ორი დღის წინ სამართალდამცავებმა ე.წ. მამიდა როენა ხუცურაული დააკავეს. ხუცურაულის დაკავებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რა ბედი ელის დაკავებულ მამიდას ამას სასამართლო გადაწყვეტს.
ის დუმილის უფლებას იტოვებს, ამ დრომდე არ აკეთებს კომენტარს მისი ოჯახის წევრები.
"რეიტინგს" როენა ხუცურაულის დაქალი დაუკავშირდა, რომელიც მომხდარით შეშფოთებულია და ამბობს, რომ მამიდა ეკლესიურად ცხოვრობდა.
ჩვენმა რესპოდენტმა საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, რადგან შესაძლოა ამის გამო სამსახურიდან გაუშვან.
ი.თ-ს და როენა ხუცურაულის მეგობრობა წლებს ითვლის.
როგორ შეხვდით ქალბატონი როენას დაკავებას, მოულოდნელი იყო თქვენთვის?
- სრულიად შემთხვევით ვნახე მეგობარი-ჟურნალისტის გაზიარებული პუბლიკაცია როენას დაკავებასთან დაკავშირებით და შოკში ჩავვარდი. წარმოუდგენელი ამბავი იყო, როგორ შეიძლება როენაზე ხელების შეწმენდა. ის რაც საქართველოში ხდება როენას დაკავებით არის ამაზრზენი. საზოგადოებას თვალებს უბრმავებენ, ამას ჯობია ირანელების და თურქების ბარების პატრონებით დაიწყონ "გაწმენდა".
თავად როენა ხუცურაულს საიდან იცნობთ? რას გვეტყვით მის შესახებ?
- როენას შესახებ შემიძლია უამრავი დადებითი რამ ვთქვა, მაგრამ ლაკონურად ვიტყვი, არის უერთგულესი ადამიანი, რომელიც ბევრ პიროვნებას დაუდგა გვერდში გინდ მორალურად, გინდ მატერიალურად. ხელგაშლილი, მხიარული, ამავდროულად მკაცრი და სამართლიანია. სამაგალითო დედა და ბებია! ბოლო წლები ცხოვრობდა მოკრძალებულად, არ სვავს არ ეწევა, ძალზე მორწმუნეა!!!
ჩვენს ნაცნობობას რაც შეეხება - ძალიან საინტერესო ვითარებაში გავიცანი როენა. ერთ-ერთ წვეულებაზე, სადაც ჩემს გარდა იყო ძალიან ბევრი სხვა ცნობადი პირი, სუფრის თავში იჯდა ულამაზესი ქალბატონი. იმ საღამოს მე და ჩემი კოლეგა მივფრინავდით ევროპაში და შემოგვთავაზა გაგიყვანთ აეროპორტში, როცა მისი მანქანის ნომერი ვნახე, მაშინ მივხვდი ვინ იყო. ქალბატონი როენა არის უძვირფასესი ადამიანი, ჩემი საუკეთესო მეგობარი.
ოჯახის წევრები რას ამბობენ მის დაკავებაზე?
- რას იტყვიან მისი ოჯახის წევრები? ყველა შოკშია, იმიტომ რომ ბოლო წლები აქირავებდა სასტუმროს და ვინ ისარგებლებს ნომრებით და რა მიზნით , ეს რა როენას საქმეა??? მაშინ გააკონტროლონ რა მიზნით ქირავდება ყველა ბინა დღიურად და საათობრივად.
თქვენ ითხოვთ პროსტიტუციის ლეგალიზებას?
- რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს პროსტიტუციის ლეგალიზება.