„ეროვნული ბანკი და ზოგიერთი სამინისტრო უნდა გაუქმდეს“

„ეროვნული ბანკი და ზოგიერთი სამინისტრო უნდა გაუქმდეს“

ეკონომიკის ექსპერტი, საქართველოს ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტი პაატა შეშელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში საჭიროა არა მარტო ეროვნული ბანკის, არამედ გარკვეული სამინისტროების გაუქმებაც, რადგან ისინი ხარჯიანი ინსტიტუტები არიან და ზოგიერთი სამინისტრო მხოლოდ ბიუჯეტის თანხების ხარჯვითაა დაკავებული.

For.ge პაატა შეშელიძეს ესაუბრა.

რის საფუძველზე აცხადებთ, რომ როვნულ ბანკი ხარჯიანი ცენტრალიზებული ინსტრუმენტი, რომელიც ქართულ ეკონომიკას ზიანის მეტს არაფერს უკეთებს?

- ის ფუნქციები, რაც ეროვნულ ბანკს დღეს გააჩნია, ძირითადად სამ ნაწილში იკვეთება. ეს არის მონეტარული პოლიტიკა, საკლირინგო (საანგარიშსწორებო) ცენტრი და ზედამხედველობა. ზედამხედველობა თავისუფლად შეიძლება იყოს ცალკე სააგენტო, რომელსაც შეზღუდული ფუნქციები ექნება და, ამავე დროს, არ ექნება კანონშემოქმედებითი ნორმატიული აქტების გამოცემის უფლება. საკლირინგო ცენტრი კი შეიძლება იყოს კომერციული სტრუქტურა. რაც შეეხება მონეტარულ პოლიტიკას, მისი შემადგენელი ნაწილია ფულის მიმოქცევაში გაშვება ან ამოღება და სხვა. ჩემი პოზიცია ნათელია, სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს ჰაერიდან ფულის მოჭრის საშუალება, როგორც დღეს არის. ფულის  ის რაოდენობა, რაც გამოდის მიმოქცევაში, არანაირად არ არის დამოკიდებული ეკონომიკის მიღწევებზე.

თქვენი აზრით, სახელმწიფო ამით ხეირობდა და ფულის გათეთრება ხდებოდა?

- ასეთი მოდელი არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოშიცაა, რამდენიმე ქვეყნის გამოკლებით. დღევანდელ დღეს ეს არის კლასიკური, მაგრამ ძალიან მანკიერი სისტემა, რომელიც პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, საშუალებას იძლევა, ფულის მასა გაზარდოს და, შესაბამისად, გააუფასუროს მისი მსყიდველობის უნარი. როდესაც სახელმწიფოს ასეთი საშუალება აქვს, რა თქმა უნდა, ამას ბოროტად გამოიყენებს და მეტ ფულს დაბეჭდავს, ვიდრე საჭიროა.

საქართველოს თავი დავანებოთ, ჩვენები მთლად ანგელოზები რომც იყვნენ, ამერიკას შევხედოთ. ობამას ადმინისტრაციის პირობებში ამერიკაში ფულის მასა სამჯერ თუ ოთხჯერ გაიზარდა. შესაბამისად, ამერიკული დოლარის მსყიდველობითი უნარი მკვეთრად დაეცა. მსყიდველობითი უნარის შესაფასებლად ყველაზე კარგი ინდიკატორი არის ამერიკული დოლარის ფასი ისეთ ძვირფას ლითონებთან მიმართებით, როგორიცაა ოქრო, ვერცხლი და სხვა. ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ობამას ხელმძღვანელობის პერიოდში დოლარებში გამოხატული ერთი უნცია ოქროს ფასი 700-დან 1800 დოლარამდე გაიზარდა, ანუ დაახლოებით 1100 დოლარით გაიზარდა. ფაქტობრივად, ეს იყო ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შეცდომა. ამიტომ, ჩვენ არ გვინდა ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, როგორც ასეთი, ჩვენ არ გვჭირდება ფარატინა ქაღალდი, რომლის უკანაც არაფერი დგას და არ გვჭირდება ძვირი ადმინისტრაცია, რომელიც ამას კურირებს.

