მაჩალიკაშვილს ბრალს წაუყენებენ

მაჩალიკაშვილს ბრალს წაუყენებენ

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სუს–მა ასლან მარგოშვილი დაკითხა. გამოძიება მარგოშვილით მალხაზ მაჩალიკაშვილთან კომუნიკაციიდან გამომდინარე დაინტერესდა. მან გამოძიებას გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა, რაზეც, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ საუბრობს. როგორც სუს–ში განმარტავენ, მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობა ჰქონდა განზრახული.

მალხაზ მაჩალიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ საუბრის ჩანაწერი სიმართლე იყოს, თუმცა აცხადებს, რომ ტერაქტი მიზნად არ ჰქონია და „ასეთი ფიქრების“ შესახებ მხოლოდ მაშინ ლაპარაკობს, როცა ხელისუფლებას „მდგომარეობიდან გამოჰყავს“.

„ამ შემთხვევაში ტერაქტი საერთოდ უნდა გამოირიცხოს. მე ერთი წელია აქ ვდგავარ და ვიცავ სასტიკად მოკლულ თემირლანს, თუმცა მე ამ ფიცით ვარ გამოსული აქ, რომ დავიცვა მისი სახელიც და დავიცვა მთელ ქვეყანაში ახალგაზრდობა. ასეთი საუბარი მე მქონია რამდენიმე, როცა ამათ გამოვყავარ მდგომარეობიდან. ეს ჩემი ფიქრებია, თუმცა მიზანი არ მქონია. როცა მე ესენი ძალათ მამწარებენ... მხეცი ვერ გაუძლებდა და როცა მამწარებენ, მაქვს ხოლმე ასეთი საუბარი. არ მახსოვს, შესაძლოა მეთქვას, მაგრამ როცა ჯოჯოხეთში ვყავარ სუს-ს, იქ მინდა გავიგო ვინაა ჩემი მტერი – მისი ცოცხალიც მაინტერესებს, მისი მკვდარიც მაინტერესებს, მისი შთამომავალიც და მოდგმაც, თუმცა არა იმიტომ, რომ გავანადგურო, არამედ ვიცოდე, ვინაა ჩემი მტერი. თუ ჩემი ფიქრებიდან ამათ რაღაცის შექმნა უნდათ, მზად ვარ პასუხი ვაგო, მაგრამ თუ ტერორისტი ვარ, რატომ არ მაკავებენ?“, – აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

ახლა ამ სკანდალურ საქმეზე სამართლებრივი შეფასება პროკურატურის გადასაწყვეტია და ავთენტურობის დადასტურების შემდეგ, გაცილებით მეტი ინფორმაცია იქნება ცნობილი რასთან გვაქვს საქმე – ტერორისტული აქტთან, თუ მკვლელობის დაგეგმვასთან. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ეჭვის საფუძველი ნამდვილად არის, თუმცა ამბობს, რომ გამოძიებას უნდა დაველოდოთ.

„იმაზე მეტის თქმა არ შემიძლია, ვიდრე ყველამ ერთად ვიხილეთ. თავისთავად ცხადია, გამოძიებას უნდა დაველოდოთ. ჩვენ ასევე მოვისმინეთ სუს–ის ხელმძღვანელის ანგარიში პარლამენტის სესიაზე, სადაც მათ შორის საუბარი იყო ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე განხორციელებულ სპეცოპერაციაზე და იმ ჯგუფთან გარკვეულ კავშირებზე, აქაც გარკვეული კითხვები არსებობდა. ეჭვის საფუძველი ნამდვილად არის, დანარჩენზე ჩემი მხრიდან ზედმეტი კომენტარი არასწორი იქნება. გამოძიებას უნდა დაველოდოთ“, – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი თვლის, რომ ჩანაწერების ტირაჟირება, საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მიზნით, ტერორიზმთან ბრძოლის სამართლებრივი ფორმა არ არის. მისი თქმით, თუ ხელისუფლებას აქვს რაიმე საბუთი, რომელიც რეალურად ადგენს კავშირს მალხაზ მაჩალიკაშვილის სავარაუდოდ ტერორისტულ საქმიანობასთან, მაშინ ამას უნდა მოჰყვეს სამართლებრივი რეაგირება.

