10 მიზეზი, რომლითაც შეგიძლიათ თავი გაიმართლოთ, თუ სისულელე დაპოსტეთ

10 მიზეზი, რომლითაც შეგიძლიათ თავი გაიმართლოთ, თუ სისულელე დაპოსტეთ

უსაზღვრო შესაძლებლობების მიუხედავად, ინტერნეტი დიდი გამოწვევაა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ინფორმაციის განთავსებამდე 5-მდე არ ითვლიან.

სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდება, თუ საჯარო პირი ან პოლიტიკური ფიგურა ხარ. მაგალითად, 29 აპრილს, როდესაც თქვენ სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებულ ყოველდღიურობაში იყავით ჩაფლული, სალომე ზურაბიშვილმა დონალდ ტრამპის ტვიტი გადატვიტა. მასში ტრამპი საპრეზიდენტო კანდიდატს ჯო ბაიდენს "მძინარას" უწოდებს.

როცა იმ პოსტის გამო გაგაკრიტიკებენ, რომლის სისწორეშიც დარწმუნებული არ ხართ, მაგრამ იმასაც ხვდებით, რომ რაღაც ცუდი გააკეთეთ, შეიძლება ემოციებმა და კითხვის ნიშნებმა თავბრუ დაგახვიოთ. ასეთ დროს კი გამოსავლის ძებნა ცოტა რთულია. იმისთვის, რომ თქვენი "უდანაშაულობა" დამაჯერებლად ჩანდეს, გთავაზობთ წინასწარ გამზადებულ 10 უნივერსალურ იდეას, რომლითაც ინტერნეტის მორევიდან მშრალი ამოხვალთ.

მობილური დავკარგე

ამ მიზეზის გამოყენება კრიტიკის დასაწყისშივე იქნება სწორი. რაც უფრო მალე გამოაქვეყნებთ სულისშემძვრელ პოსტს თქვენს საყვარელ მობილურსა და მასში არსებული ინფორმაციის დაკარგვაზე, მით უფრო მალე გადაფარავთ იმ ჩასაფრებული ხალხის სტატუსებს, რომლებიც შეცდომის დაშვების უფლებას არ გაძლევენ. სჯობს გაკვრით ეს ჯადოსნური ფრაზაც აღნიშნოთ:

"ჩემგან თუ რამე მოგივიდათ, მე არ ვაარ".

ფეისბუქის მორიგი პრობლემაა

ფეისბუქის ბოლოდროინდელი სკანდალების ფონზე მარტივად შეიძლება დაარწმუნოთ საზოგადოების ნაწილი, რომ ეს გაზიარებული პოსტი უსაფრთხოების მორიგი გარღვევაა. რა თქმა უნდა, პროვოკატორები უცნაური ლექსიკით კონტრარგუმენტებს მოიყვანენ და ინგლისურენოვანი სტატიებით ეცდებიან დაგადანაშაულონ ტყუილსა და უპასუხისმგებლობაში, მაგრამ მთავარია დამაჯერებლობა შეინარჩუნოთ და მსხვერპლის იმიჯიდან არ გამოხვიდეთ.

მოჩვენებები მაწუხებე

შეგიძლიათ თქვათ, რომ რეზიდენცია, რომელშიც ახლახან გადაცხოვრდით, უცნაურობებითაა სავსე. აღნიშნოთ, რომ სახლში გამუდმებით იკარგება ნივთები და უცნაური ხმები ისმის. თქვენი უცნაური პოსტი ფეისბუქზე, ტვიტერზე ან ინსტაგრამზე კი სწორედ ამ აუხსნელი მოვლენების ნაწილია. ღამით გამოქვეყნების შემთხვევაში, ამ პოსტის ეფექტიანობა და დამაჯერებლობა ერთი ორად გაიზრდება.

ჩემი ძაღლი იჯდა კომპიუტერთან

შეგიძლიათ სასწრაფოდ მოიყვანოთ შინ შინაური ცხოველი ან ფრინველი და დაუფიქრებელი პოსტი სწორედ მათ ონავრობას დააბრალოთ. მაგალითად კატა, რომელმაც კლავიატურაზე გადაირბინა. ან თქვათ, რომ მაღალტექნოლოგიური მობილური გაქვთ, რომელიც საუბარს პირდაპირ ტექსტად კრეფს და აგენტად შემოგზავნილმა თუთიყუშმა ეს მეთოდი თქვენი მტრების წისქვილზე წყლის დასასხმელად გამოიყენა. თუ ამ პოსტს ცხოველის საყვარელ სურათსაც მოაყოლებთ, თქვენს მიმართ კრიტიკა უეცრად გადაიზრდება თანაგრძნობასა და კეთილგანწყობაში.

