ანრი ჯოხაძემ ხმა

ანრი ჯოხაძემ ხმა "ნაციონალებსაც" მისცა და "ქართულ ოცნებასაც"

ანრი ჯოხაძის სკანდალურმა პოლიტიკურ-ეროტიკულმა კლიპმა ინტერნეტსივრცე მოიარა. "იუთუბზე" ბევრი მწვავე კომენტარიც დაიმსახურა და ჩვენი ჟურნალის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. რომ არა არჩევნები და პოლიტიკური პროცესების მკვეთრი ცვლილებები, ალბათ, ანრისთან შედარებით მშვიდი საუბარი გვექნებოდა, რამდენადაც ეს შესაძლებელია მისი ტემპერამენტის ადამიანთან. ამჯერად ყველა სხვა თემა გვერდზე გადავდეთ და იმაზე ვისაუბრეთ, რატომ მოუვიდა თავში აზრად სიმღერის "მიეცი" ჩაწერა და პოლიტიკის სექსის კონტექსტში განხილვა. მისი კლიპი მკვეთრად ეროტიკული კადრებით არის დახუნძლული. ბევრმა ისიც თქვა, რომ ანრიმ პოლიტიკურ სიტუაციას კარგად აუღო ალღო და შუალედური სათქმელი თქვა, არც მწვადი დაწვა და არც შამფური.

ახალი კლიპი "ფეისბუქზე" არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დადე. რა იყო ამის მიზანი და უფრო ადრე რატომ არ გამოაქვეყნე?

- მინდოდა, რამდენიმე დღით ადრე გამომექვეყნებინა, მაგრამ კლიპი ვერ დამონტაჟდა იმ დროისთვის, ამიტომ ვეღარ მოვასწარი. ერთი თვეა, ცოტა მეტიც, ამ იდეაზე ვმუშაობ. კლიპის იდეა საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მომივიდა და ამ პროცესებმა გამოიწვია, რაც ზოგადად იმ პერიოდში ხდებოდა, რაც საარჩევნო კამპანია დაიწყო და ეს ყველა პარტიას ეხება, ვიფიქრე, სახალისო წინასაარჩევნო სიმღერას ჩავწერ და კლიპსაც გადავიღებ-მეთქი. უცებ გამახსენდა პოეტ ბერდია ბერიაშვილის ლექსი, დღეს ეს ადამიანი ცოცხალი აღარ არის... მახსოვს, ჩემს ბავშვობაში ეს ლექსი თავის ქალწულ მეგობარს მიუძღვნა, შარჟივით დაუწერა ქალბატონს, რომელიც 60 წლის ასაკშიც ქალწული გახლდათ. ეს ლექსი წაიკითხა ერთხელ სუფრასთან და ჩემები მოკვდნენ სიცილით. მეც დამამახსოვრდა. დავურეკე ბერდიას შვილს და ვთხოვე, იქნებ, სადმე გაქვს შემორჩენილი ის შარჟი-მეთქი. ორ დღეში იპოვეს და გადმომიგზავნეს. სიმღერის ტექსტი აბსოლუტურად შეესაბამებოდა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ტემპერატურას.

ღიად არასდროს გამოთქვამ პოლიტიკურ შეხედულებებს. ახლა შეგიძლია თქვა, რამ გაგაღიზიანა ასე?

- ბევრი რამ მაღიზიანებს, მაგრამ ჩემი აზრი უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, ქვეყანაში რა სოციალური მდგომარეობაც გვაქვს. კლიპში გამოვიყენე იმ პოლიტიკოსების გამონათქვამები, რომლებიც ინტერნეტსივრცეში განხილვის თემად იქცა. ასევე ჩავრთე სექსის სცენები.

რატომ გაგონებს ქართული პოლიტიკა სექსის პროცესსა და აღებ-მიცემობას?

