ყალბი ღიმილი სტრესს იწვევს და ალკოჰოლის მიღების სურვილს ამძაფრებს - ფსიქოლოგების დასკვნა

ყალბი ღიმილი სტრესს იწვევს და ალკოჰოლის მიღების სურვილს ამძაფრებს - ფსიქოლოგების დასკვნა

როცა ადამიანი გიღიმით, როგორც წესი, ეს მიუთითებს, რომ ის მეგობრულადაა განწყობილი, რომ ის ბედნიერი და სასიამოვნო ადამიანია, თუმცა ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ყალბი ღიმილი რეალურად სასიამოვნო განცდას კი არ გვიტოვებს, არამედ სტრესის გამომწვევი მიზეზი ხდება, როგორც ყალბად მომღიმარი ადამიანისთვის, ასევე მისთვისაც, ვინც მას უყურებს.

პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც სამსახურში ყალბად უღიმიან ერთმანეთს, საღამოს ალკოჰოლის მიღება უნდებათ ყალბი ღიმილით გამოწვეული სტრესის დასაძლევად.

კვლევის თანახმად, რაც უფრო ყალბები არიან ადამიანები ერთმანეთის მიმართ სამსახურში, მით უფრო მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვთ დღის ბოლოს, უფრო დაღლილები არიან და თავს ცუდად გრძნობენ.

მკვლევართა თქმით, ადამიანი რაც უფრო ცუდად გრძნობს ფსიქოლოგიურად თავს, მით უფრო მეტად უნდება ალკოჰოლის მიღება. სწორედ ამიტომ, მას ვინც ყალბად იღიმის, ან ვისაც მთელი დღის განმავლობაში ყალბად უღიმიან, ალკოჰოლისადმი მიდრეკილება უყალიბდება.

„თუ მთელი დღის განმავლობაში მომხმარებელს ყალბად უღიმით, ეს უარყოფითი ენერგიით გავსებთ, სტრესში გაგდებთ და დეპრესიის განმაპირობებელი ხდება“, - ამბობს ფსიქოლოგი, ალისია გრენდი. მისი განმარტებით, ყოველივეს დასავიწყებლად კი ადამიანები ალკოჰოლს მიირთმევენ.

„ღიმილი, როგორც სამუშაოს ნაწილი“ - ცუდად არ ჟღერს, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში იღიმოდე, მაშინ, როცა სულაც არ გინდა ეს, უმძიმეს ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს“, - ამბობს გრენდი.