მთვარეული ვარ

შეგიძლიათ ემოციური პოსტი გამოაქვეყნოთ იმაზე, რომ თქვენს ჯანმრთელობაზე სადავეები ხელიდან გაგექცათ. რადგან უკვე იტყუებით, დიდი შანსია, რომ ამ პოსტის არაეთიკურობაზეც არ გქონდეთ პრობლემა. თუმცა, თუ კევინ სპეისის მაგალითს გავიხსენებთ, დანაშაულის გადაფარვა თქვენი "აღიარებით" შესაძლოა არც ისე წარმატებული აღმოჩნდეს, ამიტომ ხაზი გაუსვით იმას, რომ პრობლემის გადაჭრაზე მუშაობთ და ძილის დროს აპირებთ ინტერნეტი მთელ სახლში გამორთოთ.

პოლიტიკურად ანგაჟირებული I სპეციალისტი მყავს

შეგიძლიათ სასწრაფოდ გამოიგონოთ ადამიანი, რომელიც ახლობელმა გირჩიათ. მაგალითად, Iთ სპეციალისტი, რომელსაც ვირუსებით სავსე კომპიუტერის შეკეთება სთხოვეთ, მან კი თქვენი ნდობით ბოროტად ისარგებლა და თქვენივე ფეისბუქი პოლიტიკური გემოვნების აფიშირებისთვის გამოიყენა. თუ ამ ადამიანს საჯაროდ აპატიებთ, უამრავი ადამიანი თქვენს ნაბიჯს დიდსულოვნებად ჩათვლის.

მარტივი პაროლი მაქვს

შეგიძლიათ თქვათ, რომ დაბადების დღეზე სანთლების ჩაქრობისას ისურვეთ, რომ პირველი ქალი პრეზიდენტი ყოფილიყავით. იმისთვის, რომ თქვენი მიზანი არ დაგვიწყებოდათ, ფეისბუქის და ტვიტერის პაროლადაც PirveliKaliPrezidenti48 გეწერათ, რაც კიბერ ბოროტმოქმედებისთვის მარტივი გასატეხი აღმოჩნდა. ხაზი გაუსვით თქვენს მიზანსწრაფულობას და პატარა გოგოებს მოუწოდეთ, ოცნებებზე უარი არ თქვან.

სისულელეების პოსტვის დღე

შეგიძლიათ თქვათ, რომ თქვენი პოსტი წინასწარ გამიზნული კამპანია იყო სამომავლო ინიციატივაზე და საზოგადოების ყურადღების მიპყრობა გსურდათ. ამასთან ერთად, პარლამენტში შეიტანთ ინიციატივას იმაზე, რომ 29 აპრილი სისულელეებისა და ხუმრობების პოსტვის საერთაშორისო დღედ გამოცხადდეს. დასძენთ, რომ სკანდინავიურ ქვეყნებში ეს დამკვიდრებული პრაქტიკაა და ადამიანებს სულიერ სიმშვიდესა და თავისუფლებას ანიჭებს.

წიგნს წერთ

თქვით, რომ თქვენ მიერ გამოქვეყნებული სტატუსი ფრაზაა სამომავლო წიგნიდან, რომელსაც უარყოფითი პერსონაჟი ამბობს. აღნიშნეთ, რომ მთავარი იყო მკითხველის დაინტერესება, რადგანაც "შავი პიარიც პიარია".

"ამის პატრონმა რა ქნას" ვთამაშობდი

შეგიძლიათ თქვათ, რომ საღამოს თავისუფალ დროს ოჯახის წევრებთან და ბავშვებთან ერთად ატარებდით და მათ საყვარელ თამაშში ჩაერთეთ. სწორედ ამის გამო მოგიწიათ იმის დაწერა, რაც საზოგადოებამ სერიოზულად აღიქვა. ხაზი გაუსვით თქვენს ღირებულებებს და აღნიშნეთ, რომ დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მნიშვნელოვანია ოჯახთან დროის გატარება, ხოლო ბავშვებისთვის იმის სწავლება, რომ ინტერნეტის გარეთაც უნდა გაერთონ.