მიხეილ სააკაშვილის "დიდი მოყვარული" თინა კანდელაკი, რომელსაც არაერთხელ გაუკრიტიკებია საქართველოს პრეზიდენტი და მისი პოლიტიკური კურსი, წინასაარჩევნოდ და მერეც მეტისმეტად აქტიურობდა. თინა პატიმრების ამბებსაც გამოეხმაურა, "ფეისბუქზეც" მისი გვერდი გამუდმებით მოვლენების ეპიცენტრში იყო, ასევე არ იშურებდა გამონათქვამებს პირად ბლოგზე და ინტერვიუებიც დაარიგა რუს ჟურნალისტებთან. თინა აშკარად გახარებულია არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვებით და ამბობს, რომ ამ სიხარულს ქართველ ხალხთან ერთად იზიარებს.
ინტერნეტში მის ბლოგზე მის სტატიას ასეთი სათაური ჰქონდა: მიხეილ დეველოპერ - The End ("მიხეილ განმავითარებელი" - დასრულდა!). რუსი ჟურნალისტებისთვის მიცემულ მის ინტერვიუს კი ასეთი სახელწოდება მისცეს: "ქართველები აღტაცებულები არიან, ყველა ბედნიერია". სხვათა შორის, მისმა ამ პოზიციამ ძალიან გააბრაზა მისი მეგობარი და სააკაშვილის მომხრე რუსი შოუმენი სტანისლავ სადალსკი. მან თინას ცნობილი ფოტო, ბიკინებში, "გააშიშვლა" და ისე გამოაქვეყნა თავის ბლოგზე, თან კომენტარიც დაურთო: "ქართველების პრობლემა ის არის, რომ საქართველოში ხალხი მეტისმეტად მალე ეჩვევა ყოველივე კარგს. კრემლში ყველა შეწუხდა იმით, თუ რა ხდება ქართულ ციხეში. რუსულ ციხეებში რა, უფრო სუფთა საქმეებია? ვინმე მოხსნეს? ვინმე გაასამართლეს?"
სადალსკის გამოხტომაზე თინას კომენტარი არ გაუკეთებია, მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით მისი ბოლო ინტერვიუდან კი რამდენიმე საინტერესო ამონარიდს გთავაზობთ:
"რუსმა ჟურნალისტებმა მხოლოდ ბოლო დროს გაიცნეს ივანიშვილი"
- თინა, ამბობენ, რომ საქართველოში პრაქტიკულად ყველა იცნობს ერთმანეთს. ვინ არის ბიძინა ივანიშვილი? ის თითქოს მიწიდან ამოძვრა...
- ივანიშვილი არსაიდან არ ამომძვრალა - მას ყველა ქართველი იცნობს. უბრალოდ, ბოლო დროს რუსეთში საქართველოს შესახებ უფრო ხშირად ან 2008 წლის ომის ნეგატიურ კონტექსტში ლაპარაკობდნენ, ან კიდევ ლიბერალური აღტაცების კონტექსტში, რომ თურმე საქართველოში ყვავის დემოკრატია და როგორი კარგი პრეზიდენტია მიშა. სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილი შესანიშნავად არის ცნობილი საქართველოში. ის უმსხვილესი ბიზნესმენია, დიდი ქონება აქვს. საქართველოში რუსეთიდან ჩავიდა, იმერეთის სოფელ ჭორვილაში დასახლდა. მეც იმერელი ვარ და ვიცი, რასაც ვამბობ. იმერეთში მცხოვრებმა იქ ინფრასტრუქტურა ააწყო, სინათლე გაიყვანა, ადამიანებს მისცა საშუალება, ინტერნეტით ესარგებლათ.
მხოლოდ ქველმოქმედებაზე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მან 1 მლრდ დოლარი დახარჯა. კულტურასა და ხელოვნებას მისით ედგა სული, სახელმწიფოსაც დიდ დახმარებას უწევდა. მისი ფულით ყიდულობდნენ მანქანებს პოლიციისთვის. ბათუმის დელფინარიუმი, რომლითაც ასე ამაყობს მიხეილ სააკაშვილი და იქ ჟურნალისტებს მასპინძლობს, ბიძინა ივანიშვილის ფულით არის აგებული. ისევე, როგორც ბაკურიანის ცნობილი საბაგირო, რომლის აღდგენაზეც ივანიშვილმა 70 მლნ დოლარი დახარჯა.
