„ევროკავშირი ჯერჯერობით ზეწოლის ყველა ზომას იყენებს საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ ეს მშიერი პუბლიკა ევროპაში არ წავიდეს“

„ევროკავშირი ჯერჯერობით ზეწოლის ყველა ზომას იყენებს საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ ეს მშიერი პუბლიკა ევროპაში არ წავიდეს“

საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე საუბარი არ ყოფილა, რადგან თანამშრომლობა გრძელდება, თუმცა საფრანგეთის შს მინისტრი, კრისტოფ კასტანერი აცხადებს, რომ თუ თავშესაფრის მოთხოვნის საკითხებზე არ იქნება მუშაობა, შეიძლება საქართველოსაც შეეზღუდოს თავისუფალი წვდომა ევროპასთან. ფრანგი ძალოვანი მინისტრი ამბობს, რომ შეურაცხმყოფელია საქართველოსთვისაც თავშესაფრის მთხოვნელთა ისეთი ნაკადი, რომელიც ბოლო პერიოდში საფრანგეთში ფიქსირდება.

„2017 წლიდან ძალიან შესამჩნევი გახდა თავშესაფრის მთხოვნელთა ზრდა სხვადასხვა ქვეყნებიდან. როგორი წარმომავლობისაც არ უნდა იყოს ქვეყანა, ყოველი კონკრეტული შემთხვევა განხილული უნდა იყოს ცალკე. როგორ შეიძლება, რომ თითოეულმა ადამიანმა თავისი ინტერესების მიხედვით გამოიყენოს თავშესაფრის მოთხოვნის ზოგადი პრინციპი.

ამ საკითხებზე მიდის მსჯელობა საქართველოს პარლამენტშიც. ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ეს საკითხი და ზოგადად შენგენის სივრცესთან წვდომა. თუ ამაზე არ ვიმუშავეთ, ხვალ შეიძლება საქართველოსაც შეეზღუდოს თავისუფალი წვდომა ევროპასთან. ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი ღრმა თანამშრომლობა ამ საკითხებზე“, – განაცხადა კრისტოფ კასტანერმა.

საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებლების ზრდა, რომ გვაქვს აღიარებს საქართველოს შს მინისტრი, თუმცა გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანას აქვს გეგმა და მსგავსი გეგმები საქართველომ ევროპის სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით განახორციელა და იქ პოზიტიური შედეგია.

„საფრანგეთთან მიმართებაში თავშესაფრის მაძიებლების ზრდა არის. ამის ახსნა ბევრი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ამასთან დაკავშირებით ვმუშაობთ და გვაქვს კონკრეტული გეგმა. აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ეს გეგმა შედეგიანი იქნება.

საფრანგეთსა და საქართველოს შორის ისტორიული სიახლოვე, თუნდაც კულტურულ დონეზე, დამატებითი მოტივია, რომ ნაკადი საფრანგეთის მიმართულებით ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალია. ამას ჩვენი მხრიდანაც შესაბამისი პასუხი, მეტი ორგანიზებულობა და კონცენტრაცია სჭირდება, რაც ჩვენ დავგეგმეთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც გახარია აცხადებს, თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდა, მას შემდეგ, რაც საქართველომ აბსოლუტურად დამსახურებულად მიიღო თავისუფალი უვიზო მიმოსვლა, ბუნებრივი და მოსალოდნელი პროცესი იყო.

„ჩვენი ევროპელი კოლეგების კითხვებს ამ მიმართულებით სრული პასუხისმგებლობით აღვიქვამთ, ერთობლივად ვმუშაობთ და დარწმუნებულები ვართ, ერთობლივი მუშაობით ამ მონაცემებს შევამცირებთ. რა თქმა უნდა, გამოწვევები არსებობს, ჩვენი პასუხისმგებლობა კი მათზე პასუხის გაცემაა. ეს მიღწევა უნდა შევინარჩუნოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება იყოს, როგორც ქვეყნის ფასეულობების გადაწყვეტილება და არა ტექნიკური პრობლემებისგან შემდგარი რაღაც მოცემულობა. გამოწვევებს ვპასუხობთ და ვიცით, რომ უახლოეს პერიოდში პოზიტიური შედეგები გვექნება“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ჯერჯერობით ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი არ დგას. პრემიერ–მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, უვიზო მიმოსვლა საქართველოსთვის უმნიშველოვანესი მონაპოვარია, რომელსაც თითოეული მოქალაქე უნდა გაუფრთხილდეს.

„ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი და ეს არის ევროპული ოჯახი. ამ გზაზე ასოცირების ხელშეკრულება და ვიზალიბერალიზაცია არის ორი ყველაზე დიდი მონაპოვარი, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს. იმ საშიშროებებზე, რომელზეც საუბრობთ, თვითონ ფრანგმა კოლეგამ გასცა ერთმნიშვნელოვანი პასუხი, საკითხი ბუნებრივია ასე არ დგას. აქ ჩვენ უნდა შევხედოთ ამას თითოეულმა მოქალაქემ სახელმწიფოებრივი აზროვნებით. ეს არ არის ვინმეს მონაპოვარი, ეს არის საქართველოს მონაპოვარი, ჩვენი ეროვნული ინტერესების ნაწილი და ბუნებრივია, თითოეული მოქალაქე პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ მონაპოვარს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოსა და საფრანგეთის სამართალდამცავი სტრუქტურების დაგეგმილი ქმედებები, დავით ზალკალიანს აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედდება. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სავიზო ლიბერალიზაცია ერთ–ერთი მნიშვნელოვანი შედეგია, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება.

„სწორედ აქედან გამომდინარეობს ჩვენი მთავრობის მყისიერი რეაგირება ნებისმიერი სახის წუხილზე, რომელიც მოდის პარტნიორების მხრიდან. ყველა ზომას მივმართავთ. დღეს გაცხადდა თანამშრომლობის გაფართოება საქართველოსა და საფრანგეთის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის, რომ მათ, ვინც კეთილსინდისიერად არ სარგებლობს თავისუფალი გადაადგილების პროცედურებით, არ ჰქონდეთ შესაძლებლობა ამ პროცედურების დარღვევის, იმ ადამიანებს კი, ვინც კეთილსინდისიერად სარგებლობს ამ მნიშვნელოვანი მიღწევით, ხელის შეშლას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედება ამ ეტაპზე არ ემუქრება, თუმცა სოფო ქაცარავა ამბობს, რომ ამ ეტაპზე რეალური გამოწვევები არსებობს. დეპუტატი თვლის, რომ ბალანსია დასაცავი, ქვეყანამ ვიზალიბერალიზაციის სიკეთე დაიცვას, თუმცა კეთილსინდისიერი მოქალაქეების ინტერესები არ უნდა დაირღვეს.

„მან ის ვითარება ძალიან რეალისტურად შეაფასა, რაც თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებით არსებობს. დღის წესრიგში ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედება არ დგას, თუმცა როგორც საფრანგეთის შს მინისტრმა თქვა, ეს მომავალში არ გამოირიცხება და რეალური გამოწვევები არსებობს. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დადგეს“, – განაცხადა სოფო ქაცარავამ.

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველომ პარტნიორი ქვეყნების მოსაზრებები უნდა გაითვალისწინოს, რადგან ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ვიზალიბერალიზაცია სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯია. როგორც ბარქაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხელისუფლებას კარგად უნდა ესმოდეს, რა არის ვიზალიბერალიზაციის პროცედურების დარღვევების მიზეზი.

„საქართველოდან ადამიანები გაჭირვებას, უმუშევრობას, გაძვირებულ ცხოვრებასა და სიღარიბეს მიჰყავს, რაც არის ხელისუფლების მოქმედების, გაჩერებული ეკონომიკისა და უკან წასული ქვეყნის შედეგი. პრობლემას ვერ გამოსწორდება, თუ ხელისუფლების პრობლემას ხალხზე გადავტეხავთ და გამოსავლად მივიჩნევთ, მოქალაქეების მიმართ მეტი სადამსჯელო ღონისძიების შემოღებას.

სადამსჯელო ღონისძიებებით ვერ შევაჩერებთ იმ ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ ხვალინდელი დღის პერსპექტივის განცდა და ევროპაში მიდიან. გამოსავალი საქართველოს განვითარებაა. ქვეყანა რაც უფრო წინ წავა, მით ნაკლები დატოვებს გაჭირვების გამო საკუთარ ოჯახს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

პოლიტოლოგის, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარის, თამარ კიკნაძის განცხადებით, სარჩო–საბადობელის მოტივით მოსახლეობა გადის ქვეყნიდან, ამის მიუხედავად ქვეყანაში არაფერი კეთდება იმისათვის, რომ შეჩერდეს გადინების პროცესი, აქიდან გამომდინარე, მისი თქმით, საფრთხე შეიძლება დაემუქროს უვიზო მიმოსვლას.

