„როდესაც საბჭოს წევრი უტიფრად  აცხადებს, რომ გახდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ეს არის კორუფციის მტკიცებულება“

„როდესაც საბჭოს წევრი უტიფრად  აცხადებს, რომ გახდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ეს არის კორუფციის მტკიცებულება“

გიორგი მიქაუტაძე, თამარ ალანია და გიორგი ტყავაძე – ჯერჯერობით მხოლოდ ამ სამეულმა გამოთქვა სურვილი, გახდნენ ქვეყნის პირველი მოსამართლე. სააპელაციო სასამართლოს კიდევ ერთ მოსამართლეს, მერაბ გაბინაშვილს ამ ეტაპზე არ აქვს გადაწყვეტილი, შეიტანს თუ არა ისევ განაცხადს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე. არსებული ინფორმაციით, ახალ სიაში ის მოსამართლეებიც იქნებიან, რომლებიც 2018 წლის დეკემბერს წარდგენილ ათკაციან სიაში იყვნენ დასახელებული, მათ შორის იგივე მიხელ ჩინჩალაძე და ნინო სანდოძე.

როგორც ცნობილია, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ათკაციანი სია პარლამენტს განსახილველად 2018 წლის დეკემბერში წარუდგინა. მაშინ სიაში იყვნენ თამარ ალანია, გიორგი მიქაუტაძე, მერაბ გაბინაშვილი, მიხეილ ჩინჩალაძე, ნინო სანდოძე და გიორგი ტყავაძე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო, უზენაეს სასამართლოში გამწესების მსურველთა განცხადებების მიღებას იწყებს, კანდიდატებს შეარჩევს მომავლ კვირას იწყებს და დასამტკიცებლად საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონი ძალაში უკვე შევიდა. კანონის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, რომ კანდიდატი წარადგინოს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა პარლამენტში სიის გადაგზავნამდე ოთხ ეტაპად გაიმართება. პირველ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო განაცხადების მიღებას დაიწყებს. საბჭო ფარული კენჭისყრით შეარჩევს მინიმუმ 45 პირს, ვისთანაც საჯარო გასაუბრებები დაიწყება.

გასაუბრების ეტაპზე საბჭო კანდიდატთა რაოდენობა შემცირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ვაკანსიების რაოდენობამდე და შერჩეული კანდიდატების სია პარლამენტში გადაიგზავნება. ბოლო ეტაპზე კი, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტისთვის მიუღებელი იქნება რომელიმე კანდიდატი, მაშინ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საკანონმდებლო ორგანოს უნდა წარუდგინოს ისეთი კანდიდატი, რომელიც კანდიდატების შერჩევის მესამე ეტაპამდე ვერ მივიდა.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, გიორგი ტყავაძე ამბობს, რომ რეალიზებული ადამიანი როცა ხარ, აუცილებლად უზენაეს სასამართლოში მუშაობა იდეაფიქსი არ არის. ამიტომ, ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული, შეიტანს თუ არა შესაბამის საბუთებს კონკურსისთვის, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის უნდა გამოცხადდეს.

„გადაწყვეტილება ჯერ არ მაქვს მიღებული. ვთვლი, რომ სადაც ვმუშაობ, იქ ჩემზე დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად ვართმევ და, თუ მომავალში რაიმე დამატებითი ფუნქცია დამეკისრა, შეიძლება მასაც გავართვა თავი. თუმცა ვიმეორებ, გადაწყვეტილება არც დიდი ან ნაკლები ალბათობით მიღებული არ მაქვს იმასთან დაკავშირებით, შევიტან თუ არა საბუთებს.

უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ გამწესებისას პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ისეთ კანდიდატურებს, რომლებსაც გამოცდილება აქვთ, იციან საქმეთა ნაკადის მართვა და რომლებმაც უკვე დაამტკიცეს, რომ კეთილსინდისიერები და კომპეტენტურები არიან“, – აღნიშნა გიორგი ტყავაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის განახლებულ სიაში შესაძლოა იუსტიციის საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის კანდიდატურა კვლავ დასახელდეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ შესაძლოა, კვლავ გამოთქვას სურვილი, გახდეს ქვეყნის პირველი მოსამართლე.

„წინასწარ არ მინდა პოზიცია დავაფიქსირო, მეც მაქვს უფლება ალბათ, რომ განცხადებების მიღების პროცესის დაწყების შემდეგ ვიფიქრო ამ საკითხზე. არ გამოვრიცხავ მონაწილეობას, თუმცა გადაჭრით არ შემიძლია ახლა გითხრათ, ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ერთი მსურველია თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე, თამარ ალანია. იქნება, თუ არა ახალ სიაში მოსამართლეთა ის გვარები, რომლებიც 2018 წლის დეკემბერს წარდგენილ ათკაციან სიაში იყო დასახელებული, ალანია განმარტავს, რომ ამაზე პასუხი არ აქვს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ ახლა საჭიროა უზარმაზარი წნეხი, რომ იუსტიციის საბჭოს ძალიან გაუჭირდეს „კოლექტიური მურუსიძეების“ გაყვანა. დოლიძეს მიაჩნია, რომ დღევანდელი მსჯელობა არის ფორმალური, რადგან კანონი არ გამორიცხავს ე.წ. კლანის ინტერესებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში. დოლიძე საინფორმაციო კამპანიას იწყებს, რათა ყველა დაინტერესებული პირი ჩაერთოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში.

