დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან მიმართებით დღემდე არსებული კომისიების მოღვაწეობამ შედეგი ვერ გამოიღო, რადგან აზერბაიჯანელები არ თმობდნენ საქართველოს ძნელბედობის შედეგად მითვისებულ ტერიტორიებს. ამის მიუხედავად, ქართველ ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ დავით გარეჯთან მიმართებით კომისიების შეცვლა დღევანდელ პროცესზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან ეს საკითხი პოლიტიკურ დონეზე უნდა გადაწყდეს და, თუ არ მოსწონთ აზერბაიჯანელებს ის ტერიტორია, რომელსაც ვთავაზობთ, იქნებ, თავად გვითხრან საკუთარი ვარიანტი. რაც მთავარია, ქართული მხარე უნდა ეცადოს, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში შემავალი უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრები არ მოწყდნენ ერთიან 24-მონასტრიან კომპლექსს, რომელიც დიდ ტერიტორიაზე მდებარეობს მდინარე მტკვარსა და იორს შორის.
როგორც ცნობილია, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაახლოებით 2,5 კილომეტრზეა განთავსებული და ამჟამად 20-ზე მეტი ისტორიული ძეგლისგან შედგება. მათ შორისაა საბერეები, თეთრი უდაბნო, ნათლისმცემელი, წინწყარო, ქოლაგირი, ჩიჩხიტური, თეთრი სენაკები, დოდოს რქა, დიდი ქვაბები, უდაბნო, დავითის ლავრა, მრავალწყარო, პირუკუღმარი, შავი სენაკები, ბერთა მთა, განსაშორი, ბერების სერი, სატორგე, კოწახურა, ბერთუბანი (სადაც თამარისა და ლაშა-გიორგის პორტრეტებია), მღვიმე, პატარა ქვაბები, ვერან-გარეჯა.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი დავით მუსხელიშვილი, რომელიც საბჭოთა პერიოდის შემდეგ საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრი გახლდათ, For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დავით გარეჯის კომპლექსი დაარსებიდან დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობდა, იგი ქართული ძეგლი იყო და ეს ტერიტორია საკამათო არასდროს ყოფილა, რადგან ყოველთვის ჩვენი ტერიტორია იყო. დღესდღეობით ამ საკითხს მოგვარებაც კი არ სჭირდება, მთავარია, აზერბაიჯანელებმა გაიგონ, რომ ეს ქართული ძეგლია, არავითარი ალბანური დ აზერბაიჯანული იქ არ არის და ეს ყველაფერი სისულელეა. უბრალოდ, 1921 წელს აღნიშნული ტერიტორია ბოლშევიკებმა გადასცეს აზერბაიჯანელებს და ახლა მათ ტერიტორიად ითვლება.
„მე ისტორიკოსი ვარ და ისტორიული საბუთებით შემიძლია საუბარი. დავით გარეჯში მე-7 საუკუნის წარწერებია. იქაური სტელა დავით გარეჯიდან უკვე მუზეუმშია გადატანილი. თავის დროზე ელდარის ველის ნაწილს აძლევდნენ აზერბაიჯანელებს ამ ტერიტორიის სანაცვლოდ, მაგრამ ისინი არ თანხმდებოდნენ. საქართველო დღესაც მზად არის, აზერბაიჯანს აუნაზღაუროს ტერიტორიული „დანაკარგი“, მართალია, ეს აზერბაიჯანის ტერიტორია არ არის, მაგრამ ბოლშევიკებმა რაც გადასცეს, იმაზეა საუბარი“, - აცხადებს დავით მუსხელიშვილი.
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გაეროს სერთიფიცირებული ექსპერტი უძრავი ქონების (მიწის) საკითხებში ანზორ მესხიშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დავით გარეჯში წარმოქმნილი პრობლემა იმის შედეგია, რომ არ არსებობს მიწის კოდექსი, მიწის ბალანსი, 2004 წელს გაუქმდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი, ასევე, გაუქმდა მიწათმოწყობისა და მიწათსარგებლობის სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტი ინსტიტუტი, სადაც არსებობდა საიდუმლო რუკები, რომლებშიც ძვ.წ. აღრიცხვიდან დაწყებული, საზღვრის ყოველი კვადრატული მეტრი გაზომილი იყო. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი დაკარგეს და გადაყარეს.
„ახლა ერთადერთი საშუალებაა ცნობილი მეცნიერის, პროფესორ ნაუმი ტურაბელიძის წიგნი, სადაც კოორდინატთა სისტემაში მოცემულია საქართველოს საზღვრები თითოეული მეტრისა და სანტიმეტრის სიზუსტით. ეს ყველაფერი გაკეთდა ძველი რუკების საფუძველზე. ამიტომ უნდა იხელმძღვანელონ ამ წიგნით. ბატონ ნაუმის შევთავაზე კიდეც, შესულიყო ამ კომისიაში, მაგრამ ასაკოვანი კაცია და ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს. ამას წინათ ტელევიზიით გამოვიდნენ, შეიქმნება დავით გარეჯის საკითხის შემსწავლელი კომისია და ამ კომისიაში უნდა შევიყვანოთ ხელოვნების, კულტურისა და განათლების მუშაკებიო. კი ბატონო, კომისიაში კულტურის, განათლების სფეროს მუშაკებიც უნდა იყვნენ, მაგრამ მთავარია, რომ ამ კომისიაში შევიდეს მიწათმომწყობი და გეოდეზისტი. მთავარია, მათ იხელმძღვნელონ უკვე არსებული ისტორიული რუკებით“, - აცხადებს ანზორ მესხიშვილი.
For.ge ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, აკადემიკოს ნაუმი ტურაბელიძესაც დაუკავშირდა. მან აღნიშნა, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ტერიტორია ყოველთვის საქართველოს ეკუთვნოდა, მაგრამ ახლა საჭიროა ამ საკითხზე შეთანხმებას მივაღწიოთ, რადგან თავის დროზე ორჯონიკიძემ ჩვენი მიწები ყველას დაურიგა.
„ჩემს წიგნში „საადგილმამულო ურთიერთობის საფუძვლები“ 1921 წლის საზღვარიც მაქვს სიმაღლეების მიხედვით მოცემული. იმ პერიოდში ეს ტერიტორია საქართველოს შემადგენლობაში იყო, მერე შეიცვალა რაღაცები და ჩემს წიგნში ახალი გეგმებიც შევიტანე, ეს ყველაფერი უნდა შეუდარონ ერთმანეთს და რეალობას დაადგენენ. რაც მთავარია, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან მიმართებით ისტორია ჩვენს სასარგებლოდაა, ეგ ტერიტორია ყოველთვის ჩვენი იყო, 1921 წელს 93 000 კვ. კილომეტრი იყო საქართველოს ტერიტორია, მაგრამ ორჯონიკიძემ გააჩუქა ქართული მიწები, სხვადასხვა ხალხმა წაიღო ჩვენი ტერიტორია და ამის შემდეგ 69 700 კვ.კილომეტრიღა დარჩა ქართული მიწა. სხვათა შორის, საზღვრის ამ სადავო მონაკვეთთან დაკავშირებით მუშაობდა ივერი მელაშვილი, მიწათმოწყობის სპეციალისტი, იგი ჩემი სტუდენტი იყო და უკვე 40 წელია, საზღვრების თაობაზე მუშაობს“, - აღნიშნა ნაუმი ტურაბელიძემ.