„ჩვენი მიზანი ის ხომ არ არის ვიზა–ლიბერალიზაცია იმოქმედებს თუ არა? ჩვენი მთავარი მიზანი არის ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა, რახან ასეთი ნაკადი გაედინება ევროპაში, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანაში კარგად არ არის საქმე. ამოსავალი წერტილი ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა უნდა იყოს და არა ის, მოგვიხსნიან თუ არა ვიზა–ლიბერალიზაციას“, – აცხადებს თამარ კიკნაძე.

მისი თქმით, მოსახლეობის გადინება იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემები, ეს გადინება გამოიწვევს დემოგრაფიულ კატასტროფას და ჩვენ ვიცით, რომ ასეთი კატასტროფის წინაშე ვდგავართ. კომპლექსური სამუშაოა ჩასატარებელი და ამას არ ყოფნის მარტო სამუშაო ადგილების შექმნა, ჩასატარებელია იდეოლოგიური მუშაობა.

„ბევრ უნივერსიტეტში ვასწავლი, მე ვიცი რა განწყობა არის ახალგაზრდობაში, ისინი ფიქრობენ, რომ წავიდნენ ქვეყნიდან, იმიტომ, რომ ვერ ხედავენ საკუთარი თავის რეალიზაციის ადგილს საქართველოში. ამას ძალიან დიდი მეცნიერული, პრაქტიკული სამუშაოს ჩატარება უნდა. უნდა დაისახოს მიზნები. იმ ინტეგრაციულ პროცესებში, რომელშიც ჩვენ ვმონაწილეობთ, არასწორად არის ეს საკითხები დასმული“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას თამარ კიკნაძემ.

იმ შემთხვევაში, თუკი ამოქმედდა შეჩერების მექანიზმი, პოლიტილოგ სოსო ცინცაძის განცხადებით, ეს იქნება პრეცედენტი, ვინაიდან, ჯერჯერობით ევროკავშირს ასეთი სანქცია არავის წინააღმდეგ არ განუხორციელებია.

„საქართველო განსაკუთრებულად ანგარიშზეა ევროკავშირთან და ნატოსთან მიმართებაში. სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო ვერც გვღებულობენ, მაგრამ არც ჩვენი დაკარგვა ეთმობათ. იქ სულელები არ სხედან, ევროპაში მშვენივრად იციან, თუ ასე გაგრძელდა, მძიმე სოციალურ–ეკონიმიკური მდგომარეობის გამო, საბოლოო ჯამში შეიძლება შეიცვალოს საქართველოში ხელისუფლება ღია პრორუსულით და საქართველო საერთოდ დაკარგოს ევროპამ. ეს არავის არ უნდა. მაგრამ ისიც არ უნდათ, რომ ასე გაგრძელდეს და საბოლოოდ, საქართველოდან ნახევარი მილიონი ადამიანი მიაწყდეს ევროპას. ევროპაში კარგად იციან, რომ 1–2 წელიწადში საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა ისე არ გაუმჯობესდება, რომ ხალხს წასვლა აღარ დასჭირდეს. წასვლის მსურველთა რაოდენობა იზრდება და არ მცირდება“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას სოსო ცინცაძე.

როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, შეჩერება რადიკალური ნაბიჯია, ამიტომ ევროკავშირი ჯერჯერობით ზეწოლის ყველა ზომას იყენებს საქართველოს ხელისუფლებაზე, შსს–ზე და სხვა უწყებებზე, რომ ეს მშიერი პუბლიკა ევროპაში არ წავიდეს.

„ევროპელები გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვღებულობთ მხოლოდ პოლიტიკურებს, ვღებულობთ მხოლოდ იმას, ვის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, ეს არის ევროპის პოზიცია. მაგრამ შენ თუ შიმშილით სიკვდილი გემუქრება, რაც ასევე საფრთხეა, ეს ევროპას არ ეხება, არ აწუხებს. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ევროპისგან იქნება გაფრთხილება, მუქარანარებივი გაფრთხილება. ევროპელებმა მშვენივრად იციან, რომ საქართველოს მთავრობამ რომც მოინდომოს საზღვრებზე ჩიტიც ვერ გადაფრინდება“, – აცხადებს სოსო ცინცაძე.

სოციალისტი ევროკავშირი ჯერჯერობით ზეწოლის ყველა ზომას იყენებს საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ ეს მშიერი პუბლიკა ევროპაში არ წავიდეს“ და ლგბტ ნახირმა საქართველოში მაგრად გაიჯეჯილოს!
5 წლის უკან