„მზად ვარ, დისკუსიაში გამოვიწვიო ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ამტკიცებს, რომ დღეს შესაძლებელია საქართველოს ნეიტრალიტეტი“

„მზად ვარ, დისკუსიაში გამოვიწვიო ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ამტკიცებს, რომ დღეს შესაძლებელია საქართველოს ნეიტრალიტეტი“

პირველად ბერძნულმა ქალაქებმა დაამკვიდრეს ნეიტრალიტეტი, მაგრამ მალევე მიხვდნენ, რომ ალექსანდრე მაკედონელის მამა-ფილიპე ცალ-ცალკე ყველას დაიპყრობდა, ამიტომაც გააუქმეს ნეიტრალიტეტი.

დღეს საქართველოს ნეიტრალიტეტზე მსჯელობა ისევ აქტუალურია. „პატრიოტთა ალიანსი“ 27 მაისიდან აქციების დაწყებას აანონსებს და პირობას დებს, რომ აქციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა „სამხედრო მიუმხრობლობა“ იქნება. ირმა ინაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის უნიკალურია სამხედრო მიუმხრობლობა, გარდა ამისა, „პატრიოტები“ თავდაცვის ბიუჯეტის შემცირებასაც ითხოვენ.

რას მოგვიტანს ნეიტრალიტეტი და არის თუ არა ეს შემოთავაზება პუტინის სატყუარა?! ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.

ნეიტრალიტეტის მოწინააღმდეგეები პატრიოტთა ალიანსს ისტორიულ გამოცდილებას შეახსენებენ, რომ 1921 წელს რუსული აგრესია სწორედ მაშინ დაიწყო, როცა საქართველომ ნეიტრალიტეტი გამოაცხადა და ბოლო უცხოური ქვედანაყოფი საქართველოდან გავიდა. დღესაც ამ თემის შემოგდება რუსული დაკვეთა ხომ არ არის?

- ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით ერთ ამბავს გავიხსენებ. ჯერ კიდევ 80-იანი წლების დასაწყისში, როდესაც მე შევარდნაძის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი ვიყავი, სამსახურეობრივი მოვალეობის გამო მნიშვნელოვანი შეხვედრები მიხდებოდა. მაშინ ოლქის მთავარსარდალი იყო რეუტი, ხოლო ბალუევსკი იყო რუსეთის გენშტაბის უფროსი. მათთან გვქონდა მოლაპარაკება და ამ მოპარაკებაში ჩემთან ერთად მონაწილეობას იღებდა ახალგაზრდა, ნიჭიერი ბიჭი, კარგი დიპლომატი, გვარად ლომაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროდან. რეუტისა და ბალუევსკის მოთხოვნა იყო, კი ბატონო, ჩვენ გავალთ აქედან, წავალთ საქართველოდან, მაგრამ ჩანაცვლება რომ არ მოხდეს, გახდით ნეიტრალები, დაიკავეთ ნეიტრალური პოზიცია. მაშინ ჩვენი მოსაზრება ასეთი იყო, ნეიტრალიტეტს უნდა აღიარებდეს ყველა ჩვენი მეზობელი, გარდა ამისა, იმდროინდელ ყოფილ საბჭოთა კავშირში ნეიტრალიტეტის მხოლოდ ერთი პრეცედენტი იყო, ეს იყო თურქმენეთთან მიმართებით, რომლის ნეიტრალიტეტიც გაერომ აღიარა გარანტიით. ჩვენ ვეუბნებოდით რუსებს, კი ბატონო, ნეიტრალურნი იმ შემთხვევაში ვიქნებით, თუ გვექნება გაეროს გარანტია ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, ანუ ჯერ გადაწყდეს ჩვენი ტერიტორიული დავა აფხაზებთან, ოსებთან, შევთანხმდეთ, ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს და ამის შემდეგ გაერო თუ დაგვეთანხმება, როგორც თურქმენეთის შემთხვევაში მოხდა, გავხდებით ნეიტრალურნი.

ჩვენ არ ვიყავით თანახმა, მაშინვე გამოგვეცვალა კურსი, რადგან ტერიტორიული დავა არსებობდა და ყველაფერი გაურკვეველი იყო. რუსეთს ამის წინააღმდეგ არგუმენტი არ ჰქონდა. ისინი ნდობის ფაქტორით აპელირებდნენ, მაგრამ ნდობის ფაქტორი დიპლომატიასა და საგარეო პოლიტიკაში ისეთი საქონელია, რომელზეც მოთხოვნილება არასდროს არ არის. მართალია, იმ პერიოდში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს რუსეთის მხრიდან აღიარება არ ჰქონია, მაგრამ საქართველოს ეს ორივე რეგიონი, ფაქტობრივად, რუსული სპეცსამსახურებით იყო გამოტენილი და რუსეთის გავლენის ქვეშ იყო.

