კობერიძის შემდეგ უმრავლესობას ერქვანია დატოვებს

კობერიძის შემდეგ უმრავლესობას ერქვანია დატოვებს

უმრავლესობის დაშლის პროცესი გრძელდება. ლევან კობერიძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. დეპუტატი ამ ეტაპზე საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებს. გადაწყვეტილება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს უკავშირდება. მან უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა მისცა.

კობერიძე არ იყო ერთადერთი, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე უმრავლესობის საკანონმდებლო პაკეტის წინააღმდეგ მისცა ხმა. ალექსანდრე ერქვანია, რომელმაც ასევე არ დაუჭირა მხარი, ამ ეტაპზე უმრავლესობაში რჩება, თუმცა დროებით.

ლევან კობერიძე ამბობს, რომ ამ დროისთვის არავისთან არ აქვს გადაწყვეტილი ალიანსი, იქნება ეს ეკა ბესელია, კობა ნარჩემაშვილი თუ ნებისმიერი სხვა. დეპუტატის განცხადებით, უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილებით, იმ პროცესს გაემიჯნა, რომელიც მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით მიმდინარეობდა. ამასთან, როგორც მან განმარტა, გადაწყვეტილების შესახებ უმრავლესობაში კონსულტაციები არ ჰქონია, თუმცა აღნიშნავს, რომ პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ამის შესახებ ინფორმირებულია.

„ვაპირებ გავაგრძელო ძალიან აქტიური ცხოვრება და საქმიანობა. ჩემი კონკრეტული გეგმები გამაჩნია და უახლოეს პერიოდში ჩემს ამომრჩეველს და მედიას ამის შესახებ ეცოდინება. დამოუკიდებელი სტატუსი მექნება. ეს კანონპროექტი ჩემთვის წყალგამყოფია. არამარტო კანონპროექტი, არამედ მთლიანად პროცესის ფორმა ამ თემასთან დაკავშირებით როგორც მიმდინარეობდა. გარდა ამისა, არსებობს საკითხები, რომელიც ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა.

ამ წუთას არავისთან არ მაქვს გადაწყვეტილი ალიანსი, იქნება ეს ეკა ბესელია, კობა ნარჩემაშვილი თუ ნებისმიერი სხვა. მივიღე ჩემი გადაწყვეტილება და მაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა მომავლის. კონსულტაციები დატოვებასთან დაკავშირებით პარტიაში არ მქონია, თუმცა პარტიის თავმჯდომარემ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ იცის“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ლევან კობერიძემ.

უმრავლესობისთვის ლევან კობერიძის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძეს განცხადებით, კობერიძეს ჰქონდა შანსი, არ აეწყო ფეხი სუბიექტური ინტერესებით მოძრავი პოლიტიკოსებისთვის. მისი თქმით, კობერიძე უფრო ადრე უნდა წასულიყო უმრავლესობიდან, რადგან შიგნითაც და გარეთაც აფიქსირებდა განსხვავებულ პოზიციას.

„ლევან კობერიძე ფორმალურად ინარჩუნებდა უმრავლესობის წევრის სტატუსს და უმრავლესობიდან წასვლა დაამთხვია „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას. ლევანის ძველი განცხადებებიც რომ ნახოთ, ის ყოველთვის ამ პოზიციაზე იდგა. ამიტომ ვამბობ, რომ ფორმალურად ინარჩუნებდა უმრავლესობის წევრის სტატუსს და დღეს დაამთხვია მაინცდამაინც მესამე მოსმენას. ეს არის პოლიტიკური თამაშის ნაწილი, რომელ პოლიტიკურ თამაშშიც ჯერ ჩართული იყო თავის დროზე ეკა ბესელია, შემდეგ, ოდნავ მოგვიანებით ზვიად კვაჭანტირაძე“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას მამუკა მდინარაძემ.

მაშ ასე, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებები 87 ხმით მიიღეს. პროექტის წინააღმდეგ ხმა 33–მა დეპუტატმა მისცა. მესამე მოსმენით განხილვას წინ პოლიტიკური დებატები უძღოდა. საპარლამენტო ოპოზიციამ საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენაზე დაბრუნება მოითხოვა, რაც უმრავლესობამ არ გაიზიარა.

ახალი კანონპროექტით რეგულირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა, დგინდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის პროცედურა.

კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტი დაკორექტირდა და მასში ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაცია აისახა. კორექტირებულ ვარიანტში აისახა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთათვის საკვალიფიკაციო გამოცდის გაუქმების თაობაზე.

ასევე ჩაიწერა, რომ თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, იგი კანდიდატების შეფასებისა და ხმის მიცემის უფლებით პროცედურის არც ერთ ეტაპზე არ სარგებლობს, აგრეთვე არ არის უფლებამოსილი კითხვით მიმართოს კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მათი მოსმენისას არც ერთ ეტაპზე.

