"მინდა, შვილები კიდევ მყავდეს... ბიზნესის კუთხითაც საინტერესო გეგმები მაქვს" - როგორ ცხოვრობს დღეს 90-იანი წლების პოპულარული მომღერალი

მომღერალი ქეთი მერკვილაძე, რომელიც 90-იან წლებში პოპულარობის ზენიტში იყო, დღეს ფართო საზოგადოების წინაშე იშვიათად ჩნდება, თუმცა კვლავ პოპულარულია - მშვენიერ ქალს ყველა ცნობს და მომღერალიც ცდილობს, ყოველთვის კარგად გამოიყურებოდეს - "მშვენიერი ქალის" სტატუსი გაამართლოს. მუსიკალური კარიერა არ მიუტოვებია, უბრალოდ, როგორც გვითხრა, პრიორიტეტები შეეცვალა...

ქეთი, პირველად როდის იგრძენით თავი მშვენიერ ქალად? საკუთარი მომხიბვლელობა როდის გააცნობიერეთ?

- ალბათ, სკოლის დამთავრების შემდეგ. ბავშვობაში პრანჭია არ ვყოფილვარ, არც პრეტენზიული გახლდით: დედა როგორ სამოსს, ფეხსაცმელსა თუ ვარცხნილობასაც შემირჩევდა, თანახმა ვიყავი. გაპრანჭვას ჩემს საქმიანობას ვუკავშირებ: 15 წლის ვიყავი, როცა სცენაზე ჩემი სასიმღერო დებიუტი შედგა. სცენისთვის, ფოტო თუ სატელევიზიო გადაღებისთვის გაპრანჭვა საჭირო იყო, მანამდე არც მაკიაჟს ვიკეთებდი - სადად გამოვიყურებოდი.

ახლა გარეგნობაზე ზრუნვას რამდენ დროს უთმობთ?

- ისევ პროფესიის გამო, ეს ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. როდესაც სახლიდან გავდივარ, მცნობენ. პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომ კარგად გამოვიყურებოდე და მგონი, ყოველთვის ვახერხებ, კარგ ფორმაში ვიყო.

თქვენს მაგალითზე გვითხარით, დიდი ფინანსური სახსრებია საჭირო, რომ ქალი კარგ ფორმაში იყოს, თავს მოუაროს?

- ამისთვის ფინანსები ნამდვილად საჭიროა. ამბობენ, სახლის პირობებში დამზადებული ნიღბების (ხილის, ყინულის...) გამოყენებაც შეიძლებაო, მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. გარკვეული დოზით, მატერიალურად უზრუნველყოფილი მაინც უნდა იყო, რომ საკუთარ გარეგნობას - თმას, სხეულს, სახეს - მოუარო. რა თქმა უნდა, ფინანსები საჭიროა, მაგრამ ოქროს შუალედის მოძებნაც შეიძლება: აუცილებელი არ არის, ძალიან ძვირად ღირებული საცხები შეიძინო. მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, საკმაოდ ძვირად ღირებული საცხი შემიძენია, მაგრამ არ მომიხდა და შემიცვლია. ქალი თუ მოინდომებს, თავის მოვლას მოახერხებს. როცა გოგონა ახალგაზრდაა, მას ბევრი არაფერი სჭირდება - ისედაც ლამაზია. რა თქმა უნდა, თანდათან ხელშეწყობა დასჭირდება...

ამჟამად, თქვენი ყოველდღიური საზრუნავი რა არის?

- შვილი ჩემი უმთავრესი საზრუნავი, დიდი სიყვარული და საერთოდ, ყველაფერია. წინათ თუ მთელი დღე ჩემს რეჟიმზე იყო აწყობილი, ახლა უმთავრესი ჩემი შვილის დღის რეჟიმია. ძიძა პრინციპულად არ ავიყვანე - შვილი თავად გავზარდე. დედა ძალიან მეხმარებოდა. მთელ ყურადღებას, ენერგიას გიოს ვუთმობთ: ვიღვიძებთ, სკოლაში მივდივართ... შემდეგ, თუ ბავშვს რამე სჭირდება, მთელი დღე მის რეჟიმზეა აწყობილი.

