23 წელი მერაბ კოსტავას ტრაგიკული გარდაცვალებიდან. ქართველი დისიდენტი, მუსიკათმცოდნე, პოეტი, საზოგადო მოღვაწე და საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი სოფელ ბორითთან ავტოკატასტროფაში დაიღუპა, თუმცა მისი ტრაგიკული გარდაცვალების დეტალები ამ დრომდე უცნობია. ეროვნული გმირი 1939 წელს თბილისში დაიბადა. ზვიად გამსახურდიას უახლოესი მეგობარი ხშირად იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული და გადასახლებული. ბოლოს გადასახლებიდან 1987 წელს დაბრუნდა და ეროვნულ მოძრაობაში ჩაერთო. ლექსების, ფილოსოფიური, თეატრალური და ლიტერატურული ესეების ავტორი ასევე თარგმნიდა ცნობილი მწერლების ფილოსოფიურ ნაწარმოებებს. ლიტერატურული მოღვაწეობისათვის მინიჭებული აქვს ორი პრემია - დავით აღმაშენებლის და მწერალთა კავშირის. მერაბ კოსტავა 50 წლის ასაკში საეჭვო ვითარებაში დაიღუპა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.