თვითონ ნეიტრალიტეტის იდეა მთელ მსოფლიოში სულ უფრო კარგავს მიმზიდველობას. ევროპაში შვეიცარიის გარდა კიდევ რამდენიმე ქვეყანაა ნეიტრალური, თუნდაც სკანდინავიის ერთი-ორი ქვეყანა, მაგრამ რომელ ნეიტრალიტზეა საუბარი, როდესაც იგივე ქვეყნები ევროკავშირის წევრები არიან, ზოგიერთი მათგანი ევროსაბჭოს წევრიცაა. ამიტომ უკვე ნეიტრალობაც შეუძლებელი ხდება. ამ ისტორიულ ჭრილში ნეიტრალიტეტის კლასიკური მაგალითი - შვეიცარიაც აღარ არის ისეთი ნეიტრალური, როგორც იყო, ვთქვათ, 50, ან 100 წლის წინ. შვეიცარიაც ძალიან ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანდა. ამიტომ ეს პრაქტიკულად შეუძლებელია.

შვეიცარიას ევროპაში ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი და ძლიერი არმია ჰყავს და ყოველი შვეიცარიელი მამაკაცი წელიწადში ერთი თვე აუცილებლად მსახურობს ჯარში. ნეიტრალიტეტი ძლიერთა ხვედრია, ჩვენ კი ვართ ასეთი?

- შვეიცარიას უძლიერესი არმია ჰყავს, ეს ქვეყანა ძალიან დიდ ფულს ხარჯავს შეიარაღებისთვის. ამ დროს კი ჩვენები ითხოვენ, საერთოდ ნულზე დავიყვანოთ სამხედრო ხარჯები. ყველაფერს თავი დავანებოთ, ჩვენ არც ერთ მეზობელთან, გარდა თურქეთისა, საზღვარი არ გვაქვს დადგენილი. არავინ სცემს პატივს ნეიტრალიტეტს. პირადად მე მზად ვარ, დისკუსიაში გამოვიწვიო ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც ამტკიცებს, რომ დღეს შესაძლებელია საქართველოს ნეიტრალიტეტი. რა თქმა უნდა, თუ შენ დაცვის სრული გარანტია გაქვს, ნეიტრალიტეტი ძალიან კარგია, ამას რას სჯობს, როცა არავინ გედავება, საზღვრები დადგენილი გაქვს, არავის შენთან პრეტენზია არ აქვს. ცხადია, სჯობს, ყველასთან იმეგობრო, ვიდრე ყველასთან დაძაბული ურთიერთობა გქონდეს, მაგრამ დღეს საქართველო სუყველგან კონფლიქტშია.

ნეიტრალიტეტს თუ გამოაცხადებს საქართველო, მაშინ დასავლეთის თვალში მიმზიდველობას დავკარგავთ და ამერიკას ჩვენს დასაცავად ინტერესი აღარ ექნება?

- სიმართლე გითხრათ, ამერიკის თვალში საქართველოს მიმართ დიდ მიმზიდველობას ვერც ახლა ვხედავ. კი ბატონო, არსებობს სამხედრო კავშირი, მაგრამ ეს ძალიან მიჩუმათებული, მორიდებული, არასაჯაროა. ცხადია, პენტაგონის გეგმებში საქართველოს, ალბათ, რაღაც ადგილი უკავია, სხვანაირად პენტაგონი ამდენ ფულს არ დახარჯავდა სამხედრო-საზღვაო ფლოტის ერთობლივ წვრთნებზე, ტანკი „აბრამსის“ ჩამოყვანაზე, მაგრამ ეს აბსოლუტურად არ არის საკმარისი, რომ ქვეყანა თავდაცვისუნარიანი, დამოუკიდებელი გახდეს.

სიტუაცია დაახლოებით ბერძნული ქალაქების ანალოგიური ხომ არ არის, რომელთაც უარი თქვეს ნეიტრალიტეტზე, რადგან მიხვდნენ, რომ ალექსანდრე მაკედონელის მამა-ფილიპე ცალ-ცალკე ყველას დაიპყრობდა?