„სუს–ის მიერ მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არის პიარსვლა, რომ შეიქმნას საზოგადოებრივი აზრი მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით. საზოგადოებრივი აზრი არ არის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი. თუ ვცხოვრობთ კანონიერ სახელმწიფოში, კანონი არის ერთი და უზენაესი, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის და მისი შვილისთვისაც, რომელიც მოკვდა. ტერორიზმის საფრთხე არის მნიშვნელოვანი გამოწვევა ყველა სახელმწიფოსთვის და კანონი არეგულირებს მათ შორის იმას, როგორ ვებრძვით ჩვენ ამ საფრთხეს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ რაც არ უნდა გავრცელდეს მალხაზ მაჩალიკაშვილის თაობაზე, ეს არ არის პასუხი თემირლან მაჩალიკაშვილის დაღუპვაზე. დეპუტატის განცხადებით, კითხვები რაც აქვს საზოგადოებას და დაღუპულის ოჯახს, ეხება სპეცდანიშნულების დანაყოფის მიერ დაგეგმილ ოპერაციას და სასიკვდილო გასროლას.

„ამ საკითხზე არანაირი ინფორმაცია, არანაირი არგუმენტი და მტკიცებულება ხელისუფლებას არ წარმოუდგენია. რაც შეეხება მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერს, მასში საუბარია ძალიან სერიოზულ ქმედებებზე, რაც სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატურ მოქმედებას საჭიროებს“, – აღნიშნა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამ სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით კითხვები აქვთ სპეციალისტებს. „სპეცსასამხურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი ცენტრის“ თავმჯდომარე ბესიკ ალადაშვილი აცხადებს, რომ თუკი სუს–ში აქვთ დადასტურებული ინფორმაცია, რომ მზადდებოდა ტერორისტული აქტი, ასეთ შემთხვევაში დაკავებული უნდა იქნას საუბრის ორივე მონაწილე.

„მაგრამ, მთავარია, თუ აქვთ მტკიცებულებები. თუ მტკიცებულებები ხელოვნურად არის შექმნილი, ასეთ შემთხვევაში ძნელია მხოლოდ ჩანაწერის იმედზე ყოფნა. სუს–ის კომენტარით ირკვევა, რომ ეს ტელეფონით არ არის ჩაწერილი, არ არის გამორიცხული, რომ იყოს ვიდეოკადრებიც, რაც უფრო დამაჯერებელი იქნება.

გასაგებია, რომ აქ უკვე საზოგადოებრივი აზრის შექმნაზე არ არის საუბარი, მთავარია, რომ სასამართლოში საქმე არ დაიშალოს. გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ერთ–ერთი უმძიმესი მუხლი, ტერაქტის მომზადებას ედავებიან ადამიანს, მით უმეტეს, რომ ეს პოლიტიკურად ანგაჟირებული თემაა. აქ ფაქტობრივად სუს–ს დანის წვერზე მოუწევს გავლა, არ უნდა შეეშალოს არაფერი. აუციელებელია 99%–იანი მტკიცებულება“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ბესიკ ალადაშვილი.

ქვეყანა, რომ ახლა ბეწვის ხიდზე გადის, ამაზე საუბრობს ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე, რომელიც ასევე საუბრობს 100%–იან მტკიცებულების აუცილებლობაზე. კითხვაზე, იკვეთება თუ არა ტერორისტული აქტის საფრთხე, არეშიძე ამბობს, რომ რთული კითხვაა.

„პასუხი შეიძლება იყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოხდება ავთენტურობის განსაზღვრა. მე მგონია, რომ ძალიან რთული არ უნდა იყოს ამის გაკეთება, თან თვითონაც არ უარყოფს ამ ფაქტს. ამბობს, რომ ემოციურ ფონზე ვთქვიო. რაც შეეხება ხიფათს, მე მაგალითად პანკისში განვითარებული პროცესები ბევრად უფრო მწვავე მგონია, ვიდრე ეს შემთხვევა. თუმცა ესეც არ არის სასიამოვნო, დროა წერტილი დაესვას ამ ამბავს და გაირკვეს ვის, რა როლი მიუძღვის კანონის დარღვევაში, ადგილობრივ მოსახლეობის მხრიდან დაირღვა კანონი, თუ ხელისუფლების მხრიდან“, – აცხადებს მამუკა არეშიძე.