პარლმენტის იურდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, ანრი ოხანაშვილი ამტკიცებს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონი უზრუნველყოფს, ღირსეული კანდიდატების არჩევა გამჭვირვალედ წარიმართოს. როგორც დეპუტატი აცხადებს, მიღებული კანონი მრავალეტაპიან პროცედურას ითვალისწინებს.

„სამწუხარო რეალობაა, როდესაც პარლამენტის წევრები პირდაპირ პოლიტიკური განცხადებებით ზეწოლასა და ზემოქმედებას ახდენთ სასამართლო სისტემაზე. შეიძლება, არ მოგვწონდეს კონკრეტული საკითხები, გადაწყვეტილებები და სრული ლეგიტიმაცია გვაქვს, პოზიციები დავაფიქსიროთ, მაგრამ ის ინტენსივობა, რამაც ზეწოლის და ზეგავლენას მიაღწია, დაუშვებელია.

ერთი მხრივ საუბრობთ, რომ სასამართლო სისტემა უნდა იყოს ჯანსაღი და უფრო ძლიერი, მაგრამ თქვენივე განცხადებებით ზემოქმედებთ მასზე. მმართველ პარტიას აქვს იმის ამბიცია, რომ სასამართლო სისტემის შეჩერების უფლება არც ერთ პოლიტიკურ გაერთიანებას არ მისცეს. ეს ნარატივი ახლავს ამ ყველაფერს და ვწუხვარ, რომ ამ ყველაფრის ძალიან აქტიური მონაწილეები არიან ჩვენი გუნდის ყოფილი წევრები“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

„ჩვენ, ბოროტებმა კეთილი მოსამართლეების დისკრედიტაცია მოვახდინეთ და მაინტერესებს, მათი გადაწყვეტილება როგორ დაიმსახურებს საზოგადოების ნდობას?“, – ასე მიმართა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს.

„მე ისე მოგმართავთ, როგორც კონსტრუქციული ოპოზიცია, ამიტომ დაუშვით ეს გამონაკლისი და მომისმინეთ, სხვანაირად დამასმევინეთ კითხვა. მინდა, დავაზუსტო - ჩვენ მოვახდინეთ როგორც პროცესის, ისე შესაბამისად, ამ პროცესის მთავარი პროტაგონისტების დისკრედიტაცია. ანუ, ჩვენ კლანი ვეძახეთ ამ ადამიანებს, ყოველთვის ვასახელებდით და მოვახდინეთ მათი დისკრედიტაცია. როგორ წარმოგიდგენიათ, დისკრედიტირებული მოსამართლეების გადაწყვეტილება რამდენად დაიმსახურებს საზოგადოების ნდობას?

ეს მაინტერესებს, თორემ პროცედურაზე აღარ ვსაუბრობ – როგორ ავირჩევთ, კონტექსტი რა არის, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და ა.შ. კონკრეტული პასუხი მაინტერესებს. განზრახ ჩვენ, ბოროტებმა კეთილების დისკრედიტაცია რაც მოვახდინეთ, დისკრედიტირებული, ამ კეთილი მოსამართლეების გადაწყვეტილება როგორ დაიმსახურებს საზოგადოების ნდობას და ხომ არ დააყენებს ეს პროცესი ნებისმიერი გადაწყვეტეილების მართებულობას კითხვის ნიშნის ქვეშ?“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

უმრავლესობის ყოფილი წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წარსულისკენ.

„ეს იყო „ოცნების“ ოცნებების საკუთარი ხელით დამარხვა, კიდევ ერთი გამოუყენებელი შანსი. ჩვენი შემდეგი ნაბიჯი მალე გახდება ცნობილი, რადგან პროცესმა აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ წარსული პოლიტიკური ძალაა“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკა ბესელიამ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ მოსამართლეების საკითხზე პრინციპული რეკომენდაციების სრული იგნორი მოახდინა. როგორც ბოკერია აცხადებს, მოსამართლეების საკითხი ძალიან მძიმე პრობლემაა, რადგან მისი თქმით, ხელისუფლებამ მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე რეკომენდაციები არ გაითვალისწინა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილის გუნდმა პრინციპული რეკომენდაციების სრული იგნორი მოახდინა – როგორც დემოკრატიული ოპოზიციის, ისე სამოქალაქო საზოგადოების და რაც მთავარია, ვენეციის კომისიის, ეუთო–ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების, რომლებზეც თვითონ განაცხადეს, რომ ყველაფრის გათვალისწინებას აპირებდნენ, რაც კონსტიტუციის საწინააღმდეგო არ იქნებოდა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

უ ც ხ ო : ბოლოს ვინც წამოხვალთ, შუქი გამორთეთ!
4 წლის უკან
უ ც ხ ო : ბოლოს ვინც წამოხვალთ, შუქი გამორთეთ!
4 წლის უკან