- არ არის ასე?!. ხალხო, ეს ფაქტია. აღებ-მიცემობა საქართველოში ისევ მოდაშია, ისევე, როგორც ყოველთვის იყო. ჩემი დამოკიდებულება ასე გამოიხატება - როდესაც ადამიანები სექსით არიან დაკავებულები, არ მინდა, ტელევიზიით გამოხტეს ვიღაც პოლიტიკოსი და იძახოს, მომეცით ხმაო... არც ერთ ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყანაში პოლიტიკა შოუბიზნესზე პოპულარული არ არის. პოლიტიკოსები მომღერლებზე პოპულარულები არიან საქართველოში. ბევრი წელია, ასე გრძელდება. იმ შემთხვევაშიც კი, როცა არც კარგს აკეთებენ და არც ცუდს, მაინც პოპულარულებად რჩებიან. ამ კლიპში ასევე გამოვეხმაურე ციხის მოვლენებს.

შენი აზრი გვითხარი ამაზე...

- რა გინდათ, რომ გითხრათ? კლიპში არის კადრი, როდესაც ქართლის დედას ცოცხი უჭირავს. დღეს ასეთი ქვეყანა გვაქვს. აქ იზრდებიან ცოცხებ და აქანდაზებმომარჯვებული დედების შვილები. კარგად დაუკვირდით ამ სიტყვებს. დროა, ადამიანები მიხვდნენ, რომ შვილი უნდა გაზარდოს განათლებულმა ქალმა და არა მარტო ცოცხიანმა. ერში სიბნელეა. გინდ, მიშა მოვიდეს და წავიდეს, გინდ ივანიშვილი. ხალხში თუ არ გაჩნდა განათლებისა და შრომის მოთხოვნილება, ვინ გვიშველის? ზოგიერთი ადამიანი, რომელსაც ინტელექტი ნულს ქვევით აქვს, განათლებაზე ზედმეტია ლაპარაკი, მთხოვდა, სამსახური მიშოვეო. რომ დაფიქრდე, როგორ შეიძლება დაეხმარო, ვერ მოიფიქრებ. ასეთი ადამიანი მეუბნებოდა, ისეთი სამსახური მიშოვე, ექვსას ლარზე ნაკლები ანაზღაურება რომ არ მქონდესო. ეს არ არის პრობლემა?

შენ რატომ გთხოვდნენ დასაქმებას?

- ახლობელი ადამიანები მთხოვდნენ ხოლმე...

ამბობენ, რომ პოლიტიკამ ყვე­ლაფერი შთანთქა. ეს რისი ან ვისი ბრალია, შენი აზრით? პოლიტიკოსებს არა­ფერს აბრალებ?

- პოლიტიკოსები იმავე საზოგადოების წევრები არიან. საქართველოში ძალიან დაეცა ხელოვანი ხალხის ავტორიტეტი, მათი, ვინც ჩანდნენ და მათ აზრს პატივს ვცემდით. პოლიტიკამ მოსპო ავტორიტეტები. არადა, ამ სფეროს წევრი ვერასდროს იმაზე მეტს ვერ გააკეთებს, ვიდრე ხელოვანი. ერთმა ხელოვანმა შეიძლება რევოლუცია მოახდინოს...

შენი ბევრი მეგობარი შოუბიზნესიდან ღიად უჭერს მხარს სააკაშვილსა და მის პარტიას. შენ ვის უჭერ მხარს?

- ერთ და მეორე მხარესაც მყავს მეგობრები და სხვათა შორის, არჩევნებზეც სწორედ ამის შესაბამისად მოვიქეცი. ხმა მივეცი "ნაციონალებსაც" და "ქართულ ოცნებასაც".

ეს როგორ მოახერხე?

- პროპორციული სიით "ნაციონალებს" მივეცი ხმა, მაჟორიტარობის კანდიდატი კი "ქართული ოცნებიდან" შემოვხაზე, თეა წულუკიანი, მას დიდ პატივს ვცემ და დარწმუნებული ვარ, მისი სახით ნაძალადევის რაიონს კარგი დეპუტატი ეყოლება პარლამენტში. არც დამიმალავს ჩემი არჩევანი და ღიად ვთქვი. ეს აბსოლუტურად ნორმალურია.

შენი კლიპიც შუალედურია და შენი არჩევანიც ასეთი ყოფილა.