როგორ გგონიათ, არცერთ ქვეყანაში არ ამართლებს ეს უწყება?

- რა თქმა უნდა, არ ამართლებს. თუ მაინცდამაინც გვინდა, გვქონდეს ლარი, ის უნდა იყოს ოქროსი. ოქროს ჰაერიდან მოჭრა შეუძლებელია. ჯერჯერობით, ალქომიკოსები არ გვყავს. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკა შეზღუდული იქნება. შეზღუდული იქნება ოქროს მიწოდება, რომელიც ბუნებრივი იქნება. ამ ლოგიკიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი ისეთი სახით, როგორც დღეს არსებობს, ზედმეტია. შეიძლება კომპრომისები იყოს, მაგრამ ეს საკითხიც ძალიან აწონილი უნდა იყოს. თუმცა, ჩემი აზრით, ჩვენ კომპრომისებზე დროის გაყვანის ფუფუნება არ გვაქვს.

თქვენ ამერიკის მაგალითი ახსენეთ, მაგრამ, თუკი ეროვნული ბანკი არ ამართლებს სხვა ქვეყნებში, მაშინ იქაური ექსპერტები რატომ არ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ეროვნული ბანკი გაუქმებულიყო?

- როგორ არ მისულან ამ დასკვნამდე?! ძალიან ბევრი ექსპერტი, მათ შორის, ერთ-ერთი პრეზიდენტობის კანდიდატი რონ პოლი აშკარად მოუწოდებდა, შეცვლილიყო მონეტარული პოლიტიკა და ითხოვდა ფედერალური სარეზერვო სისტემის აუდიტს, რაც, სხვათა შორის, ჩვენი ეროვნული ბანკის მიმართაც დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს. ამ თემაზე ამერიკაში ტონობით წიგნი და სტატიებია დაწერილი.

თუმცა რეალობა სხვა არის და ეს უწყება ამერიკაში მაინც არ გაუქმებულა.

- სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ გაუქმებულა, მაგრამ საქმე ისაა, რომ თანდათან უფრო მეტი მომხრე უჩნდება ამ საკითხს. რამდენიმე შტატის, ოჰაიაოსა და კიდევ მეორე შტატის ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ ოქრო ლეგალური გაცვლის საშუალებად მიიღო, დოლარის პარალელურად. ამ კონკრეტულ შტატებში თავისუფლად შეგიძლიათ, ოქრო გამოიყენოთ ვაჭრობისა და გაცვლის დროს. პრაქტიკულად, ამ მიმართულებით მოძრაობა დაიწყო და ეს აღარ არის ზღაპარი. ეს რეალობაა.

მაგრამ 21- საუკუნეში ამდენი ოქრო იქნება დედამიწაზე?

- ამდენი მანქანა ხომ არის ქვეყანაში? რა თქმა უნდა, ყველაფერი შეზღუდული რაოდენობითაა და ეს შეზღუდვა მას მეტ ფასს აძლევს. შესაძლოა, ერთი გრამი გვქონდეს, მაგრამ ამ ერთ გრამს ყველაფერთან მიმართებით ფასი ექნება. ჩვენ არ გვჭირდება დიდი რაოდენობა.

ამას წარსულის გამოცდილებიდან გეკითხებით, ჩვენ გვახსოვს ისტორიის ის პერიოდი, როცა ქვეყანა აღორძინებული იყო, ოქროს ფულის ერთეული იჭრებოდა, ასევე, - კოლხური თეთრი, ანუ კოლხური ვერცხლი, უფრო გვიანდელ ხანაში კი, ვერცხლის კრიზისის დროს - სპილენძის ფულის ერთეული. ისტორიული გამოცდილება არაფერს ნიშნავს?

