გვარამია შეტევაზე გადადის, ხელისუფლება „რუსთავი 2“-ის მორიგ სცენარზე საუბრობს

გვარამია შეტევაზე გადადის, ხელისუფლება „რუსთავი 2“-ის მორიგ სცენარზე საუბრობს

თუ სიტყვის თავისუფლებას რაიმე საფრთხე დაემუქრება, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებლად გამოყენებული იქნება ყველა კანონისმიერი რესურსი იმისთვის, რომ სიტყვის თავისუფლება საქართველოში იყოს დაცული. სამაუწყებლო კომპანიის 9%–ის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს. საუბარია ჯამში, დაახლოებით, 26 მილიონ ლარზე. ნინო ნიჟარაძე არხის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლეა და მისი გარდაცვალების შემდეგ მიიღო კომპანიის წილი.

არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია განმარტავს, რომ გეგეშიძის მეუღლე, ითხოვს თანხას, მათ შორის, კომპენსაციას დაგროვილი გადასახდების სახით, როგორც თავად ამბობს, 2015 წელს გამქრალ 10 მილიონს. გვარამია აცხადებს, რომ გეგეშიძეს დაგროვილი ჰქონდა საბიუჯეტო დავალიანება და ეს დავალიანება არ გაუსტუმრებია, მიუხედავად იმისა, რომ გეგეშიძის დირექტორობის პერიოდში არხზე შემოსავალი მეტი იყო, ვიდრე არხიდან გასავალი.

„საგადასახადო შეთანხმებით გადასახადი 2010 წელს განულდა. განულდა 2012 წელსაც. აი, ამ ყოფილი დირექტორის სამართალმემკვიდრე მედავება მე, ნიკა გვარამიას გადასახადების გადაუხდელობას. იმ ნიკა გვარამიას, რომელსაც კომპანია დახვდა სავალალო მდგომარეობაში, რომელსაც კომპანიაში ბუღალტერიაც კი არ გადმობარდა.

არც არსებობდა პრაქტიკულად ბუღალტერია გოგი გეგეშიძის დროს, არსებობდა შავი შენატანები და გასავლები კომპანიაში. 2012 წელს გაჩნდა ამ კომპანიაში რეალურად ბუღალტერია. მოდი, ასე ვთქვათ, 2012 წლის მეორე ნახევრიდან, 2013 წელს. ჩვენ გადავდივართ თავდასხმის მდგომარეობაზე“, – აცხადებს ნიკა გვარამია.

მისი თქმით, ნინო ნიჟარაძის წილების განმკარგავი არის ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე იგივე „რიჟა“

„ამ ქალბატონის მხრიდან სხვადასხვა ტიპის მცდელობები იყო და ამ ქალბატონის უკან დგას ხელისუფლება, ცხადია და მისი წილი მართვაში გადაცემული აქვს ხელისუფლების ხელის ბიჭს „რიჟას“. ამის უკან დგას კახა ბექაური, რომელმაც ვერაფერი უქნა ამ არხს იმის მიუხედავად, რომ დაანგრია სარეკლამო ბაზარი. „ტელეიმედიც“ არ იხდის გადასახადებს, რატომ არ იხდის არავინ იცის. ჩვენს შემთხვევაში, თუ ეს გასაგებია, რომ ხელისუფლების წნეხია და სტრასბურგის სასამართლოს შეჩერება აქვს გამოტანილი, „ტელეიმედი“ რატომ არ იხდის გადასახადებს არავინ იცის, რა ლეგიტიმური საფუძველი არსებობს ამისთვის“, – აცხადებს ნიკა გვარამია.

ნინო ნიჟარაძის მოთხოვნის უკან, პოლიტიკურ მოტივაციას ხედავს ოპოზიცია. „ევროპული საქართველოს“ წევრი, დავით ბაქრაძე „რუსთავი 2“ –ზე დაწყებული მორიგ თავდასხმაზე საუბრობს და აცხადებს, რომ „რუსთავი 2“ – ის ბედი განსაზღვრავს, ვიცხოვრებთ ჩვენ 60–იანი წლების საბჭოთა კავშირში ან ჩრდილო კორეაში თუ არა. მისი თქმით, ნებისმიერი შეტევა სამაუწყებლო კომპანიაზე აღქმული იქნება, იმ წნეხის გაგრძელებად, რომელშიც ხელისუფლებამ არხი წლების განმავლობაში ამყოფა.

„სასამართლოში მურუსიძე–ჩინჩალაძის კლანის დაკანონების შემდეგ, დადგა დრო, რომ მოსამართლეებმა ხელისუფლებას სამაგიერო პატივი მიაგონ. ნებისმიერი შეტევა, ნებისმიერი ადამიანის მიერ შეტანილი ნებისმიერი სარჩელი ცალსახად აღიქმება, როგორც გაგრძელება იმ შეტევის, რომელშიც წლების განმავლობაში იმყოფებოდა „რუსთავი2“. ამიტომ ამ სარჩელს უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაქცია ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. „რუსთავი2“ – ზე შეტევის გაგრძელებით ხელისუფლება კიდევ ერთხელ გვეუბნება, რომ ივანიშვილს უნდა საქართველო იყოს ქვეყანა, სადაც არ იარსებებს განსხვავებული აზრი“, – აცხადებს დავით ბაქრაძე.