- ფილიპე მაკედონელმა ყველა ნეიტრალური ქალაქი დაანგრია, დაარბია, ზოგიერთი მათგანი მაკედონიას მიუერთა. ნეიტრალიტეტი მსოფლიო ისტორიაშიც არ ამართლებდა, ერთადერთი შვეიცარიის მაგალითია უნიკალური, ეს იმით აიხსნება, რომ შვეიცარია თვითონ იყო ფინანსური ცენტრი, შვეიცარიელი „გნომების“ (ბანკირების) და შვეიცარიული ბანკების ნეიტრალიტეტი ყველას აინტერესებდა, თვით ჰიტლერსაც კი. გამოთქმაც კი იყო ამასთან დაკავშირებით, „საიმედოა ისე, როგორც შვეიცარიის ბანკიო“, მაგრამ საქართველო როგორ უნდა გახდეს ნეიტრალური? ეს ხომ გამორიცხულია? საქართველოს ისეთი მდებარეობა უჭირავს, რომ ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება ნეიტრალური. წარმოვიდგინოთ ომი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რაც რეალობაა, რუსეთმა ამ დროს რომ გადაწყვიტოს საქართველოზე გავლით თავისი სამხედრო ნაწილებით მოამარაგოს სომხეთი, როგორ გგონიათ, რუსეთი საქართველოს ნეიტრალიტეტს რამედ დაგიდევს? ამიტომ ნეიტრალიტეტი კარგია, თუ ყველა მეზობელი აღიარებს საერთაშორისო იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტაციას და ამას აღიარებს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, როგორც ეს მოხდა თურქმენეთთან დაკავშირებით. სხვათა შორის, თურქმენეთის ნავთობი, გაზი ყველას აინტერესებდა და იქ არავის აწყობდა ომი და უბედურება. მე არ გამოვრიცხავ, „პატრიოტები“ მართლაც პატრიოტები იყვნენ, მართლაც კარგი უნდოდეთ საქართველოსთვის, ბოლოს და ბოლოს, ისინი ამ ქვეყანაში ცხოვრობენ, მათი შვილები, შვილიშვილები აქ უნდა დაბერდნენ, არც ინაშვილი, არც თარხან-მოურავი აქედან წასვლას არ აპირებს, ეს ნამდვილად ვიცი, მაგრამ რელობას გავუსწოროთ თვალი. ერთია ჩვენი სურვილები, მეორეა მწარე რეალობა. კი, „პატრიოტთა ალიანსს“ რუსეთთან შერიგებაც უნდოდა, რამდენჯერმე ჩავიდნენ კიდეც რუსეთში, მაგრამ შედეგი?! თავიდანვე ვამბობდი, ამით არაფერი გამოვიდოდა, რადგან მათ მცდარი გზა აირჩიეს - რა უნდოდათ სნგ-ს კომიტეტში?! ისინი, როგორც სუვერენული ქვეყნის წარმომადგენლები, უნდა შესულიყვნეს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტში. „პატრიოტებმა“ იმასაც კი ვერ მიაღწიეს, რომ აფხაზეთში საფლავებთან თავისუფლად მისვლის უფლება ჰქონოდათ. სრული კრახით დამთავრდა ეს ვიზიტი. დღესაც ნეიტრალიტეტი მათი ახალი იდეაა, მაგრამ, თუ ამ ყველაფერს მეცნიერული, პროფესიონალური საფუძველი არ უდევს, ნებისმიერი იდეა განწირულია. რასაც ისინი აცხადებენ, ყველაფერი სიმართლეა, სიმართლეა ისიც, რომ ხარჯების შემცირება კარგია, შეიარაღება თუ აღარ იქნება, ესეც კარგია, თუმცა ისიც სიმართლეა, შემცირებული ხარჯები სად წავა? ეს ხომ არავინ იცის? დამშვიდდება თუ არა რუსეთი, ესეც სადავოა, რადგან რუსეთმა მშვენივრად იცის, საქართველოს ნატოში არ მიიღებენ. ეს ჩვენზე კარგად იცის. რუსეთისთვის მთავარი ის კი არ არის, რომ საქართველო თავისთვის ნეიტრალურად იყოს, არამედ რუსეთისთვის მთავარია, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეზე რუსული გავლენა დაამყაროს. ამიტომ ნეიტრალიტეტის თაობაზე საქართველოში რეფერენდუმი უნდა მოეწყოს, თუნდაც იმავე შვეიცარიაში გადასახადი 5 ფრანკით რომ გაიზარდოს, რეფერენდუმი ეწყობა. ჩვენთან კი რეფერენდუმი არც ჩატარებულა, ერთი რეფერენდუმი იყო მხოლოდ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ამიტომ ჩავატაროთ რეფერენდუმი.

ნაციონალებიირწმუნებიან, რომ საქართველოს ნეიტრალიტეტის იდეას პატრიოტთა ალიანსი სწორედ ხელისუფლებასთან შეთანხმებით ახმოვანებს.

- ეს არ ვიცი, მაგრამ „პატრიოტთა ალიანსი“ ამას რომ ითხოვს, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, ეს დემოკრატიული პროცესია. ამიტომ ჩატარდეს რეფერენდუმი, იყოს ღია დისკუსია, კულტურული დიალოგი, ისეთი კი არა, როგორც „ტვ პირველზეა“, სადაც რესპონდენტები ერთმანეთს დედას არ აგინებენ, თორემ სხვას არაფერს აკლებენ. მომენატრა მეცნიერული დისკუსია, როგორც ეს 30-40 წლის წინ ხდებოდა. იმ პერიოდში დისკუსიების მონაწილე ვიყავი, ეს იყო დისკუსიები ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე, სოლიდური არგუმენტებით.