- ისტორიული გამოცდილება ასეთია, რომ მთელი მსოფლიო ძვირფას ლითონებს ფულად ერთეულად იყენებს 1972 წლამდე. მხოლოდ ბოლო ორმოცი წელია, ვიყენებთ ფარატინა ქაღალდებს. ამაშია საქმე, რომელია უფრო დიდი ისტორია - მანამდე თუ ამის შემდეგ?! საქართველოს ისტორიაში სხვადასხვა ძვირფასი ლითონიდან იჭრებოდა ფული და ეს იყო გაცვლის საშუალება. ოკუპაციის დროს კი რუსები შეეცადნენ, რუსული ბანკნოტები დაენერგათ. აღმოსავლეთ საქართველომ უარი თქვა ამ ბანკნოტების გამოყენებაზე და ამის შემდეგ რუსეთის მთავრობა იძულებული გახდა, თბილისში ზარაფხანის მუშაობა დაეშვა, რომელმაც ეს მონეტები გამოჭრა, რადგან ქართველებმა არ მიიღეს მათი ფულის ერთეული. 1835 წელს, როცა აჯანყების ჩახშობა მოხერხდა და ხალხი გადაასახლეს, ამის მერე შეწყვიტეს ამ ფულის მოჭრა.

ისტორიას რადგან მივადექით, სხვათა შორის, ერეკლე მეფემ რუსების დამცირების მიზნით თბილისის ზარაფხანაში მოჭრილ ფულის ერთეულზე ერთთავიანი არწივი გამოსახა, ორთავიანი არწივის ნაცვლად. ეს იყო პასუხი რუსების მხრიდან ტრაქტატის პირობების დარღვევაზე. თუ შეიძლება, ახლა სამინისტროებსაც შეეხოთ. თქვენ ბრძანებთ, რომ ეკონომიკისა და განათლების სამინისტროები უნდა გაუქმდეს. რა არის ამის მიზეზი?

- აქაც პრინციპი იგივეა. ხომ არ შეიძლება, არსებობდეს ესა თუ ის ინსტიტუტი უბრალოდ იმიტომ, რომ არსებობდეს? ან სხვა ქვეყანას რომ აქვს, იმიტომ ხომ არ უნდა გვქონდეს? ამის შესახებ ერთხელაც ვთქვი, რომ მაიმუნმა, შესაძლოა, შეხედოს რაღაცას და გაიმეოროს, ადამიანმა კი უნდა შეხედოს, გაიაზროს და ამის შემდეგ გაიმეოროს, თუკი მას სჭირდება. ახლა შევხედოთ, რა არის სამინისტროს ფუნქცია. ჩვენი, ანუ გადასახადის გადამხდელის ხარჯზე ვიღაც დასაქმებულია და მე არ მემსახურება. განათლების სამინისტროს ფუნქციაში ახლა განათლების სისტემის ორგანიზება და პროგრამების კონტროლია. მაგრამ მე ვამბობ, კი მაგრამ სახელმწიფოს ფუნქციაა განათლების სისტემა? თუ ეს ოჯახის ინტერესია, რომ შვილს განათლება მისცეს? თუკი მე დაინტერესებული ვარ, რომ ჩემს შვილს ვასწავლო ან თავად მე ვისწავლო, პირადად მე მაქვს ურთიერთობა სასწავლო დაწესებულებასთან, რომლისგანაც მინდა, ცოდნა მივიღო. ქართულ ენაში არის ბრწყინვალე გამოთქმა - „ცოდნას ვიძენ“. ჩვენ ხომ ჩიპი არ გვაქვს, ამიტომ მივდივართ, ვხარჯავთ დროს, ენერგიას, ფულს, სამაგიეროდ, ვიძენთ გარკვეულ ცოდნას. ამაში გვეხმარება სამინისტრო, თუ პირიქით? როგორც წესი, სამინისტრო ზღუდავს, რადგან არჩევანის თავისუფლება ნაკლებია, რადგან არის სტანდარტიზებული წიგნები, მეთოდოლოგია, არჩევანი. როგორ გგონიათ, რომელიღაც N რაოდენობის მინისტრებს, რომლებიც მუდმივად რეფორმებს ატარებენ, რაღაც წარმოდგენა აქვთ განათლებაზე? და ამ დროს დანარჩენებს არ აქვთ წარმოდგენა, თუ რა არის ამ სისტემაში გასაკეთებელი?

