„ხელისუფლებას რომ ფხა აკლია, ეს მარტო მაჩალიკაშვილის საქმეში არ ჩანს“

„ხელისუფლებას რომ ფხა აკლია, ეს მარტო მაჩალიკაშვილის საქმეში არ ჩანს“

ისევ სასაფლაო, ისევ ტერორისტული აქტი, ისევ აფეთქება. ეს სურათი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის უცხო არ უნდა იყოს. ანალოგიური სცენარით მოკლული იქნა იური ვაზაგაშვილი, თუმცა განსხვავება ის არის, რომ მამა შვილის საფლავზე ააფეთქეს, ამ შემთხვევაში კი, სუს–ის მტკიცებით, შვილი უნდა აეფეთქებინათ მამის საფლავზე. საქმე ეხება სუს–ის უფროსის ყოფილ უფორსს, იოსებ გოგაშვილს, რომელიც სუს–ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილს საკუთარი მამის საფლავზე უნდა აეფეთქებინა.

საქმეს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიეცა, თუმცა ამის მიუხედავად, ტერორიზმში ბრალდებული მაჩალიკაშვილი თავისუფალია. ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ სუს–ის გოგაშვილმა მას შვილი მოუკლა და ამ გზით ცდილობენ მის განეიტრალებას. შურისძიების მოტივით მკვლელობა, მით უფრო ტერორისტული აქტი, ძალიან მძიმე დანაშუალია. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, საგამოძიებო სტრუქტურის პასიურობა უკავშირდებოდეს კონსულტაციებს აშშ–ის შესაბამის სამსახურთან.

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

მიუხედავად იმისა, რომ საქმე ეხება ტერორისტულ აქტს, კითხვის ნიშნები მაინც გაჩნდა ამ საქმეში. საზოგადოების ერთ ნაწილს სარწმუნოდ არ მიაჩნია სუსის ბრალდება, მეორე ნაწილი ამბობს, რომ სიმართლესთან გვაქვს საქმე. როგორ შეიძლება ავხსნათ ის გაურკვევლობა, რომელიც ამ საქმეში გაჩნდა?

რამაზ საყვრელიძე: მჯერა- არ მჯერა, ჩვენთანაც და ყველაგან, ძალიან ხშირად დამოკიდებულია იმაზე, მოსწონს თუ არა საზოგადოებას განცხადების ავტორი. ვინც მოსწონთ იმის ნათქვამი სჯერათ, ხოლო ვინც არ მოსწონთ, თავისთავად არ სჯერათ. ასე რომ, ეს მჯერა-არ მჯერა პოლიტიკური განწყობილებების გარკვეული გამოძახილია.

თუ ვეცდებით, რომ მეტ–ნაკლებად პოლიტიკური ემოციების გარეშე შევხედოთ ამ საქმეს, მაშინ მე მგონია, ვერსია, რომ შეიძლება რაღაცა ჩანაფიქრი იყოს ამ ნაბიჯებში, გამორიცხული არ არის. მით უმეტეს შურისძიების თემა კავკასიელებში გავრცელებულია და მუქარებიც ისმის მაჩალიკაშვილისგან. მაჩალიკაშვილი უკან არ იხევს და პირიქით გამართლებას უძებნის მის განცხადებას.

ამბობს, რომ შესაძლოა, ცხელ გულზე თქვა ასეთი ფრაზა...

– ცხელ გულზე შეიძლება თქვა, ცხელი გულის მეტი რა არის საქართველოში, ყველამ რომ იგივე იძახოს, სურათი იქნება მძიმე. ამბობს, რომ ფაბრიკაცია არისო, ასეთი სატელეფონო საუბრები არ მქონიაო. რაც ვნახეთ, არ არის სატელეფონო ჩანაწერი და მით უარესი. გნებავთ სატელეფონო იყოს, ან უშუალოდ ჩანაწერი, ამ შემთვევაში ხელისუფლებისთვის აუცილებელია ფალსიფიკაცია? თუ ხელისუფლება მიდის ფალსიფიკაციაზე, ე.ი. მას რაღაცა მოტივი უნდა ჰქონდეს – რა არის მოტივი, მაჩალიკაშვილი? მაგრამ, ხელისუფლებისთვის მაჩალიკაშვილი, როგორც მოტივი რომ იყოს, ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ 15 წუთში აიყვანდნენ.

სწორედ ეს აჩენს გაურკვევლობას საზოგადოებაში, რომ ადამიანი, რომელიც სუსის მტკიცებით გეგმავდა ტერორისტულ აქტს, აძლევდნენ მოქმედების საშუალებას და დღემდე არ არის დაკავებული. ლოგიკური კითხვაა, რატომ არ იჭერენ მაჩალიკაშვილს და რატომ უფრთხილდებიან ამ ნაბიჯის გადადგმას, თუკი გეგმავდა ტერორისტულ აქტს?

