"ჩემთვის ყველაფერი შვილების გარშემო ტრიალებს" - როგორ გრძელდება განო მელითაურის ცხოვრება კოტე თოლორდავას გარდაცვალების შემდეგ

„2015 წლის შემდეგ მომავალს არ ვგეგმავ. ვცხოვრობ დღეს და აქ და ვაფასებ ყველა მომენტს, რაც დღეს მაქვს. ვთვლი, რომ ცხოვრება არის დღეს. არც გუშინ იყო და არც ხვალ იქნება და ამით უნდა ვიცხოვროთ“ - აცხადებს „სარკესთან საუბარში განო მელითაური.

განო, ამჟამად რას საქმიანობთ?

- გავაკეთე ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკა, რომელსაც ჩემს მეოთხე შვილს ვეძახი.მისი ისტორია დაიწყო 2017 წელს, როდესაც მე და კახა გაგნიძემ დავაფუძნეთ სრუალიად ახალი ხედვის კომპანია, რომელსაც მოდის ინდუსტრიაში უნდა შეექმნა განსხვავებული ბრენდები ქართული ბაზრისთვის.

ინოვაციური ფაბრიკის ისტორია დაიწყო, მაშინ როდესაც სამაგისტრო ნაშრომს ვასრულებდი პოლონეთში, ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტში. ჩემი სადიპლომო ნაშრომი გავაკეთე სამეცნიერო კვლევაზე, რომელიც ეხებოდა ფერების მიმღებლობას საქართველოში. უნიკალური ნაშრომი გამოვიდა.

ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკა ორიენტირებულია სოციალური პროექტების განხორციელებაზეც. დაახლოებით შვიდწლიანი განვითარების გეგმა შევიმუშავეთ, რომლის ფარგლებშიც პირველი ნაბიჯი იყო ფერების მიმღებლობის კვლევა. შემდეგ მასზე დაყრდნობით უნდა გაკეთებულიყო ახალგაზრდული ტანსაცმლის ხაზი და ასეც მოხდა.

შარშან ბაზარზე გამოვიტანეთ ბრენდი კომბინიზონა, რომელიც იყო ქართველებისთვის და ასევე საბავშვო ხაზი. მომხმარებელს იმდენად მოეწონა დიზაინი, ტანსაცმლის კონცეფცია , რომ დაახლოებით 3 კვირაში გაიყიდა სრული კოელქცია.

როგორ ანაწილებთ დროს საქმესა და ბავშვებზე?

- სამწუხაროდ, ბავშვებთან 24 საათი ვერ ვარ. მაგრამ მათ გარეშე ჩემი არსებობა წარმოუდგენელია. ყველაფერს მათთვის ვაკეთებ, მშობლები მეხმარებიან.

ტასო 10 წლის არის. ძალიან დაკავებულია, კლასიკური ჩოგბურთის თამაში დაიწყო, სხვადასხვა საგნებში ემზადება და წამი არ აქვს თავისუფალი. ტასოს აქვს დიზაინის და ვიზუალის მონაცემები, იმედია მომავალში ამ საოჯახო ბიზნესის ბორდს გადაიბარებს. თუ მამის გზას არ გაჰყვა.

თარაში 7 წლის არის, ძალიან საყვარელი, მოწესრიგებული მამაკაცია. თქმა არ სჭირდება, რომ იმეცადინოს. დაიძინოს ან დაგვიჯეროს. ტასოს უფრო მეამბოხე ხასიათი აქვს.

რაც შეეხება ლოლიტას, ის უკვე სამწლინახევრის არის. მხიარული, მუსიკალური გოგონაა. ტასოს, ყველაფერზე თავის აზრი აქვს, სამართლიანი ადამიანია. თარაში უფრო სენსიტიური ადამიანია, ტასო არ ლაპარაკობს იმაზე რაც აწუხებს, რაც ორმაგად მანერვიულებს. ლოლიტა ქარბორბალაა, განვიტარებით თავის ასაკს უსწრებს.

ჩემთვის ყველაფერი შვილების გარშემო ტრიალებს, სულ მაფორიაქებს იმაზე ფიქრი, ვუკეთებ კი იმ ყველაფერს, რაც მინდა მათთვის?

როგორია ახლა განო მელითაური, რომელმაც დიდი განსაცდელი გამოიარა?

- დედას გეფიცებით საკუთარ თავზე არ ვფიქრობ. ჩემს წინაშე დგას ისეთი განო, როგორიც 3 წლის ვიყავი. ისეთივე მეოცნებე, როგორიც მაშინ ვიყავი. მაშინაც ასეთი ფასეულობები მქონდა.