილეობის თაობაზე.

„ეს მოცემულობაა – ძალოვნების ტესტის გარეშე პოლიტიკოსების შერჩევა ვერ ხდება. ძალოვნების ტესტი რა არის? – რასაც ვერასოდეს გავდიოდი და სულ პრობლემა მქონდა. ეს არის ტესტი – ძალოვნების მიმართ მორჩილების, რომ საჭიროების შემთხვევაში, მათი მოთხოვნების უპირობო შემსრულებელი იყოს ის, ვინც უმრავლესობაშია. ეს თანამონაწილეობაა, სარეკომენდაციო ფურცელზე“, – აცხადებს ფოფხაძე.

მისი თქმით, თუ ძალოვნები ვინმეზე იტყვიან, რომ არ აწყობთ, ასეთი ადამიანი „ქართულ ოცნებაში“ როგორც პოლიტიკოსი, ის ვერ მკვიდრდება. ვერც საკრებულოში მოხვდება და ვერც საპარლამენტო სიაში. ფოფხაძის განცხადებით, ეს ის ტესტია, რომელსაც ღირსებასთან, პატიოსნებასთან და მორალთან საერთო არაფერი არ აქვს.

„ქვედა რგოლში საქმე უშიშროების აგენტურასთან და მათ ხელის ბიჭებთან გვაქვს. თუ პარლამენტში ამ ტესტს გადიხარ, ხარ მორჩილი და შეკვეთებს შეასრულებ. ამ შემთხვევაში მიმინოშვილი არაფერ შუაშია, არავის არ დაატრენინგებს და ახალ სახეებს არ შესთავაზებს. „ქართული ოცნება“ იმ მეთოდებს იღებს და იგივე გზაზე დგას, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა. იგივე სტანდარტებს ეძებენ, რომ ხელისუფლების შენარჩუნება შეძლონ“, – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

„ოცნების“ ახალ ტრენერს ოპოზიცია ურჩევს კოლეგები ღილაკების გარჩევაში ავარჯიშოს, რაც შეიძლება სიკეთის მომტანი იყოს ქვეყნისთვის. „ევროპული საქართველოს“ წევრი, ირაკლი აბესაძის თქმით: „თუ ქალბატონი მიმინოშვილი ჩვენს კოლეგებს ღილაკების გარჩევაში ავარჯიშებს, ეს შეიძლება სიკეთის მომტანი იყოს ქვეყნისთვის, მეტი სარგებელი წარმოუდგენელია. ეს არის აბსოლუტურად უსაგნო და უმიზნო შიდაპარტიული თამაში „ქართულ ოცნებაში“ და ნამდვილად არაფერი აქვს საერთო იმ პრობლემების მოგვარებასთან, რაც მოსახლეობას აწუხებს. სასაცილოა ვსაუბრობდეთ, რომ ახლა მიმინოშვილი არჩევს კადრებს. ყველა კადრს ამ ქვეყანაში არჩევს ბიძინა ივანიშვილი“, – აცხადებ ირაკლი აბესაძე.

GGg თუ შეიძლება ამიხსნათ რა სხვაობაა გადამზადებასა და ტრენინგს შორის ? თუ აუცილებლობას წარმოადგენს რომ აუცილებლად ვარახუნოთ სიტყვები ? ავტორმა იქნებ წაიკითხოს ამ ორი სიტყვის მნიშვნელობა სიტყვათა განმარტების ლექსიკონში...
4 წლის უკან
Maverick ეს მდინარაძე რიონივითაა, რეცხავს, რეცხავს ყოფილებს მრეცხავი ვარდუასავით, ახლად ასაღებს, მაგრამ "რაც უნდა ხეხო ქვიშითა...."!...
4 წლის უკან