მიგაჩნიათ, რომ სახელმწიფო სტანდარტი არ უნდა არსებობდეს, როდესაც თუნდაც სახელმწიფო პროგრამებს ადგენენ? ხომ შეიძლება, ვიღაცამ თვითნებურად გადაუხვიოს და ბავშვს ისეთი რამ ასწავლოს, რაც მისი ასაკისთვის დაუშვებელია? ან თუნდაც არაქართულენოვან რეგიონებში თვითნებური პროგრამები შეიტანონ? ამისთვის არ უნდა არსებობდეს რაღაც მაკონტროლებელი ორგანო?

- თუ ბავშვს სისულელეს ასწავლიან და ატყუებენ, დრო უქმად არის დაკარგული და ბავშვი გაუბედურებულია. რომელია უფრო ქმედითი, როდესაც ეს გაუკუღმართებული სწავლება, ერთი სტანდარტი მოდის ზემოდან თუ, როცა არსებობს რამდენიმე, თუნდაც უვარგისი სტანდარტი და ადამიანს ეძლევა არჩევანი. პირველ შემთხვევაში, ეს არის ტოტალურად დათრგუნული გონება, ხოლო მეორე შემთხვევაში, ეს არის ერთეულები. არ შეიძლება, ნორმალური სკოლა გამოვიდეს იმის წინააღმდეგ, რაც ადამიანს სჭირდება. ასეთი სკოლა ვერ იმუშავებს. მაგალითად, მაღაზია ორჯერ და სამჯერ ვერ მოგყიდის მოწამლულ რძეს, მეორეჯერ აღარ იყიდი. 

რატომ უნდა გაუქმდეს ეკონომიკის სამინისტრო?         

- პრივატიზების ფუნქცია უნდა გადაბარდეს კერძო კომპანიას, რომელიც გაყიდის ქონებას. მეორეც, ახლა ვიღაცამ შეიძლება თქვას, ეკონომიკის ანალიზია საჭიროო. კი მაგრამ, არსებობს სხვა ინსტიტუტები, რომლებიც უამრავ ანალიზს ახდენენ, რომელიც გინდათ, მოითხოვეთ და გამოიყენეთ. კიდევ არის საინვესტიციო სააგენტო, ეს უნდა იყოს კერძო და კომერციაზე ორიენტირებული ორგანიზაცია. ხომ არ შეიძლება, გამოგონილი თანამდებობები შევქმნათ და გამოგონილი საქმეები ვაკეთოთ? ამას სამინისტრო არ სჭირდება. უნდა განვასხვავოთ, სამინისტროა საჭირო, თუ რომელიღაც ერთი სამმართველო?!

კიდევ არის სხვა სამინისტროები, რომლის გაუქმებასაც ისურვებდით?
- ვფიქრობ, ძალიან ბევრი სამინისტრო შეიძლება გაუქმდეს. მაგალითად, სპორტის, ახალგაზრდობისა და კულტურის. სრულიად აბსურდულია და კარგად ვიცით, თუ რითი იყვნენ ეს ორგანიზაციები დაკავებულნი. ამაზე გადასახდელის გადამხდელებისგან უამრავი თანხა მიდის. შეხედეთ მათ ბიუჯეტებს.

იმის გამო, რომ რევოლუციური ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ეს სამინისტროები თავიანთ ფუნქციას არ ასრულებდნენ, ამიტომ უნდა მოხდეს მათი გაუქმება? იქნებ, ახალი ხელისუფლების პირობებში უკეთესი სამინისტროები ჩამოყალიბდეს?