„კანონი არ ვარგა და ანიჭებს ისევ ამ კლანს სრულ უფლებამოსილებას, შეარჩიონ ის, ვინც უნდათ. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დანარჩენი მოქალაქეები ჩავიქნევთ ხელს. მოლოდინი მაქვს შემდეგი – „კოლექტიური მურუსიძის“ გაყვანა უზენაეს სასამართლოში „ქართულ ოცნებას“ ძალიან ძვირი დაუჯდება, ეს მათ რეპუტაციაზე იმოქმედებს. ეს იქნება ისტორიული და ძალიან ძვირი ნაბიჯი. ყველა ნორმალურ ადამიანს „ქართულ ოცნებაში“ მივმართავ, რომ ნუ ჩაყვება ჩინჩალაძე–მურუსიძეს. ახლა ხომ ვამბობთ, სისხლიანი 9 წელი და სათითაოდ გვყავს ჩამოთვლილი ის ხალხი, ვინც არ იყო ბარიკადებზე თავის დროზე, აი, ასე გადავარჩევთ ხალხს, ვინც იყო სწორ მხარეს ამ ბრძოლაში. სწორი მხარე არის დამოუკიდებელი, სამართლიანი სასამართლო“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ასე არ ფიქრობს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, რომლის განცხადებით, იმის გადაწყვეტა, ვინ იქნებიან მოსამართლეობის კანდიდატები, არ არის პარლამენტის პრეროგატივა, ამიტომ, კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებით ვერ გააკეთებს შეფასებას.

„ჩვენი პრეროგატივაა, რომ პარლამენტმა, პირველ რიგში, მოუსმინოს კონკრეტულ კანდიდატებს და შემდგომში უკვე კენჭი უყაროს. ამ ნაწილში ჩვენ ჩვენს გადაწყვეტილებას მივიღებთ. ის უფლებამოსილებები, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს გააჩნიათ, მათი გადასაწყვეტი და მათი პასუხისმგებლობაა.

სამწუხაროდ, ასეთი იერიში, რასაც ბოლო პერიოდში სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ვხედავთ, არ მგონია, რომ კანონის უზენაესობის განმტკიცებას უწყობდეს ხელს. ალბათ, აჯობებს, რომ ყველა ინსტანციამ ჩვენ ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში მივიღოთ გადაწყვეტილება“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანონმდებლობით დადგენილი წესით დაიწყება. რაც შეეხება კონკრეტული კანდიდატების შესახებ ინფორმაციასა და სურვილს, ოხანაშვილის თქმით, ეს კონკრეტული კანდიდატების გადასაწყვეტია.

„კანონმდებლობა საბჭოს წევრს საშუალებას აძლევს, რომ იყოს კანდიდატი. არც ვენეციის კომისიას და არც საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციების შედეგად არ დაფიქსირებულა პოზიცია, რომ საბჭოს წევრს შეიძლება ეკრძალებოდეს კონკურსში მონაწილეობის უფლება.

კანონში ყველა ის გარანტია ჩავდეთ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ყოველგვარი სახის ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა. ვენეციის კომისიას არ უთქვამს, რომ არ შეიძლება საბჭოს წევრი კანდიდატი იყოს. კანონი უზრუნველყოფს ყველა დამზღვევ მექანიზმს, რომ ინტერესთა კონფლიქტი გამოირიცხოს“, – ამბობს ანრი ოხანაშვილი.

იურისტის, სამართლის ექსპერტის ლია მუხაშავრიას განცხადებით, გრძელდება ხელისუფლების დაპირისპირება პროფესიულ წრეებთან, საზოგადოებასთან, საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებთან, როდესაც ასე უტიფრად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი აცხადებს, რომ ის გახდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. მისი თქმით, ეს არის კორუფციის პირდაპირი მტკიცებულება.

„იმიტომ, რომ არავინ არ შეიძლება წინასწარ იცოდეს გაივლის თუ არა კონკურს და დაინიშნება თუ არა. უნდა ველოდოთ, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ის პირები იყვნენ უზენაესი სასამართლოს მანტიით შემოსილები, ვინც მას აწყობს და ვინც სჭირდება იგივე არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, თუ მაღალი პოლიტიკური ინტერესის საქმეებზე, ის გადაწყვეტილება მიიღოს, რაც ხელისუფლების დაკვეთით იქნება საჭირო“, – აღნიშნა ლია მუხაშავრიამ.