სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ გირგვლიანის მკვლელები, მათი ექსტრადირება მოხდება

სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ გირგვლიანის მკვლელები, მათი ექსტრადირება მოხდება

სანდრო გირგვლიანის საქმეში მხილებული და მოწმის სტატუსით დაკითხული ოლეგ მელნიკოვი საქართველოდან გაიქცა. გავრცელებული ინფორმაციით, მელნიკოვმა ოდესაში მდებარე საქართველოს გენერალურ კონსულს თეიმურაზ ნიშნიანიძეს დახმარება სთხოვა. თავის მხრივ, კონსულმა მელნიკოვს ახალი პასპორტების დამზადება აღუთქვა. ამის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტგამოცემა Opinion.ge-მ გაავრცელა. მართალია, თეიმურაზ ნიშნიანიძე უარყოფს ოლეგ მელნიკოვთან ნაცნობობას, მაგრამ Opinion.ge ადასტურებს, რომ ამ შეხვედრის დამადასტურებელი მასალა არსებობს.

ადვოკატი შალვა შავგულიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მელნიკოვის გაქცევა გირგვლიანის საქმის გამოძიებას ხელს არ შეუშლის და ამ საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩატარდება. ამისთვის საკმარისია ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას ამ საქმეზე დამდგარი განაჩენის გადასინჯვისთვის. უბრალოდ, ამ ხელისუფლებამ მოახერხა, რომ კანონის ამოქმედების ვადა 1-ელ ოქტომბრამდე გადაწია, მაშინ, როცა წესით, 2012 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა შესულიყო ძალაში და ამ საქმეზე ხელახალი გამოძიება უნდა ჩატარებულიყო.

„იმ სუფრის ერთ-ერთი წევრი იყო მელნიკოვი, ასევე, დათა ახალაია, გურამ დონაძე, სანოძე, იმ სუფრაზე იმყოფებოდა, ასევე, მინისტრის მეუღლე თაკო სალაყაია. აშკარაა, რომ იმ სუფრის წევრებს კავშირი ჰქონდათ დანაშაულთან და ამ დანაშულის უშუალო აღმსრულებლებთან. მელნიკოვის თანამონაწილეობა ბუხაიძემ დაადასტურა, მან თქვა, რომ მელნიკოვი უშუალოდ იყო მათი წამების მონაწილე. ბუხაიძემ ამხილა ის, მაგრამ შემდგომ ახალ გამოძიებას მსვლელობა არ მიეცა. რა თქმა უნდა, ბუხაიძეც განმეორებით დაიკითხება“, - აცხადებს ადვოკატი.

ამდენად, შალვა შავგულიძის აზრით, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ამ საზარელი დანაშულის ჩამდენი ადამიანები, მათი ექსტრადირება მოხდება, რადგან ეს არის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული და კისრის არეში მძიმე დაზიანების გარდა (რამაც სიკვდილი გამოიწია), გირგვლიანს მრავლობითი ნასერი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, სხეულის სხვადასხვა ადგილებში - ფერდებზე, მკლავებზე. ეს ყველაფერი კი პირთა ჯგუფმა ჩაიდინა.

ჟურნალისტი და უფლებადამცველი ლალი მოროშკინა მიიჩნევს, რომ სანდრო გირგვლიანის და მსგავსი  სადისტური მკვლელობები რიტუალური იყო. ამდენად, ლალი მოროშკინა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჩვენს ყოფილ მაღალჩინოსნებს ქვეყნის დატოვების საშუალება არ უნდა მიეცეთ, რადგან მათ ძალიან დიდი მფარველები ჰყავთ და ისინი გადამალვას მოახერხებენ.