- შესაძლოა, სახელისუფლებო სისტემაში რაღაც არ მოგწონდეს, მაგრამ ხელაღებით ვერავინ იტყვის, რომ ყველა, ვინც "ნაციონალურ მოძრაობაშია", ნაგავია. იქ უამრავი ღირსეული ადამიანია, მაგალითად, ნიკო ხაჩირაშვილი, რომელიც ღირსეულად დამარცხდა, როგორ შეიძლება, აჩიკო გეგენავა ცუდი ადამიანი იყოს?!. ასევე "ოცნებაში" ბევრი კარგი ადამიანია. ხალხი უნდა მიეჩვიოს კარგისა და ცუდის გარჩევას. აქ კიდევ მეორე ფაქტორია. ამ არჩევნებზე "ოცნების" უმრავლესობა მივიღეთ, მაგრამ ამის გამო, ვინც "ნაციონალებს" მხარი დაუჭირა, მათ ცეცხლი უნდა წავუკიდოთ?!.

სოციალურ ქსელებში ბევრი ლანძღვა-გინება ისმის "ნაციონალების" მხარდამჭერების მიმართ.

- ჩემი აზრით, სიტუაცია დაწყნარდება. პარლამენტი შეიკრიბება და იქ ანგარიშსწორების მიზნით კი არა, საქმის კეთების გამო უნდა შეიკრიბონ. ღიად ვამბობ იმასაც, რომ ვინც დასასჯელია, აუცილებლად უნდა დაისაჯოს. კრიმინალებზე მაქვს საუბარი. თუკი ეს არ მოხდება, მაშინ საქართველოს არაფერი ეშველება.

შოუბიზნესს თუ ეშველება რამე? აქაც ძალიან პოლარიზებული სიტუაციაა ამ წლების განმავლობაში. შოუბი­ზნესი დამოკიდებული იყო ხელისუფლებაზე...

- არანაირად არ იყო დამოკიდებული ხელისუფლებაზე...

როგორ არა, ძირითადად, სამთავრობო კონცერტებში მონაწილეობდა ყველა ცნობილი სახე. სხვა კონცერტები არც ყოფილა.

 - ეს ჩემი პრობლემა არასდროს ყოფილა. პირადად ანრი ჯოხაძისთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ხელისუფლებაში, თუკი შოუბიზნესის კუთხით განვიხილავთ ამ თემას. მე მაინც უნდა დავჯდე და ვიფიქრო, რა ჰიტი ჩავწერო, რომ საზოგადოებას მოეწონოს, გაიყიდოს და ვიყო კომერციული მომღერალი. ამის საშუალება მე ყოველთვის მქონდა. არავინ თქვას, რომ ხელისუფლებას ვაკითხავდი და კლიპების ფული მომქონდა. მსგავსი არაფერი ყოფილა. ამიტომ ვამბობ, თუკი შოუბიზნესის სფეროში სასიკეთოდ შეიცვლება რაიმე, ეს მხოლოდ გამიხარდება. მივესალმები მუსიკალური არხის შექმნას. ამას წინათ, "მაესტროდან" დამირეკეს, კლიპები მოგვაწოდეო, მამუკა ღლონტი აკეთებს მუსიკალურ არხს. ძალიან გამიხარდა. იცით, რას გეტყვით, მომღერლები უნდა აკეთებდნენ თავიანთ საქმეს.

თუკი ეძლევათ ამის საშუალება.

- მეტ-ნაკლებად... ქართული ბაზარი ძალიან პატარაა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, საქართველოში სოციალური მდგომარეობა გამოსწორდეს. ზუსტად უნდა ვიცოდე, რომ ადამიანებს 5-10 ლარი ექნებათ, რომ კონცერტზე ბილეთის ფული გადაიხადონ. აქამდე ეს მეტ-ნაკლებად ხდებოდა და კომპრომისზე წასვლა მიწევდა, მაგალითად, ნახევრად ცარიელ დარბაზში სიმღერა.

ახლა თუ გაქვს სიტუაციის გამოსწორების იმედი?

- ადამიანს იმედი ყოველთვის აქვს. როცა ახალი სისხლი მოდის მთავრობაში, ხალხისთვის სასიკეთო და პოზიტივი უნდა მოიტანოს და ამ ხალხში ჩვენც შევდივართ.

რაც შეეხება კლიპს, რატომ აღიქვა საზოგადოების ნაწილმა მძაფრ პორნოგრაფიად?

