კომპანია

კომპანია "ბურჯის" ქონების ხელში ჩაგდება უშუალოდ მთავარი პროკურორის მითითებით განხორციელდა(VIDEO)

შპს "გამას" დირექტორი გიორგი ყავლაშვილი კომპანია "ბურჯის" შეძენის დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნული უშუალოდ მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას მითითებით განხორციელდა.

ბიძინა ივანიშვილის კომპანია "ბურჯის" ყიდვის დეტალებზე ყავლაშვილმა რადიო "ობიექტივის" ეთერში ისაუბრა.

"მქონდა შეხვედრა მთავარ პროკურორ მურთაზ ზოდელავასთან, რომელმაც მითხრა, რომ არის გარკვეული კომპანია, რომელსაც სურს შენ წარმოადგინო მათი ინტერესები, როგორც კომპანიის დირექტორმაო. ვერ ვიტყვი, რომ რაიმე ტიპის იძულება განხორციელდა ან ვინმე რამით დამემუქრა, უბრალოდ არც გამირისკავს გამომეხატა ჩემი პოზიცია და მეთქვა, რომ ამ ტიპის პროცესში მონაწილეობის სურვილი არ მქონდა", - განაცხადა ყავლაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, კომპანია "გამას" შპს "ბურჯის" შესაძენად აუქციონის ფარგლებში გათვალისწინებული 8 761 513 ლარი რეალურად არ გადაუხდია.

"განკარგულებაში მითითებული იყო, რომ "ბურჯში" 8 761 513 ლარი იყო გადახდილი, თუმცა უშუალოდ "გამას" მხრიდან ეს თანხა არ გადახდილა", - აღნიშნა ყავლაშვილმა.
რაც შეეხება უშუალოდ "გამას" დამფუძნებლებს, კომპანიის დირექტორის თქმით, მათ შესახებ არ იცის, თუმცა თავად "გამა" ოფშორულ ზონაშია დარეგისტრირებული.