ნაცუ ბაშოს დაწყებამდე ტოჩინოშინის და გაგამარუს მეტოქეები ცნობილია

ნაცუ ბაშოს დაწყებამდე ტოჩინოშინის და გაგამარუს მეტოქეები ცნობილია

ნაცუ ბაშოს დაწყებამდე ერთი დღე დარჩა. როგორც იცით ლევან გორგაძე გაზაფხულის მეორე სუპერტურნირს სეიკივაკის წოდებით ხვდება. ტოჩინოშინმა გასულ ორ ბაშოზე უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა, რის გამოც დასავლეთის მე-2 ოძეკის ტიტული დასავლეთისვე სეკივაკის წოდებით შეეცვალა.

ქართველ სუმოისტს ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად მინიმუმ 10 ორთაბრძოლის მოგება მართებს.

რაც შეეხება თეიმურაზ ჯუღელს, რანგით მეორე დივიზიონ ჟურიოში მოასპარეზე ქართველმა გოლიათმა მარტში 15 შეჯიბრებიდან 8 მოიგო და დადებითი ბალანსი ჰქონდა, ამიტომ მცირე პროგრესი განიცადა და 1 საფეხურით დაწინაურდა. გაგამარუ ნაცუ ბაშოზე აღმოსავლეთის მე-7 ნომრის რანგით იასპარეზებს.

წლის მესამე სუპერტურნირის დაწყებამდე კი ტოჩინოშინისა და გაგამარუს პირველი მეტოქეების ვინაობა უკვე ცნობილია.

სუმოს ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული განრიგის მიხედვით ტოჩის პირველი მეტოქე მე-3 მაეგაშირა ჩიოტაირიუ იქნება. ჩვენებურს იაპონელ მეტოქესთან ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსი აქვს და ჩატარებული 8 ორთაბრძოლიდან 6-ჯერ მოიგო, 2-ჯერ კი მარცხი განიცადა.

გაგამარუ პირველ საშეჯიბრო დღეს დაიშომარუსთან მოსინჯავს ძალებს, რომელსაც აქამდე 7-ჯერ შეხვედრია და აღნიშნული ორთაბრძოლებიდან მეტოქე 4-ჯერ დაამარცხა, 3-ჯერ კი დამარცხდა.