რაც შეეხება პროცესების შესაძლო გართულებას, ექსპერტი ამბობს, რომ მისთვის ბევრი რამეა ცნობილი, უფრო მეტი, ვიდრე თქმა შეუძლია.

„ძალიან რთული პროცესია, ძალიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანა დაინგრევა. ამას სჭირდება მოქნილი, დროული ნაბიჯები და პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდირებული მიდგომა და არა ისე, რომ ერთი ცდილობს გააკეთოს და მეორე ხელს უშლის“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას მამუკა არეშიძემ.

ანალიტიკოსის ამირან სალუქვაძის განცხადებით, როგორც საქართველოში, ასევე ზოგადად კავკასიაში და ევროპაში ტერორიზმის საფრთხე მუდმივად იარსებებეს, შემცირების ტენდენციები არ ჩანს. შესაბამისად, რამდენად კარგად მუშაობენ შესაბამისი უწყებები, ეს იქნება საგარეო დაზვერვა თუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სხვებთან კორდინაციაში, მოსახლეობის შესაფასებელია. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, როგორც სალუქვაძე ამბობს, აქ საინტერესოა საუბრის მონაწილე სუბიექტები, ჯერ უარყოფდნენ ამ შინაარსის საუბარს, შემდეგ უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ცხელ გულზე შეიძლება რაღაცა თქვეს. მისი თქმით, მაჩალიკაშვილი კარგად უნდა ჩამოყალიბდეს, ცხელ გულზე თქვა, თუ ამ საუბარს ადგილი ჰქონდა.

„როგორც ვატყობ სუს საკმაოდ თავდაჯერებულია ამ საუბრის ავთენტურობაში. თუ საუბარი ავთენტურია, მაშინ უკვე მივდივართ იმ ვითარებამდე, როდესაც თავის აფეთქებაზე საუბრობდა. შინაარსი არის საკმაოდ მძიმე, არ აქვს მნიშვნელობა ვის ეხება საქმე, საზოგადოების მისაღებ, თუ მიუღებელ პერსონას. ფაქტია, რომ საუბრის შინაარსი არის საკმაოდ მძიმე. რატომ არ ხდება დაკავება, ეს საგამოძიებო ორგანოს უნდა ჰკითხოთ, რამდენად აქვთ საკმარისი საფუძველი დაკავების“, – აცხადებს ამირან სალუქვაძე.

რაც შეეხება საფრთხეს, რომლის წინაშე შეიძლება ქვეყანა აღმოჩნდეს, სალუქვაძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში კარგად უნდა გავიაზროთ ორი კონტრტერორისტული ოპერაცია, რომელიც ჩატარდა. მისი თქმით, მინიმუმ პოლიტიკოსებმა უნდა გააკეთონ არჩევანი - სად და რომელ მხარეს დგანან, შეიძლება თუ არა ყველაფრით სპეკულირება და ყველა თემის პოლიტიკური ინტერსებისთვის გამოყენება.

„აქ პოლიტიკურ გემოვნებაზე არ არის საუბარი, რაღაც მორალურ ზღვარზე გავდივართ. ის რაც ხდებობდა, ვფიქრობ, ხეობამაც გაიაზრა - ნამდვილად იყო პრობლემები ადგილზე და შესაბამისად, ამას არანაირი გამწვავება არ გამოუწვევია.

ის რაც ახლა ხდებოდა ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, ამის დაკავშირება კონტრტერორისტულ ოპერაციებთან არაირად არ შეიძლება, თუ ეს კონტრტერირისტული ოპერაციები იყო კანონიერი, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ერთ ფაქტზე – თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებაზე და უნდა დაველოდოთ პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას. სხვა ყველაფერი: „განაწყენებული“, „გაბრაზებული“, „შვილმკვდარი“ ვერანაირად ვერ გაამართლებს იმას, რაც მოვისმინეთ და ვერც მამის განცხადებას, რომ ცხელ გულზე რაღაცა თქვა. ეს ფაქტი ვერანაირად ვერ გაამწვავებს ხეობაში და ქვეყანაში ვითარებას, თუ ამას პოლიტიკური ძალები და საზოგადოება არ შუწყობს ხელს. ეს არ არის მანიპულაციების და სპეკულაციების თემა. კარგად გავიაზროთ, რა ხდებოდა, რა უნდა მომხდარიყო და კანონის შესაბამისად ვიმოქმედოთ“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ამირან სალუქვაძემ.