თქვენი შვილი გაგვაცანით: რა ინტერესები აქვს? დედა-შვილს როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- გიო 8 წლის გახლავთ. კერძო სკოლაში დადის. იქ საკმაოდ ბევრ დროს ატარებს. სკოლაში ბევრი წრე ფუნქციონირებს. შევნიშნე, რომ გიო ფოტოებს იღებს - მგონი, ფოტოგრაფია აინტერესებს. ვაკვირდები: ფოტოგრაფიის მიმართ ინტერესს თუ კიდევ გამოხატავს, შეიძლება, შესაბამის წრეზე "ჩავეწეროთ" და ამ მიმართულებით ცოდნა გაიღრმაოს. ვიდეოებსაც იღებს. ერთხელ მითხრა, - ბლოგერობა მინდაო. ახალი თაობის წარმომადგენელია და სხვა ინტერესები აქვს. ნამდვილად არ ვეწინააღმდეგები. მეგობრულ-დედაშვილური ურთიერთობა გვაქვს. არ მინდა, ბრძანებებით აღვზარდო. მუდმივი დიალოგი გვაქვს, რამის გაკეთებას არ ვაიძულებ. მის აზრს, გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, თუმცა თუკი რაღაცას არასწორად ფიქრობს, არგუმენტირებულად ვუხსნი, რატომ არ უნდა მოიქცეს ასე... როგორც ვხედავ, ასეთი ურთიერთობა უფრო მისაღებია, მით უმეტეს - ახალი თაობისთვის. ასაკის შესაფერის, თავის პატარ-პატარა პრობლემებს, საზრუნავს მანდობს... მოკლედ, შვილის აღზრდასთან დაკავშირებით, ავტორიტარული მიდგომა არ მაქვს.

შვილის დაბადებამ თქვენი გეგმები, თუნდაც - კარიერასთან დაკავშირებული, ხომ არ შეცვალა?

- პრიორიტეტები შეცვალა. როგორც აღვნიშნე, პირველ ადგილზე ჩემი შვილი დგას. მე და ჩემი მეუღლე ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ის უზრუნველყოფილი იყოს. ვცდილობთ, საჭირო განათლება მივცეთ და ყველანაირი პირობა შევუქმნათ, რომ კარგ ადამიანად აღვზარდოთ. ჩემს კარიერას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ჩემი ეგო მეორე ადგილზე გადავიდა, წინ კი ჩემმა შვილმა წამოიწია... ეს შინაგან დისკომფორტს არ მიქმნის, პირიქით - ამით ნამდვილად ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. მინდა, შვილები კიდევ მყავდეს. მიმაჩნია, რომ ქალის უმთავრესი დანიშნულება ბავშვის გაჩენა და კარგი შვილის აღზრდა გახლავთ... რა თქმა უნდა, პერიოდულად მუსიკის სფეროშიც რაღაცებს ვაკეთებ: ორ სიმღერაზე მუშაობა უკვე დაწყებული მაქვს... კიდევ მსურს, სხვა საქმიანობითაც დავკავდე, რადგან გიო ცოტათი გაიზარდა და იმდენი დრო აღარ სჭირდება, რამდენიც წინათ - გარკვეულ დროს სკოლაში ატარებს. მოკლედ, ბიზნესის კუთხითაც საინტერესო გეგმები მაქვს.

რა მიმართულებით?

- ისევ მშვენიერებას უკავშირდება: სალონის გახსნას ვფიქრობ. ამ საკითხზე ვმუშაობ, რომ საინტერესო, მიმზიდველი სიახლე შევთავაზო ქალბატონებს (და არა მხოლოდ მათ).

ალბათ, გიოს თქვენი ყველაზე პოპულარული სიმღერა - "ქალს" მოსმენილი აქვს. მოსწონს? საერთოდ, თქვენი სიმღერის მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვს?

- ეს სიმღერა ძალიან მოსწონს. აღფრთოვანებული მიყურებს ხოლმე, როცა ხედავს "იუთუბზე" ჩანაწერებს რამდენი "ნახვა" აქვს. თუ ტელევიზიაში გადაღებაზე მივდივარ, ძალიან უხარია. ახლახან გადაცემაში ვიყავი სტუმრად და ამით აღფრთოვანებული იყო. სხვათა შორის, შინ დაბრუნებულს ისე მკითხა, როგორც გაზრდილმა ბავშვმა: - დედა, გადაღებამ როგორ ჩაიარაო? - გმადლობ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა-მეთქი, - ვუპასუხე. - კარგი მაშინო... ზოგადად, ჩემით აღფრთოვანებულია: სიმღერით, გარეგნობით, ურთიერთობით და საერთოდ, ყველაფრით. დიდი მეგობრები ვართ.

რაკი ტელეგადაცემა ახსენეთ, გვითხარით - პროტესტის გრძნობა ხომ არ გიჩნდებათ, რომ თქვენს რეპერტუარში არსებული სხვა სიმღერების მიუხედავად, მაინც ყოველთვის სიმღერის - "ქალს" შესრულებას გთხოვენ?

- პროტესტის გრძნობა არ მიჩნდება. როგორც ჩანს, ამ სიმღერის მოსმენა ხალხს ყოველთვის უხარიათ. ეტყობა, მამამ, რომელიც მაშინ ჩემი პროდიუსერი იყო, სწორად გათვალა ტექსტიც, მელოდიაც, არანჟირებაც, გიტარის თანხლებით სიმღერის შესრულებაც... ეს ყველაფერი ერთმანეთთან ისე იყო შერწყმული, რომ ხალხის დიდი მოწონება და სიყვარული ხვდა წილად და დღემდე აქტუალურია.

მამასთან დღესაც თანამშრომლობთ?