- გამოდის, რომ ადამიანები დაიღალნენ სააკაშვილისგან და ახალი ლიდერი დაინახეს?
- ქართველები დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ იმას, თუ რას აკეთებდა სააკაშვილი და რას - ივანიშვილი. უბრალოდ, რუსეთში ამის შესახებ არავინ იცოდა. მხოლოდ არჩევნების დროს დაიწყეს გარკვევა რუსმა ჟურნალისტებმა.
"ქართული პოლიტიკის ფენომენი"
- სააკაშვილი ასე იოლად გადასცემს ძალაუფლებას?
- მე ყველა ჩემს მეგობარს ველაპარაკე, აზრი ერთმნიშვნელოვანია - სააკაშვილი აღარ არის ქართველი ხალხის ლიდერი. ფაქტობრივად, დიდი ხანია არც იყო ლიდერი. მხოლოდ იურიდიულად რჩებოდა. მან აღიარა თავისი მარცხი. ჩვეულებრივ, ასეთი მარცხის შემდეგ უკან დასახევი გზა არ არსებობს. რასაკვირველია, მე ვფიქრობ, რომ მისი პოლიტიკური კარიერა დასრულდა. მას სერიოზულად აღარავინ აღიქვამს.
- არ ეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას?
- შეიძლება ეცადოს, მაგრამ წინააღმდეგობა იმდენად დიდია, რომ ძნელია მას წინ აღუდგეს. ყველა მოაზროვნე, განათლებული, ჭკვიანი ქართველი, მთელი ინტელექტუალური ელიტა მის წინააღმდეგაა. მხოლოდ მცირე ნაწილი, ძირითადად რეგიონებში მცხოვრებნი ემხრობიან. ქართული პოლიტიკის ფენომენი ის გახლავთ, რომ რომელიღაც პოლიტიკოსით მეტისმეტი გატაცება მისი სრული მივიწყებით მთავრდება. გახსოვთ, როგორი აღტაცებული იყვნენ ზვიად გამსახურდიათი? სად არიან ახლა ზვიადისტები? სიყვარული, რომელიც ასე გადამეტებულია, ყოველთვის შეიძლება დასრულდეს საბედისწერო სიძულვილით.
- რუსულ-ქართულ ურთიერთობებს რაც შეეხება?
- რამდენიც უნდა იყვიროს სააკაშვილმა, რომ ივანიშვილი კრემლის გუშაგია, ეს, რასაკვირველია, სიბრიყვეა. უბრალოდ, მისგან განსხვავებით ივანიშვილს არავისი არაფერი მართებს. ამერიკის ვალი არ აქვს თავისი საპრეზიდენტო კარიერის გამო. არც რუსეთის ვალი აქვს. ის თანამშრომლობისთვის აირჩევს იმ ქვეყნებს, რომლებიც ყველაზე ეფექტური იქნება პარტნიორული ურთიერთობებისთვის.
- ალბათ უკვე დარეკეთ საქართველოში, რა განწყობაა?
- გამუდმებით ვრეკავ. ხალხი აღტაცებულია, ყველა ბედნიერია. ელიან, როდის მოვა ბიძინა. ბევრს რუსეთში ბიზნესი ჰქონდა, თავისი ინტერესები, რომელთა განვითარებაც სააკაშვილის დროს შეუძლებელი იყო. მეც, თუ ყველაფერი ნორმალურად აეწყობა და რუსეთთან ურთიერთობები დალაგდება, ვეცდები, ბევრი რამ გავაკეთო საქართველოში ტელევიზიისა და ჟურნალისტიკისთვის.
"ქართული ოცნება" რომ ახალი ქართულ რეალობად იქცეს, ამას დრო და ცოტა იღბალი სჭირდება. რასაკვირველია, არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ახალ ხელისუფლებას არ ექნება თავისი ნაკლოვანებები, მაგრამ ახლა მათ კარგი შანსი აქვთ. და როგორც ერთ დროს იურმალაში პავლიაშვილი მღეროდა, დადგება დრო, როცა კავკასიონის თავზე ინათებს და საქართველო საოცნებო თავისუფლებას მოიპოვებს.