რესპუბლიკური საავადმყოფოს პრივატიზაცია შეჩერდა. ამირან გამყრელიძის გუშინდელი წინააღმდეგობის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კლინიკის გასხვისების ხელშეკრულების ძალაში შესვლა გააჩერა და შესაბამისი განცხადება გაავრცელა. მიზეზად ვერა ქობალიას უწყება მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმიერბას ასახელებს. წაგიკითხავთ ნაწყვეტს: ,, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ტექნიკური წინაპირობები, რომელთა შესრულების შემდეგ ხელშეკრულება სრულად შევა ძალაში. ამ ეტაპისთვის ტექნიკური წინაპირობების შესრულება არ დასრულებულა და, შესაბამისად, საჯარო რეესტრში ინვესტორის საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ მომხდარა. ამავე მიზეზით მყიდველის მიერ საპრივიტიზებო საფასური არ გადახდილა. საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირებასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ხელშეკრულების ძალაში სრულად შესვლისათვის აუცილებელი მოქმედებები შეაჩერა ", -ნათქვამია განცხადებაში. საუნივერსიტეტო კლინიკის მომავალი მფლობელი ,,ინტერფელზ კანადა ლიიტედი" უნდა ყოფილიყო, რომელთანაც კონტრაქტი შარშან გაფორმდა. შეგახსენებთ, რომ პროვატიზაციის შეჩერებას წინ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის მოთხოვნა უძღოდა. ამირან გამყრელიძემ საავადმყოფოს გასხვისების სასწრაფოდ შეჩერება მოითხოვა და ეს საკითხი მოქმედ მინისტრ ზურა ჭიაბერაშვილთანაც განიხილა.