- ეს სამინისტროები ვერც მომავალში შეასრულებენ ფუნქციას. ეს იქნება ფულის ხარჯვა ნულოვანი შედეგებით. ეკონომიკური თავისუფლება ადამიანებს მეტ შანსს აძლევს, ბიუროკრატიის ამოცანა კი ის არის, რომ დაიცვას თავისი უფლებები.

თუ გააცანით ეს აზრი ხელისუფლებაში მოსულქართულ ოცნებას“?

- მე კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვარ და არა - პოლიტიკური პარტია. თუ დაინტერესდებიან, ვუპასუხებ.

ამ უწყებებში მომუშავე ხალხი სად წავა? დაუსაქმებლები დარჩებიან?

- ეს ხალხი არ არის დასაქმებული, ესენი იღებენ ჩემსა და თქვენს ფულს, გადასახადის გადამხედელთა ფულს, და არანაირად არ გვემსახურებიან. ისინი დასაქმებულნი არ არიან, ისინი არიან წურბელები.

მართალია, მაგრამ ამ უწყებებში დასაქმებული ადამაინები მაინც ხომ თვლიან თავს ოჯახში ფულის შემტანად?

- მაშინ პირდაპირ ვუწოდოთ, რატომ მოვიტყუოთ თავი. ავიღოთ და პირდაპირ მივცეთ ასეთ ადამიანებს ფული. ეს ფული ხომ ისედაც ჩვენი ჯიბიდან მიდის.

მაგრამ ახალი ხელისუფლებისთვის არაპოპულარული იქნება ამ ხალხის გაყრა.

- მესმის, რომ არაპოპულარული იქნება, მაგრამ მე ხომ არ ვარ ხელისუფლებაში?! მე ვარ ექსპერტი. ჩემი ამოცანაა, ვთქვა, რომ ეს არის პრობლემა. თუ ამ პრობლემას სერიოზულად შეხედავენ, დღესა თუ ხვალ გამოსავალს გამოძებნიან.

აღნიშნული სამინისტროები არც სხვა ქვეყნებში ამართლებენ?

- ბევრ ქვეყანაში ეს სამინისტროები ფუნქციონირებს, მაგრამ ყველგან აკეთებენ იმას, რასაც ჩვენთან. ეს კი ხელს უშლის რეალური ცოდნის გავრცელებას, რეალური ეკონომიკური პოლიტიკის განვითარებას. ისინი ახდენენ უნიფიცირებას, ჩარჩოში ჩასმას, რაც დაუშვებელია. ჩვენ თავისუფალი არსებები ვართ, ამიტომ, როდესაც სურთ, ერთ სტანდარტში მოგვაქციონ, ვიღაც რჩება ამ სტანდარტს მიღმა და ის იჩაგრება. ყველა ბავშვი ხუთოსანია, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ 32-ბავშვიან კლასში  შედის ერთი მასწავლებელი, მას ხომ არ შეუძლია 32 ენაზე საუბარი? ამიტომაც ემოციურად, ფსიქოლოგიურად ელაპარაკება ერთ ან ორ ენაზე. შესაბამისად, ძალიან ბევრი ბავშვი იმ ტალღაზე ვერ ხვდება და ბავშვების დიფერენციაცია ხდება. ზოგიერთი ბავშვი მასწავლებლის ტალღაზე იღებს ინფორმაციას, ზოგი კი - ვერ იღებს. ამიტომ ზოგიერთი ოროსანი ხდება, ზოგი კი - ხუთოსანი, იმიტომ კი არა, რომ ბუნებით ის არის ოროსანი. თუ ჩვენ მეტ ჩარჩოს შევქმნით, უფრო მეტ ადამიანს დავტოვებთ ოროსანს და მათი შემოქმედებითი უნარების გამომჟღავნების დაბალ შანსს ვტოვებთ. ვისაც უნდა მეკამათოს ამ თემაზე. ჩვენი ფულის დახარჯვა უნდათ და კიდევ აქეთ გვეუბნებიან, თქვენ რა იცით, ჩვენ მაგრები ვართო. ასე არ არის.