პროკურატურა მაჩალიკაშვილის საქმეზე დასკვნას 2 თვეში დადებს

პროკურატურა მაჩალიკაშვილის საქმეზე დასკვნას 2 თვეში დადებს

სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე გამოძიება დასკვნით ეტაპზეა და უახლოესი 2 თვის განმავლობაში მიღებული იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება. როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, ამ ეტაპზე, საქმეზე ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი და ამოღებულია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ნივთები, ჩატარებულია სასამართლო–სამედიცინო, გენეტიკური, ბალისტიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზები.

გამოძიებამ გამოკითხა არაერთი პირი, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები, მეზობლები. ასევე გამოკითხულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირი, მათ შორის სუს–ის თანამშრომლები. საგამოძიებო უწყების ცნობით ამავდროულად, საქმეზე დანიშნულია კომისიური სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზა თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ჩატარებული სამედიცინო დახმარების დროულობისა და ადეკვატურობის დასადგენად, რომელიც დღეის მდგომარეობითაც არ დასრულებულა და შემაჯამებელი გადაწყვეტილება უახლოესი 2 თვის განმავლობაში იქნება მიღებული.

აღსანისნავია, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს, ახმეტის რაიონში, სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი აცხადებს, რომ მძინარე ახალგზარდა სუს–ის უფროსის მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა მოკლა. 2018 წლის 18 მარტს სუს–ის უფროსმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დუისში სპეცოპერაციის დროს მისი არც ერთი მოადგილე არ იმყოფებოდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება იმ ადამიანის სახელი და გვარი, რომელმაც სავარაუდოდ მაჩალიკაშვილი მოკლა, ეს არის ვინმე პაატა ჯაჭვაძე.

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, ყოველი ახალი გვარის გამოჩენისას ისევ უკლავენ შვილს, რომლის განცხადებით, „ინტერნეტ ბოტებმა“ მას იმ სპეცრაზმელის ვინაობა შეატყობინეს, ვინც მის შვილს ესროლა. „ბოტები“ მაჩალიკაშვილს უმტკიცებენ და უხსნიან, რომ მისი შვილი არა გოგაშვილმა და გომელაურმა, არამედ ამ კონკრეტულმა სპეცრაზმელმა მოკლა. მაჩალიკაშვილის თქმით, „ბოტების“ მიზანი კი მის ემოციებზე თამაში და ძალადობაზე პროვოცირებაა. მაჩალიკაშვილის აცხადებს, რომ ინტერნეტ „ბოტებს“ სუს მართავს და უწყება ცდილობს ის შურისძიებაზე წააქეზოს.

„ერთ–ერთი ადამიანია ირაკლი ზაქარეიშვილი, ალბათ, ძალიან კარგ თანხას უხდიან, ყველაფერს აკეთებენ, ჩემი და ჩემი ოჯახის დისკრიმინაციისათვის. სუს პირდაპირ აცხადებს, რომ ამან არ მოკლა, ამან მოკლა, ეს დამნაშავეა. მაგრამ მე არ ვიცი ის გვარი. ერთი ცხადია, ერთი ვიცი, ყოველი ახალი გვარის გამოჩენისას მე მიკლავენ ისევ თემირლანს. ყველაფერი გამჟღავნდება. მთელი ქვეყანა გაიგებს რამდენად შეტოპა სახელმწიფომ, რამდენად შეტოპა ჭაობში თემირლანის საქმის გამო. არ გამოგივათ. საკმაო დრო გავიდა, წელიწადნახევარი გავიდა. მთელი ჩემი ფსიქიკა შეისწავლეთ, მთელი ჩემი ყოფაქცევა შეისწავლეთ, მაგრამ ხომ ხედავთ, ვერც მიყიდით, ვერც გამტეხთ, ვერც დამაშინებთ. თქვენ კი არა, თქვენნაირი ათი უწყება კიდევ რომ დაგემატოთ, არ გამოგივათ ჩემთან არაფერი“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნის ინიციატივით 8 მაისის რიგგარეშე სხდომაზე განხილვას ითხოვს. საკითხი ბიუროს სხდომაზე ფრაქციის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ დააყენა, სადაც აღნიშნა, რომ აღნიშნული ინიციატივის გასული კვირის სხდომაზე განხილვის პირობა არ შესრულდა. როგორც გოცირიძე ამბობს, ერთადერთი სწორედ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაა, რომელიც შეძლებს ამ საქმეზე ობიექტური გამოძიება წარმართოს.

„შეუძლებელია, რომ გამოძიება იქნას წარმართული ობიექტურად. ერთადერთი მექანიზმი, ეს არის პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია. იმის მიუხედავად, რომ მესამე კვირა გადის სხდომისა და დაპირებული იქნა, რომ ეს საკითხი იქნებოდა ერთ–ერთი პირველი განხილული, დღემდე მისი განხილვა ვერ მოხერხდა.

ჩვენ ვაყენებთ კატეგორიულად საკითხს, რომ მომავალი კვირის განმავლობაში, აუცილებლად უნდა იქნას ეს განხილული და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ეს კომისია შეიქმნება, რადგან ახალი რეგლამენტით სჭირდება მხოლოდ 50 ხმა და იმედი გვაქვს, რომ პარლამენტში მოიძებნება 50 პრინციპული და წესიერი დეპუტატი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ რომან გოცირიძეს ბიუროს სხდომის შემდეგ კონსულტაციები შესთავაზა.

„ვიდრე პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოთხოვნა გაეგზავნება, კონსულტაციები გავმართოთ. თუ მოსახერხებელი იქნება თქვენს მიერ შემოთავაზებული საკითხის ჩასმა, შეგვიძლია რიგგარეშე სხდომაზე ამის შესახებ ვიმსჯელოთ“, – განაცხადა საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ.

საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს „ევროპული საქართველოც“. სერგო რატიანის განცხადებით, საზოგადოებაში და კონკრეტულად პანკისის ხეობაში არსებობს აზრი, რომ სამართალდამცველებმა დანაშაული ჩაიდინეს და ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს.

„არსებობს საზოგადოებაში აზრი, რომ სამართლდამცველებმა ჩაიდინეს დანაშაული, ასეთი აზრი არსებობს პანკისის ხეობაშიც. უბრალოდ, აუცილებელი არის, რომ ამ საქმეს მოეფინოს ნათელი და გავარკვიოთ ვინ არის დამნაშავე“, – აცხადებს სერგო რატიანი.

საპარლამენტო უმრავლესობაში კითხვები აქვთ მაჩალიკაშვილის საქმეზე, თუმცა ამ ეტაპზე პროკურატურის დასკვნას ელოდებიან. იურისტი, სამართლის ექსპერტი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ საქმის სიმძიმიდან გამომდინარე, პირისპირ ვდგებით ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ პრობლემასთან, რომელიც ქვეყანაში დიდი ხანია არსებობს და ეს არის სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლის მიერ სიცოცხლის მოსპობის საქმეთა გამოძიების პრობლემა.

„ყველა შემთხვევაში სახელმწიფოს აქვს ვალდებულება ჩაატაროს სრულყოფილი, დეტალური და დამაჯერებელი გამოძიება. პასუხი გასცეს ყველა მხარის ყველა კითხვას. იქნება ეს დაზარალებულის ოჯახი, თუ სახელმწიფო, ან სახელმწიფო თანამდებობის პირები. ეს შემთხვევა არის სრულიად ამაზრზენი, სამართლის დარღვევის ნათელი მაგალითი.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნათლად გამოიკვეთა, რომ ჩვენ არ გვაქვს დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტურა, რომელიც სწორედ ასეთი შემთხვევის დროს, სრულიად ობიექტურად, მიუკერძოებლად, კვალიფიციურად გამოიძიებს საქმეს და არ დატოვებს პასუხგაუცემელ კითხვებს. ანუ, ლაპარაკია იმაზე, რომ ოჯახი ხელს ადებს სუს–ის უფროსის მოადგილეს სოსო გოგაშვილს. აქ მნიშვნელოვანი არ არის აღმსრულებელი, ვინ ისროლა იარაღი, აქ მნიშვნელოვანია ვინ დაგეგმა ეს ოპერაცია, ვინ გასცა ამ ოპერეციის განხორციელების უფლება და ვინ იყო კონკრეტული აღმსრულებელი“, – აცხადებს ლია მუხაშავრია.

მისი თქმით, ლაპარაკია ძალიან სერიოზულ დანაშაულზე. იმიტომ, რომ სიცოცხლის უფლების საკითხები სრულყოფილად უნდა იქნას გამოძიებული, რომ საზოგადოებას არ შეექმნას შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფოს სახელით მოქმედებს შეიარაღებული პირები, რომლებსაც შეუძლიათ ასე გამოჰკრან ჩახმახს ხელი, მოკლან ადამიანი, მათ შორის საკუთარი სახლის საწოლში.

„ჩვენ გვაქვს ძალიან საშიში ვითარება. ეს ადამიანი არ გაჩერდება. არ შეიძლება ქვეყანაში არსებობდეს ასეთი გაუხსნელი საქმეები და ასეთი ღია კითხვები, რომელზეც პასუხი არავის არ გვაქვს. რაც შეეხება ახალ სახელს და გვარს, რომელიც გავრცელდა, სავარაუდოდ, ეს არის მანიპულაცია, რომელსაც ხელისუფლება დრო და დრო ახორციელებს იმისთვის, რომ გააჩუმონ ეს ხალხი. მაგრამ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ასეთი უბედურებისგან, რაც მაჩალიკაშვილების ოჯახს დაატყდა თავს, არავინ არ არის დაზღვეული. მე ასე ვფიქრობ – ბრძანება, რომლითაც სპეცრაზმი შევარდა სახლში, იყო აბსოლუტურად არადექვატური და არალეგიტიმური. შესაძლოა, მას, ვინც ისროლა, ჰქონდა ბრძანება, რომ იმ ოთახში იყო შეიარაღებული პირი, რომელიც აპირებდა თავდასხმას, ან ტერორისტული აქტის განხორციელებას და ამიტომ გამოყენებულ იქნა მყისიერი ძალა და მოკლული იქნა ადამიანი. ვინც ეს ბრძანება გასცა და ვინც ასეთი ინფორმაცია მიაწოდა აღმასრულებელს, ის უნდა იქნას გამოვლენილი.

ეს ხომ არ არის სადღაც ტყეში, უცნობი პირის მიერ ჩადენილი ქმედება, ეს არის სახელმწიფო სამსახურში მყოფი სამხედრო პირის ქმედება, რომელმაც გაისროლა ტაბელური იარაღიდან, რომელსაც აქვს დათვლილი და დარეგისტრირებული ყოველი ტყვია, ანუ იქ გამოსაძიებელი არაფერია. ცხადია, რომ ხელისუფლება ცდილობს, დამალოს ფაქტები და დაფაროს დანაშაული. სხვა შემთხვევაში 2–3 დღეში შეიძლებოდა ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემა. არ დაადგა ამ ქვეყანაში საშველი მუნდირის არასწორად გაგებას და მუნდირის დაცვას, რაც ძალიან კარგად ჩანს ამ კონკრეტულ საქმეში“, – აღნიშნა For.Ge–სთან საუბრისას ლია მუხაშავრიამ.