სულ ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ყვარელში მომღერალ ნინი ქარსელაძის კონცერტი ჩატარდება, რისთვისაც მას, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 6 249 ლარი ჩაერიცხება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნინი ქარსელაძის კონცერტი ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახალსოფლის დღესასწაულის აღსანიშნავად, 30 აპრილს ჩატარდება.
"რეიტინგი" ნინი ქარსელაძეს დაუკავშირდა და შეეცადა, ინფორმაცია მასთან გადაემოწმებინა.
ნინი, ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ ყვარელში დაგეგმილი კონცერტის სანაცვლოდ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 6 249 ლარს გადაგიხდიან ჰონორარის სანაცვლოდ...
- წავიკითხე ეს ინფორმაცია და როგორც აწყობთ ისე ავრცელებენ. არ მიკვირს. ეს არის არასწორი ინფორმაცია, წინა წელსაც გვქონდა ყვარელში კონცერტი და წელსაც ვმღერით. ნინი და "ქუჩის ბიჭების" კონცერტი ჩატარდება, მაგრამ წესის მიხედვით, ხელშეკრულება ერთ ადამიანზე ფორმდება და ჩემზე გაფორმდა, როგორც გასულ წელს, ასევე წელსაც.
ეს ჩვეულებრივი ამბავია. როგორც გვითხრეს, ყვარლის მოსახლეობის მოთხოვნა იყო, ჩვენ გვემღერა მათ დღესასწაულზე და ბუნებრივია, სიამოვნებით დავთანხმდით.
რაც შეეხება თანხას, მე და "ქუჩის ბიჭებს" ჰონორარის სახით 4 999 ლარი უნდა გადაგვიხადონ, გაყავით ეს თანხა ოთხ მომღერალზე და ნახავთ თითოეული მომღერალი რამდენს ავიღებთ. ოფიციალური ხელშეკრულებაც არსებობს და თუ საჭირო გახდება გავასაჯაროვებთ.