საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტი”-ს (CPT) ანგარიშთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, 2018 წლის სექტემბერში საქართველოში რეგულარული ვიზიტით იმყოფებოდა ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი, რომელიც, დადგენილი წესის თანახმად, გაუფრთხილებლად ეწვია რვა პენიტენციურ დაწესებულებას, ათ დროებითი მოთავსების იზოლატორს და სამ სამოქალაქო სექტორის ფსიქიატრიულ დაწესებულებას.
„დასკვნა ჩვენს უწყებებს 22 მარტს გადმოეცა და დღეს უკვე გამოქვეყნებულია. დასკვნა მოწმობს ერთს და მთავარს, რომ საქართველოში, როგორც დროებითი მოთავსების იზოლატორებში, ასევე პენიტენციურ დაწესებულებებში, ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრილია სახელმწიფოს ძალადობა ადამიანზე, რაც წარსულის პრაქტიკა იყო.
მინდა პირველ რიგში, ჩემს კოლეგებს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მივულოცო ის წარმატება, რაც ამ დასკვნაში ცალსახად არის ხაზგასმული. უფრო მეტიც, CPT-ს ხელმძღვანელმა ამასწინათ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართული დროებითი მოთავსების იზოლატორების მართვის მოდელი, რომელიც ჩვენს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს, სხვა ევროპულმა ქვეყნებმაც უნდა გაიზიარონ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, CPT პენიტენციურ სისტემას გასული წლის შემოდგომაზე მაშინ ეწვია, როდესაც სასჯელაღსრულების და იუსტიციის სისტემები სულ ორი თვის გაერთიანებული იყო. იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ CPT -ს დასკვნის თანახმად, პენიტენციურ სისტემაში, ისევე, როგორც სხვაგან, პრაქტიკულად, არ არსებობს სახელმწიფოსა და თანამშრომლების მხრიდან პატიმარზე ძალადობის, ზეწოლის, ან სხვაგვარი არასათანადო მოპყრობის ფაქტები. ასევე პოზიტიურად არის აღნიშნული, რომ CPT-ის ბოლო, 2014 წლის ვიზიტის შემდეგ პატიმართა მთლიანი რიცხვი საქართველოში არ გაზრდილა, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ გადატვირთულობის პრობლემა ციხეებში მთლიანობაში აღმოფხვრილია.
„პოზიტიურად არის შეფასებული ის საკანონმდებლო მრავალმხრივი ცვლილებები, რაც განვახორციელეთ ამ ხელისუფლების პირობებში. პირველ რიგში, ხაზგასმულია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და N11 (არასრულწლოვანთა) დაწესებულება, რომელიც ამ კოდექსის წყალობით აღარ არის გადატვირთული და ბავშვთა უფლებები პენიტენციურ სისტემაში არის მაღალი ხარისხით დაცული. დადებითად არის შეფასებული სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონი, რომელიც სხვა უწყებების ჩართულობით იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით შემუშავდა და ძალიან მალე შევა ძალაში. პოზიტიურად არის შეფასებული ჩემი წინამორბედის ძალისხმევით, N7 პენიტენციური დაწესებულების დახურვა, რაც სწორედ CPT-ს მრავალი წლის რეკომენდაცია გახლდათ.
ასევე დადებითად არის შეფასებული 2013 წლიდან გაწეული ძალისხმევა და ციხეებში სხვადასხვა სახის ჰეპატიტის და ტუბერკულოზის აღმოფხვრის მხრივ მიღწეული წარმატებები.
მნიშვნელოვანია, უკვე ჩემი მმართველობის პერიოდისთვის და სამომავლო გეგმებისთვის, რომ CPT დადებითად აფასებს რუსთავში ორი ახალი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობას. ჩემი მხრიდან დავძენ, რომ ახალი ინფრასტრუქტურის წყალობით, ჩვენ იმ ძველ მემკვიდრეობასთან დამშვიდობებას შევძლებთ, რომელიც ამ ქალაქისთვის საკმაოდ პრობლემურია. უნდა გაუქმდეს ძველებური მოდელი, N17 დაწესებულების სახით. დადებითად არის შეფასებული ლაითურის ახალი პროექტის მშენებლობის დასრულება, რაც გეგუთის N14 ძველებური ტიპის დაწესებულების ჩანაცვლების საშულებას მოგვცემს“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
მისი თქმით, მატერიალური პირობები ციხეებში დადებითად არის შეფასებული, მათ შორის, ბათუმსა და ე.წ. „მატროსოვის“ ციხეში, ასევე პოზიტიურად არის შეფასებული პენიტენციურ დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურება, გარდა ფსიქიატრიული მკურნალობის დარგში არსებულ ხარვეზებისა.
თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ, რა თქმა უნდა, CPT-ს აქვს კრიტიკაც და რეკომენდაციებიც.
„პირველ რიგში, გამოვეხმაურები იმ შეფასებას, რომელიც არის ქსნის დაწესებულების ვიზიტის დროს გამოთქმული. დასკვნაში ე.წ. „პატიმართა შორის იერარქია“ იყო მოყვანილი და გაკრიტიკებული. ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ცნობილია, რადგან CPT -მ როგორც 2004 წელს, ასევე 2012 წლის ნოემბერში ჩვენს სახელმწიფოს უსაყვედურა და შესაბამისი რეკომენდაციებიც არის გაცემული, თუმცა პრობლემა დღეს კვლავ არსებობს და ერთადერთი გამოსავალი სწორი მენეჯმენტისა და ევროპული ციხეების სისტემაზე გადასვლისთვის გახლავთ ახლებური ინფრასტრუქტურის შექმნა. თანამშრომლებზე მეტი ზრუნვა არის რეკომენდაცია პენიტენციური დაწესებულებებისთვის, რაც ორი სისტემის გაერთიანების შემდეგ დაწყებულია და გაგრძელდება იმისთვის, რომ სახელმწიფო იყოს ძლიერი.
CPT -ს აზრით, გადასახედია პატიმართა უფლებების უფრო მაღალი ხარისხით დაცვა. ვინაიდან პატიმართა წამების პრობლემა აღმოფხვრილია, აქცენტი გადატანილია მათ უკეთეს რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე, რაც ასევე არის აღიარებული იუსტიციის მინისტრის 22 თებერვლის ბრძანებით“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.