სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო იუწყება, რომ ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამმა პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა. ამის შესახებ სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. სამინისტროს ინფორმაციით, ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციამ სამინისტროს მიაწოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, 2012 წლის 9 და 11 ოქტომბერს, დაწესებულებაში ადგილი ჰქონდა პატიმართა თვითდაზიანების 3 ფაქტს. კერძოდ, 9 ოქტომბერს, თვითდაზიანება მიიყენა მსჯავრდებულმა დ.მ.-მ, რომელსაც სოლიდარობა გამოუცხადა მსჯავრდებულმა ლ.ი.-მ და მანაც მიიყენა თვითდაზიანება. დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ გამოძახებულ იქნა ქირურგი, რადგანაც მსჯარდებულ ლ.ი.-ს სჭირდებოდა შესაბამისი პროფილის ექიმის დახმარება, რაც მას ადგილზე აღმოუჩინეს.
„მსჯავრდებულთა განცხადებით, პროტესტის ამ ფორმას ექიმთან შეხვედრისა და მედიკამენტების დამატების მოთხოვნის გამო მიმართეს. მათ აღნიშნეს, რომ დაწესებულების ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან არანაირი პრეტენზია არ აქვთ, მაგრამ უკმაყოფილონი არიან სამედიცინო მომსახურების ხარისხით და ითხოვენ მის გაუმჯობესებას.
11 ოქტომბერს, ასევე, თვითდაზიანება მიიყენა მსჯავრდებულმა ჯ.გ.-მ. მსჯავრდებულს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მისი განცხადებით, ადმინისტრაციის მიმართ კონკრეტული პრეტენზია არ აქვს, თუმცა ისიც მოითხოვს სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებას“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად სამივე მსჯავრდებული თავს კარგად გრძნობს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და სამივე ფაქტზე ინფორმაცია, გამოძიების დასაწყებად, საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნა.
სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში პატიმართა ნაწილი თვითდაზიანებებს იყენებს იმ მოტივით, რომ მოხდეს მათი მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა #18 სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა, რადგან მიაჩნიათ, რომ იქ მათი საყოფაცხოვრებო პირობები და ჯანდაცვის კუთხით მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდება.
„სამინისტრო მაქსიმალური დატვირთვით ამუშავებს საკუთარ სამედიცინო პერსონალს პატიმართათვის სათანადო დახმარების აღმოსაჩენად. ლიმიტთან შედარებით 30%-ით გაზრდილია პატიმართა რაოდენობა სამკურნალო დაწესებულებაში. ამავდოროულად, პატიმართა დიდი ნაწილისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ხდება სამოქალაქო სექტორის დაწესებულებებში“, - ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.
ამის საპასუხოდ უფლებადამცველი ლალი აფციაური აცხადებს, რომ პატიმრების ჯანდაცვის პრობლემა კვლავ აქტუალურია. ქსნის კოლონიაში სწორედ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა, 22 წლის ლაშა იმედაძემ მიიყენა თვითდაზიანება და მან ეს ციხის ადმინისტრაციის მხრიდან მის მიმართ უყურადღებობის გამო გააკეთა.
„ლაშა იმედაძემ რამდენიმე დღის წინ პროტესტის ნიშნად თვითდაზიანება მიიყენა, კერძოდ, მუცელი დაისერა. იგი პროტესტს გამოხატავდა იმის გამო, რომ დიდი ხნის განმავლობაში მასთან ექიმის შესვლას ითხოვდა, მაგრამ ამაზე ადმინისტრაციის მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა“, - ამბობს ლალი აფციაური.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ამ თვითდაზიანების მიყენებიდან რამდენიმე დღე გავიდა, იმედაძეს ჭრილობა დაუჩირქდა და იგი კვლავ ექიმს ითხოვდა, მაგრამ მასთან ექიმი მაინც არ შეუყვანიათ. ამის გამო, პროტესტის ნიშნად, იმედაძემ მუცელი კიდევ დაისერა, რის შემდეგაც იგი ცუდად გახდა. ადვოკატის განცხადებით, პატიმარს 1.5 ლიტრზე მეტი სისხლი აქვს დაკარგული. აფციაური ამბობს, რომ მასთან სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებიდან ექიმი ხოლოდ იმედაძის მიერ თვითდაზიანების მეორედ მიყენებს შემდეგ მიიყვანეს, რომელმაც პატიმარს დახმარება აღმოუჩინა, მაგრამ მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ადვოკატის თქმით, ვინაიდან ლაშა იმედაძე ასეთ მძიმე მდგომარეობაში იყო, ამის გასაპროტესტებლად კიდევ ერთმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანება (მუცელი დაისერა) და მისი მდგომარეობაც მძიმეა, თუმცა მისი ვინაობის გამხელისგან ადვოკატმა თავი შეიკავა, რადგან ეს პატიმარი მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი არ არის და მისგან ამის უფლება-მოსილება არ გააჩნია.
აღსანიშნავია, რომ ადვოკატის განცხადებით, ქსნის #15 დაწესებულებას საკუთარი ექიმი არ ჰყავს მაშინ, როდესაც წესით ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებას ევალება, რომ ექიმი ჰყავდეს. კითხვაზე, რატომ არ არის ქსნის დაწესებულებაში ექიმი, ლალი აფციაური ასე პასუხობს:
„ქსნის #15 დაწესებულებაში ჰყავდათ ექიმი, რომელიც იქიდან წავიდა და ახალიც არ მიდის იქ სამუშაოდ, რადგან ყველამ იცის, როგორი პირობებია ქსანში. თქვენ რომ იცოდეთ, რომ ასეთ პირობებში მოგიწევდათ მუშაობა, მიხვიდოდით იქ სამუშაოდ?“
ლალი აფციაურის განცხადებით, ზოგადად ქსნის დაწესებულებაში ნორმალური პირობებია, მაგრამ ვითარება ძალიან მძიმეა ჯანდაცვის კუთხით, ვინაიდან პატიმრები ამ მხრივ ადმინისტრაციის უყურადღებობას უჩივიან.
„ლაშა იმედაძე, რომელმაც 1.5 ლიტრი სისხლის დაკარგა, დღეს თვითონ იკეთებს გადახვევებს, რადგან ქსნის დაწესებულებას არ ჰყავს ექიმი“, - ამბობს ადვოკატი.
იგი ტყუილს უწოდებს სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებას იმის თაობაზე, თითქოს პატიმრებმა თვითდაზიანებები იმის გამო მიიყენეს, რომ პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში უნდათ გადაყვანა.
„ეს არის ტყუილი, მე ვნახე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იმედაძე და მას ერთი სიტყვითაც კი არ უხსენებია ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა. ეს ადამიანი ითხოვდა მასთან ექიმის მიყვანას, ვინაიდან ცუდად იყო. მას საერთოდ არ აქვს პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის სურვილი და ჩემთვის გაუგებარია, საიდან მოიტანა სამინისტრომ ეს ინფორმაცია“, - აცხადებს ლალი აფციაური.