„ჩეხეთში, ბოჰემიის მხარეში ის ადგილი ვნახე, სადაც საშინელი რამ - „სატანის ბიბლია“ დაიწერა. როდესაც უკეთურება და უსამართლობა ტრიალებს, მაშინ ზეობს ეშმაკი და ყოფილი მთავრობის ზეობისას პარალელიც გავავლე, რომ „სატანის ბიბლია“ სწორედ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში იწერება-მეთქი.“

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ლალი მოროშკინა მიიჩნევს, რომ მთელი ყოფილი მთავრობა დასაჭერია. უფრო მეტიც, ეს უნდა იყოს ყველაზე მძიმე „ნიურნბერგის პროცესი“ საქართველოს ისტორიაში. ამიტომ, სასწრაფოდ უნდა მოხდეს მათი განეიტრალება. ის კი არა, რომ გარკვეული პროცენტით შევლენ პარლამენტში. ისინი 100%-ით ციხეში უნდა შევიდნენ.

ჟურნალისტისა და უფლებადამცველის აზრით, გარდამავალ პერიოდს ყოველთვის ახასიათებს არეულობა, მაგრამ მათი გაშვება ძალიან საშიში პროცესია, რადგან მათ ვეღარავინ დაიჭერს.

„გარდა იმისა, რომ ბიუჯეტი გაიტანეს და გადასანსლეს, ყოველ მესამე ოჯახს საქართველოში პატიმარი ჰყავს და ეს თითოეული ოჯახის შეურაცხყოფაა, რომ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი იყოს. ზუსტად ამიტომ, მე და ძალიან ბევრი უფლებადამცველი ვითხოვთ საყოველთაო ამნისტიას, რადგან ჩვენი ბიჭები ნაწამები არიან, ვერავინ გაარჩევს, ისინი რისთვის სხედან ციხეში. კი ბატონო, ახალმა შს მინისტრმა უნდა გაამკაცროს პირობები, აუცილებლად უნდა იყოს ქუჩების პატრულირება და ობიექტების გაასმაგებული დაცვა, მაგრამ პარალელურად, ძალიან დიდი ამნისტია უნდა გამოცხადდეს, რომ ჩვენ მოვახერხოთ ჩვენი გენის გადარჩენა და ამ ბიჭების რეაბილიტაცია. სათითაოდ ყველას შევხვდი და 25 წლის ბიჭებს შორის არცერთი აღარ არის ჯანმრთელი. მათ სხეულში პირდაპირ შეჰყავდათ შიდსისა და ჰეპატიტის ვაქცინა“.

ლალი მოროშკინას თქმით, ყოფილ ხელისუფლებას ეგონა, რომ ისინი 30 წლით მოდიოდნენ ხელისუფლებაში. ზუსტად ამიტომაც მოქმედებდა კანონი შეკრებითობის პრინციპით, რამაც მთელი საჯიშე ქართველი მამაკაცების პოპულაცია, ვისაც სიტყვა ეთქმოდა და, ვინც ვაჟკაცური და მებრძოლი იყო, დაღუპა. ისინი შეკრებითობის პრინციპით დააკავეს, 20-30 წლით გაანეიტრალეს და ციხეში ამოალპეს აქტიური ქართველობა.

„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ყველა ბიჭი ნაწამები და ნაცემია. მათი დიდი ნაწილი გაუპატიურებულია. ეს ფაქტები გაცილებით ადრე მქონდა.  უბრალოდ, ასეა ქართველის ბუნება მოწყობილი, მაინცდამაინც კადრები უნდა ანახო. წიგნში რაც მეწერა, ზოგიერთმა მითხრა, იქნებ, შენი ფანტაზიებიაო. მერე აღმოჩნდა, რომ ჩემი ფანტაზიები არ ყოფილა. ჩემი სჯერათ პატიმრებს. ჩვენ წლობით გვაქვს ურთიერთობა. ასე არ ხდება, ციხის სისტემა ძალიან მძიმეა და პატიმარი არ მიგიღებს, თუ შენს შესახებ ინფორმაცია არ იცის. რას აკეთებდნენ, იცით? სათესლე ჯირკვლებში ურტყამდნენ ახალგაზრდა ბიჭებს, რომ პოპულაცია მოესპოთ“.