- ეს არ არის პორნოგრაფია, რადგან არ ჩანს სასქესო ორგანოები ახლოდან. მე ამას დავარქმევდი მძაფრ ეროტიკას. არავინ არ დამწამოს, რომ პორნოგრაფიას ვუკეთებ პოპულარიზაციას. იცით, რატომ ამბობენ ამას? ვინც რადიკალური აზრი გამოთქვა ამ კლიპის შესახებ, საკუთარი თავი დაინახა იქ.

იქნებ, უბრალოდ, არ მოეწონათ?

- რა თქმა უნდა, ესეც შესაძლებელია, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ამ კლიპში მხოლოდ სექსს ხედავენ. ყველა მონაწილეს დიდ მადლობას გადავუხდი. თამარ მაყაშვილი, გიორგი გასვიანი, გიორგი ნაზღაიძე, ნინო შავგულიძე, რომელიც მდივანს თამაშობს. სხვა გოგონები სამეგობრო წრეში მოვძებნეთ, თამამ გოგონებს ვეძებდით. საერთო ჯამში არ მქონია იდეფიქსი, რომ პირდაპირი ნაჯახივით კლიპი გამოსულიყო. თავად გადავიღე, "ლომთა სტუდიო" დამეხმარა, ამას იმიტომ აღვნიშნავ, რომ ვიღაცებმა გამოთქვეს აზრი, სად აქვს ჯოხაძეს ამდენი ფულიო. ეს კლიპი ერთი ფინჯანი ყავის ფული დაჯდა. რაც შეეხება სექსის კადრებს, მინდოდა, მსუბუქი ეროტიკა გამოსულიყო, სკანდალური ელფერით, მაგრამ მსახიობები იმდენად შევიდნენ როლებში, რომ არ შეიძლებოდა, ეს არ მეჩვენებინა. ბევრი ჯანსაღი აზრიც მოვისმინე ჩემს ახალ კლიპთან დაკავშირებით, თუმცა ვინც ამას პორნოგრაფიად აღიქვამს, მისი პრობლემაა - სავალალო მდგომარეობაა და თავიანთ თავზე დაფიქრდნენ. პორნოგრაფია არის ტინტო ბრასის ფილმები.

პოლიტიკოსების რეაქცია ხომ არ იცი? კი გვითხარი, თავად გადავიღეო, მაგრამ ითქვა, რომ ან ერთმა, ან მეორე მხარემ გადაიხადა ამაში ფული.

- პოლიტიკოსების აზრი არ მაინტერესებს. რაც შეეხება დაფინანსებას, კარგით, ახლა, არ გამაცინოთ?.. ორივე აზრი მოვისმინე, თითქოს ხელისუფლებამ დამიფინანსა და თითქოს "ოცნებამ" (იცინის). გამოაქვეყნონ რაიმე ინფორმაცია, თუ აქვთ, მაგრამ ვერაფერს გამოაქვეყნებენ. აქამდე პოლიტიკური კლიპი "ბედნიერი ერი" მაქვს გაკეთებული. ჩემთვის ეს პრინციპული თემაა. როცა ასეთ კრიტიკულ დროს ვაკეთებ სკანდალურ კლიპს, ფინანსურად აბსოლუტურად სუფთა უნდა ვიყო. არ მიჭირს ისე, რომ კამერა ვერ ვიშოვო. სახლში დავამონტაჟე და ამიტომაც ამას ფინანსები არ სჭირდებოდა.

ანრი მიხვდა, რაც ხდებოდა და ამიტომაც გადაიღო ასეთი კლიპიო, ამბობენ...

- ეს კლიპი ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში უნდა გასულიყო, მაგრამ არ გავიდა. ვერ ვიტყვი, რომელი არხის ეთერში უნდა გასულიყო. ვერ გეტყვით, რატომ დაბლოკეს, მანამდე ციხეში გადაღებული ისეთი კადრები გადიოდა, ცენზურას ვერ დავაბრალებ. ჩემს კლიპში კი ისეთი არაფერი ხდება, რაც კინოში ან ინტერნეტსივრცეში არ უნახავს მაყურებელს. დავწერე კიდეც "ფეისბუქზე", რომ ვერც ერთი არხის მოწყალებას ვერ დაველოდებოდი და თავად გამოვაქვეყნე. ასე რომ, როგორც კი მონტაჟი დასრულდა და დავარენდერე კლიპი, იმავე წამს დავდე "იუთუბზე".