- კი, რა თქმა უნდა. ახლაც ერთად ვფიქრობთ, ვმსჯელობთ, განვიხილავთ... ხალხური სიმღერა - "ვაჟკაცო" რომ განვაახლეთ, ესეც მისი იდეა იყო - თანამედროვე ჟღერადობით "გაგვეკეთებინა"... მამა პროფესიით მენეჯერი, პროდიუსერი გახლავთ და სწორ გათვლებს აკეთებს.

ქეთი, თითქოს ჟურნალისტებთან ურთიერთობისას დისტანციას იცავთ. საჯაროდ გამოჩენასთან დაკავშირებით, თქვენი ასეთი დამოკიდებულება რამ განაპირობა?

- ყოველთვის ყველგან ყურადღების ცენტრში ყოფნა ჩემთვის მთავარი არ არის, მით უმეტეს - მას შემდეგ, რაც კარიერა თითქოს მეორე ადგილზე გადავიდა: ჩემთვის მთავარი ოჯახი - მეუღლე და ჩემი შვილია. კი, ჟურნალისტებთან ზომიერად დისტანცირებას ვცდილობ.

თუ შეიძლება, ცოტა რამ თქვენი მეუღლის შესახებაც გვიამბეთ...

- ჩემი მეუღლე - თეიმურაზ გადელია ფეხბურთელი გახლავთ. თამაშობდა სოხუმის "ცხუმში", თბილისის "დინამოსა" და ბათუმის "დინამოში", შემდეგ "წლის საუკეთესო ფეხბურთელი" გახდა, რუსეთში მიიწვიეს - "კრისტალში", "ბალტიკაში" თამაშობდა... ამჟამად, ფეხბურთს აღარ თამაშობს - ბიზნესით არის დაკავებული. ძირითადად, მისი საქმიანობა საქართველოს არ უკავშირდება.

მისი საქმიანობის გამო, განშორება ხშირად გიწევთ?

- ბოლო დროს, როცა გიო სკოლაში შევიყვანეთ, განშორება უფრო ხშირად გვიწევს, მაგრამ მანამდე მე და ჩემი შვილიც მასთან ერთად ვმოგზაურობდით. ახლა შევთანხმდით და გადავწყვიტეთ, რომ შვილი სკოლაში საქართველოში შეგვეყვანა, თუმცა შესაძლებლობა გვქონდა, ევროპაში ესწავლა. მეც და ჩემი მეუღლეც დაახლოებით 2 წელი ვფიქრობდით, როგორ მოვქცეულიყავით, რადგან მიგვაჩნია, რომ ბავშვი ფესვებს, სამშობლოს, მშობლიურ გარემოს არ უნდა მოსწყდეს, ქართული უნდა იცოდეს, ქართული მენტალობა ჰქონდეს... მშობლის მცდელობის მიუხედავად, ეს მაინც სადღაც იკარგება ხოლმე, როცა ადამიანები საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში მიდიან... ასე რომ, მეუღლესთან განშორება მიწევს ხოლმე, მაგრამ გარკვეულწილად, ეს კარგიც არის - ერთმანეთის მონატრებას ვასწრებთ.

მეუღლე ქათინაურებით განებივრებთ?

- სხვათა შორის, ბევრი საუბარი არ უყვარს. საკმაოდ თავშეკავებული ადამიანია, მაგრამ როცა ქათინაურს მეუბნება, ეს ძალიან ფასეულია. ასეთი ადამიანები მომწონს: კაცი ბევრს არ უნდა ლაპარაკობდეს, თავისი დამოკიდებულება საქციელით უნდა წარმოაჩინოს. მთავარია, ბედნიერად მაგრძნობინოს თავი.

ცოლქმრულ ურთიერთობაში კრიზისული პერიოდი გქონიათ?

- 10 წელი გახდა, რაც დაოჯახებული ვარ. ღვთის წყალობით, ოჯახში კრიზისი ნამდვილად არ გვქონია და იმედი მაქვს, არც არასდროს გვექნება. პატარ-პატარა კონფლიქტი ყველა ოჯახში ხდება, მაგრამ ისეთი სირთულე არ შეგვქმნია, რომ ვერ შევთანხმებულიყავით. ჩვენს ურთიერთობას, გრძნობებს ორივე ვუფრთხილდებით.

სტრესთან გამკლავების რა მეთოდი გაქვთ?

- განწყობის შესაბამის მუსიკას ყოველთვის ვუსმენ, მაგრამ ჩემთვის პირველი მამოძრავებელი ძალა და გამაბედნიერებელი ჩემი შვილი გახლავთ. როცა მას ვუყურებ და ვაცნობიერებ, რომ მას სჭირდება დედა, მზრუნველობა, სიყვარული, ეს დიდ ძალას მაძლევს. ამაზე დიდი მოტივატორი რა უნდა იყოს?!. ალბათ, ამ მხრივ, სხვამ უნდა შემაფასოს, მაგრამ მიმაჩნია, რომ სუსტი არ ვარ. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ნაზი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ, შინაგანად ძლიერი უფრო ვარ, ვიდრე სუსტი.