უმრავლესობის ყოფილი წევრი, ეკა ბესელია თვლის, რომ ასეთი ექსპერიმენტების ჩატარება ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო იქნება. ბესელია მმართველ პარტიას ურჩევს, გამოწვევები გააცნობიეროს, რადგან მისი თქმით, „რუსთავი2“ – ის ირგვლივ „ექსპერიმენტების ჩატარება“ ქვეყნისთვის სახიფათო იქნება.

„ორივე კონტექსტი გასათვალისწინებელია, აქეთ ერთი მხრივ სტრასბურგის სასამართლოში ეს საქმე, რომელიც არ დამთავრებულა და მეორე მხრივ, ძალიან მძიმე კრიტიკული განწყობები სასამართლოს მიმართ, რომელზედაც უკვე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ღიად და დაუფარავად ლაპარაკობენ. ამიტომ, ეს მმართველმა პარტიამ უნდა გააცნობიეროს რა ტიპის გამოწვევაა ახლა და აქ რაღაცა ასეთი ექსპერიმენტების ჩატარება მე მგონია, რომ ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო იქნება“, – აცხადებს ეკა ბესელია.

„გეშინოდეთ ჩახშობილი „რუსთავი 2–ის“, – მიმართავს ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, რომლის განცხადებით, ოპოზიცია ტელევიზიის დასაცავად პროტესტის უკიდურეს ფორმებსაც კი მიმართავს. ვაშაძე ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნების“, კერძოდ კი ბიძინა ივანიშვილის სურვილია, რომ ქვეყანაში განსხვავებული აზრი და დამოუკიდებელი მედია გააჩუმოს.

„ტელეკომპანიის მთელი ქონების დაყადაღების და სტრასბურგში „რუსთავი 2“–ის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ ე.წ. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რევანში აიღოს. ე.წ. ხელისუფლებას მინდა, ვუთხრა, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი, ყველა ოპოზიციური პარტია, მთელი საზოგადოება „რუსთავი 2–ს“ დაიცავს.

გეშინოდეთ უფრო გათიშული, ჩახშობილი „რუსთავი 2–ის“, ვიდრე „რუსთავი 2–ის“, რომელიც თავის პროფესიულ მოვალეობებს ასრულებს. მივმართავთ პროტესტის ყველა ფორმას, მათ შორის უკიდურეს ფორმებს. არ დაგანებებთ, რომ საქართველო მთლიანად დაემსგავსოს თქვენს სათაყვანებელ რუსეთის ფედერაციას“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ოპოზიციისგან განსხვავებით „რუსთავი 2“–ის 9%–ის მფლობელის ნინო ნიჟარაძეს მოთხოვნაში პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს ხელისუფლება. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ქალაქის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოში არის ზედემოკრატია და ზეთავისუფლება.

„საქართველოში სიტყვის თავისუფლების პრობლემა არ არსებობს. დღეს საქართველოში ჩვენ გვაქვს თავისუფლება. თქვენ არავინ არაფერს გიზღუდავთ და ამის ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, თუნდაც, ბოლო დღეების სიუჟეტები. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ყველა ადამიანს აქვს თავისი მოსაზრება და ხედვა. ყველა ერთნაირ აზრზე უნდა ვიყოთ? ჩვენ ხომ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ.

ასე რომ, დემოკრატიულ ქვეყანაში იქნება აზრთა სხვადასხვაობა, იქნებიან ადამიანები, რომლებსაც კონკრეტულ თემებზე ექნებათ სხვადასხვა მოსაზრებები, როგორც ეს არის მმართველ პარტიაშიც, ჩვენს გუნდშიც არის კონკრეტული საკითხები, რომელზეც გუნდის წევრებს სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ“, – აცხადებს კახა კალაძე.

„მორიგი მცდელობა „რუსთავი 2“ – ის მხრიდან შეცდომაში შეიყვანოს როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე საერთაშორისო საზოგადოება“, – აცხადებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი, რომლის განცხადებით, „რუსთავი 2“–ზე არანაირი შეტევა არ ხორციელდება.

„მორიგი სცენარი „რუსთავი 2“– ისგან, რომ წარმოაჩინოს, თითქოს რაღაც შეტევას აქვს ადგილი. მშვენივრად ვხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ „რუსთავი 2“ არაერთხელ აანონსებს რაღაც შეტევას, ამავე პერიოდის განმავლობაში „რუსთავი2“-ს აქვს საშუალება გამოხატოს საკუთარი აზრი და მეტსაც გეტყვით, რომ მისი აზრის გამოხატვა სცდება ყოველგვარ ეთიკურ, მორალურ და ზნეობრივ ნორმებს, მათ შორის, ლანძღვა და გინება პირდაპირი ეთერიდან. ასე რომ, ალბათ, ყველანი ვრწმუნდებით იმაზე, რომ „რუსთავი 2“–ზე არანაირი შეტევა არ მიმდინარეობს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

tngh ეს კაცი თავისი ფობიებით უკვე სასაცილო გახდა. კერძო კომპანიის აქციონერის მიერ კუთვნილი დივიდენდის მოთხოვნა, რატომ არის სახელმწიფოს ზეწოლა ტ/კ "ცრუსთავი 2"-ზე??? იქნებ ახსნას ვინმემ, ეს ზეწოლაა, თუ ახვისი კუტვნილი თანხის მითვისება... თანხის რაოდენობაზე ვერაფერს ვიტყვი.
3 თვის უკან