– მაშინ ფალსიფიკაციას რატომ აკეთებს? ორი სხვადასხვა თემა არის. ხელისუფლება ვერ ავლენს პრინციპულობას, საქმიან მიდგომას და ა.შ. მეორე თემაა, რომ ხელისუფლება აკეთებს ფალსიფიკაციას. ფალსიფიკაციას თუ აკეთებს, ასეთ შემთხვევაში პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გაეკეთებინა – დაეკავებინა მაჩალიკაშვილი. თუ ვერ იჭერს, მაშინ რად უნდა საქმის ფალსიფიკაცია? ანუ, ეს ორი ვერსია ერთმანეთს ვერ ებრძვის. ხელისუფლებას რომ ფხა აკლია, ეს მარტო მაჩალიკაშვილის საქმეში არ ჩანს. სულ ახლახანს იყო პანკისი, ორივე მინისტრმა აღიარა, რომ მოუმზადებლები იყვნენ და დაუფიქრებლად შევიდნენ. იქაც ფხა აკლდა ხელისუფლებას, რაღა მაჩალიკაშვილზე გაგვიკვირდა, რომ ფხა აკლიათ? ანუ, ხელისუფლება თავის სტილს არ ღალატობს. მოქმედებს ნელა, დაუფიქრებლად და ძალიან ხშირად მოქმედებს ისე, რომ საქმე საბოდიშოდ უხდება. მაგრამ თავისთავად ასეთი სტილით მოქმედება არ გულისხმობს იმას, რომ ის აუცილებლად ფალსიფიკაციას აკეთებს - პირიქით.

გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებას ხშირად უწევს ბოდიშის მოხდა, ამ შემთხვევაში თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, რამდენად გასაანალიზებელია ყველა შესაძლო სცენარი, თუნდაც იგივე დაკავება და თვითონ ეს თემა რამდენად საშიშია ხელისუფლებისთვის, რომელსაც როგორც თქვენ ამბობთ ფხა აკლია?

– თავისთავად ყველა თემა არის საშიში. მით უმეტეს ეს თემა. პანკისის ისტორიაზე იყო ნათქვამი, რომ ხელისუფლებამ ჩიხში შეიყვანა თავისი თავიო. ან ახლა უნდა დაიჭიროს ისინი, რომლებმაც პოლიციაზე ხელი აღმართესო და ითქვა ისიც, რომ ამით პანკისელებს გააღიზიანებსო, მაგრამ არ დაიჭიროს და, მაშინ, უმართაობის შთაბეჭდილება შეიქმნება ქვეყანაში და დაიწყება უმართაობაო. ანალოგიური მდგომარეობა არის აქაც. ან უნდა დაიჭიროს მის მიერვე გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე მაჩალიკაშვილი და მთელი საგვარეულო. ეტყობა, რომ მისი საგვარეულოდან არიან მოქმედი პირები ჩართული ამ საქმეში, ან, არადა, მაშინ, ხელისუფლება თავს გამოავლენს, როგორც უსუსური და არაფერი არ შეუძლია. ანუ, ისევ შევიდა ისეთ სიტუაციაში, სადაც ურისკო და მომგებიანი შედეგი არ არის. ამ სცენარის დამთავრების ყველა ვარიანტს თავისი უარყოფითი მხარე აქვს ხელისუფლებისთვის.

ხელისუფლების მიერ დაშვებულმა შეცდომამ შეიძლება უმართავი გახადოს სიტუაცია რეგიონში? სუსის ამტკიცებს, რომ ეს ადამიანი გეგმავდა ტერორისტულ აქტს, სწორედ სუსის უფროსი თავის ანგარიშიი ამბობდა, რომ უცხო ქვეყნის სპეცსასამხურები საქართველოში ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივებით არიან დაინტერესებული და მათ გეგმაში შედის საზოგადოებაში დესტაბილიზაციის გაჩენა...

– ალბათ, ელოდებიან ამერიკელების კონსულტაციას. ჩვენების მთელი პრობლემა იმაშია, რომ შეეჩვივნენ დაღებულ პირში ვიღაცამ ჩაუდოს ლუკმა. რა თქმა უნდა, პრობლემა არის რუსეთის მხრიდან ინტერესი, ისევე როგორც ადრე პანკისის თემა იყო ბერკეტი რუსეთისთვის საქართველოზე ზეწოლის. უბრალოდ 90–იანი წლებისგან განსხვავებული სიტუაცია არის იმ მხრივ, რომ მაშინ სხვა ვითარება იყო.

ამ ორ სიტუაციას ერთი მსგავსება აქვსტერორიზმი?

– მაშინ შევარდნაძემ გამოაცხადა, რომ პანკისში ტერორისტები არიანო და 15 წუთში ჩამოვიდა ამერიკა პანკისში და თქვეს, რომ ჩვენ აქ უნდა ვიდგეთო. ასე შემოიყვანა შევარდნაძემ ამერიკელი კონსულტანტები, მრჩევლები და აღარც გაუყვანია მერე. ანალოგიური მდგომარეობა შეიძლება მოხდეს ახლა. გაძლიერდეს ამერიკული ფაქტორი და აქტივობა ამ განცხადებების ფონზე. ასე რომ, ჯერ დასკვნების გაკეთება ნაადრევია. ქართული მხარე ამ თემატიკაში და ამ შემთხვევაშიც მარტო არ არის, ისევე როგორც არ იყო მაშინ. რუსულ სპეცსამსახურებს, ისევე როგორც მაშინ, დაუპირისპირდება ამერიკული სპეცსამსახურები. მოლოდინი, რომ შუღლი გაღვივდება, არ უნდა გვქონდეს, მით უმეტეს დღეს, რადგან დღეს უფრო მეტია ამერიკის ინტერესი იმაში, რომ საქართველოში არ დაირღვეს სტაბილურობა და რუსული ფაქტორი მანიმუმზე იყოს დაყვანილი.