შენმა კოლეგებმა როგორ მიიღეს შენი ნამუშევარი?

- მეგობრებმა კარგად და კოლეგების აზრი რატომ უნდა მაინტერესებდეს? თუკი ვინმეს უნდა აზრის გამოთქმა, მითხრან. ჩემმა მეგობრებმა კი ჯანსაღად მიიღეს და გაიცინეს. აქ მარტო სექსს რატომ ხედავს ხალხი? აქ ბევრი დასაფიქრებელი კადრია.

ამ ცხრა წლის განმავლობაში, რაზე გაგჩენია პროტესტი და თუ გამოგიხატავს?

- მიტინგებზე სირბილით არ გამომიხატავს. აღარ ვარ 22 წლის, როცა მიხაროდა აქციაზე გამოსვლა. გაცილებით სხვა აზროვნება შემიძლია და მოვლენებს საღი, ცივი გონებით ვუყურებ. პროტესტი ყოველთვის იყო. არავინ თქვას, რომ თვითონ არ ჰქონდა, მაგრამ რაღაცებს აიგნორებ, რაღაცებს აღწევ. ვფიქრობ, ჩვენი ხელისუფლების მარცხი სწორედ პენიტენციურ სისტემაში კრიმინალურმა ქმედებებმა გამოიწვია. ამ კადრებმა ხელისუფლებას დიდი დარტყმა მიაყენა. ეს რომ არ ეჩვენებინათ, არჩევნების შედეგი სხვანაირი იქნებოდა. შეიძლება, საბაჟოზე არსებულ პრობლემაზე დახუჭო თვალი, მაგრამ რაც სიცოცხლეს ეხება, ამაზე ვერ დახუჭავ. მგონია, რომ ამ კადრების ხილვით მიღებული შოკისგან ჯერაც ვერ გამოვსულვართ. ძალიან მიხარია, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა. ორივე მხარე იმდენად კმაყოფილი იყო, რომ მეგონა, სექსუალურ აქტს ჰქონდა ადგილი. ეს საინტერესოა. ვფიქრობ, დემოკრატიის ამონახეთქი იყო ამ არჩევნებზე.

შენთვის, როგორც მოქალაქისთვის, რაიმე თუ შეიცვლება?

- ღმერთმა ქნას, აღარასდროს გადავიღო პოლიტიკური კლიპები. როგორც ადამიანს, აბსოლუტურად არ მსიამოვნებს ამ მარაზმზე მუშაობა. მახსოვს, "ბედნიერ ერზე" მუშაობა რამდენად დამთრგუნველი იყო. იმედი მაქვს, აღარ მომიწევს. სიამოვნებით ვიმღერებ პატრიოტულ სიმღერებს, აღარ მინდა პოლიტიკა. საერთოდ, საქართველოში პოლიტიკა მინიმალურად უნდა იყოს რეკლამირებული.

ბიძინა ივანიშვილს თუ გააშარჟებ კლიპში?

- არა მგონია (იღიმის). მე ხომ ამ საქმის სპეციალისტი არ ვარ.

დაბოლოს, ვიცი, რომ კლიპის გადაღებისას ბევრი საინტერესო სიტუაცია შეიქმნა...

- ისეთი "შავი" მასალა დამრჩა, ის კი ნამდვილად იყო ტინტო ბრასის პორნოგრაფია (იცინის). თითქოს ორალური სექსით რომ კავდებიან კლიპში, მაქვს კადრები, სადაც ნამდვილად კავდებიან ამით... მე არ მომითხოვია და შოკში ვიყავი, ისე შევიდნენ აუზზე გოგო და ბიჭი ეშხში, რომ ქალს პირიდან ვერ გამოვაღებინე!.. (იცინის). ხვდებით, რა საინტერესო ცხოვრება მაქვს?!.

ის ქალი მსახიობი იყო?

- (იცინის)...