„ხალხის მსახური“

„ხალხის მსახური“

„სჯობს, შოუმენი გახდეს პრეზიდენტი, ვიდრე პრეზიდენტი დაემსგავსოს კომედიანტს“,- ეს უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის სიტყვებია. გახდება თუ არა ზელენსკი ხალხის მსახური, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა მან უკვე მოასწრო და პრეზიდენტის როლი შეასრულა ამავე სახელწოდების ფილმში „ხალხის მსახური“.

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში პეტრო პოროშენკომ უკრაინელთა 25,3%-ის, ვლადიმერ ზელენსკიმ კი 73,2% მხარდაჭერა მიიღო. უკრაინის მოსახლეობამ პრეზიდენტად არა პოლიტიკოსი, არამედ შოუმენი, პაროდისტი არჩია.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ, თუ ზელენსკი ვერ გაამართლებს, უკრაინას სერიოზული კრიზისი ელოდება. რამდენად იქნება ის დამოუკიდებელი მოთამაშე და ახდება თუ არა პოროშენკოს სიტყვები, რომ ზელენსკი რუსული პროექტია, ამას მომავალი გვიჩვენებს. ფაქტია, თავის დროზე ზელენსკის უკან ოლიგარქი იგორ კოლომოისკი იდგა.

უკრაინაში შოუმენის გამარჯვების პარალელურად გააქტიურდა მიხეილ სააკაშვილი და უკრაინაში ჩასვლის აკრძალვის გაუქმება მოინდომა. ექსპერტების მოლოდინით, თუ ზელენსკიმ სააკაშვილი დააბრუნა, ეს გააფუჭებს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს და არც რუსეთთან მოლაპარაკება გამოუვა ზელენსკის. მით უმეტეს, რომ პუტინმა არ მიულოცა უკრაინის ახლად არჩეულ პრეზიდენტს. კრემლი მხოლოდ მედვედევის თბილი სიტყვებით შემოიფარგლა, რომ ზელენსკის გამარჯვებაში კიევსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების შანსი ჩანს.

ზელენსკის გამარჯვებით გაიმარჯვა რუსეთმა, თუ უკრაინელმა ხალხმა?!

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.Ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არის თუ არა ვლადიმერ ზელენსკი რუსული პროექტი, ეს რამდენიმე თვეში გამოჩნება, უბრალოდ, ინტრიგა სხვა რამეშია. დაახლოებით ორი კვირის წინ ზელენსკიმ განაცხადა, სააკაშვილი კარგი მრჩეველი იქნება და მის აზრს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან კაცი საქართველოში კორუფციას მოერიაო. მიშამ კი განაცხადა, უკრაინაში არჩევნები დამთავრდება თუ არა, მე კიევში ვარო. ასეთი სიტუაცია ორივეს აწყობს, ზელენსკისაც და მიშასაც. სააკაშვილს უნდა კიევში დაბრუნება, რადგან იქ პარტია აქვს, პატარა გავლენა აქვს კიდევ უკრაინაში, მით უმეტეს, უკვე დაიწყო სამზადისი რადას არჩევნებისთვის, ამიტომ მიშა ისე იგრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში.

რაც შეეხება ზელენსკის, მიშა მას აინტერესებს პირველ დღეებში, რათა თავის კრიტიკოსებს უთხრას, მართალია, პოროშენკო მაბრალებდა, თითქოს რუსული პროექტი ვიყავი, სინამდვილეში, მე ჩამოვიყვანე და კიევში ცხოვრების უფლება მივეცი კაცს, პუტინის ნომერ პირველ მტერს, რომელიც პოროშენკომ გააგდოო.

„მიშა მისთვის ერთ-ერთი მეხამრიდის როლს შეასრულებს. იგი ზელენსკის გამთეთრებელია ხალხის თვალში. მან რომ სააკაშვილი რიგით კონსულტანტად მიიღოს, თუნდაც ერთხელ რაღაც შეეკითხოს, ეს იქნება არგუმენტი იმისთვის, რომ მოსკოვის კაცი არ არის“.

თუ როგორი პრეზიდენტი იქნება ზელენსკი, სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ უკრაინის ახლად არჩეულ პრეზიდენტს ორი გამოსავალი აქვს, ერთი, რომ ის იყოს ნომინალური პრეზიდენტი და მრჩევლების რჩევით მართოს ქვეყანა (რაც მის რეიტინგს დასცემს, რადგან ასეთი რამ არ იმალება), ან პირადად მართოს ქვეყანა, დაუშვას შეცდომები და გაიზიაროს ივანიშვილის ბედი. პოლიტოლოგის განმარტებით, ივანიშვილის დაპირებების შესრულებაც შეუძლებელი იყო, არ მოხდა ისე, რომ ბენზინი, დენი, კრედიტები მუქთი იქნებოდა და ცხოვრებაც საამური გვექნებოდა. თუ ეს 3-მილიონიან საქართველოში ვერ მოხერხდა, რასაკვირველია, ვერც 40-მილიონიან უკრაინაში მოხდება. უკრაინაში ვერც ომი შეჩერდება და არც პუტინი დათმობს უკრაინას, ამიტომ ზელენსკი, ასე თუ ისე, მაინც განწირულია.

„5 წლის განმავლობაში ვლადიმერ ზელენსკი იქნება უკრაინის პრეზიდენტი. საინტერესოა მისი მოწოდება პოსტსაბჭოური ქვეყნების მიმართ, მე ეს შევძელი და თქვენც შეძლებთო. თანაც, პირველი, რასაც გააკეთებს, ტელეფონის ხაზებს გადაჭრის სასამართლოსთან და პრეზიდენტის სასახლე ტელეფონით აღარ დაუკავშირდება სასამართლოს. ის პოპულისტია, ცხოვრება კი გაცილებით მწარეა. მე არ მახსოვს შემთხვევა ისტორიაში, რომ მოქმედ პრეზიდენტს 73%-ით წაეგო არჩევნები. პეტრო პოროშენკოს კონსტიტუციით კიდევ ხუთი წელი ჰქონდა დარჩენილი. როგორც ფეხბურთშია პრესტიჟის გოლი, ასევეა დემოკრატიული ქვეყნების არჩევნებშიც. როცა ფეხბურთში ერთი გუნდი აგებს 5:0-ს, 7:0-ს, მან ერთი გოლი მაინც უნდა გაიტანოს პრესტიჟისთვის. 7:1- ეს ერთი გოლი უკვე პრესტიჟია, არჩევნებში კი ასეთ პრესტიჟად ითვლება 30%-ის აღება, ამ პრესტიჟსაც ვერ მიაღწია პოროშენკომ, 27%-იც ვერ დააგროვა, ასეთი რამ არ მომხდარა“, -აცხადებს სოსო ცინცაძე და განმარტავს, რომ, ყველაფრის მიუხედავად, უკრაინამ დაამტკიცა, რომ ის, მართალია, ღარიბი, კორუმპირებული, მეომარი ქვეყანაა, მაგრამ მაინც შეძლო ბრწყინვალე დემოკრატიული არჩევნების ჩატარება.

ეს ყველაფერი ცივილიზებულად მოხდა, რასაც ჩვენ მონატრებულები ვართ, არც ერთი საჩივარი არ დაწერილა, უკრაინის 30 ათას უბანზე ერთი დარღვევა არ მომხდარა. უბრალოდ, ზოგიერთ ადგილას მთვრალები იყვნენ, რაც მაინც რუსული გავლენაა. პოლიტოლოგის მოსაზრებით, უკრაინელებმა გვიჩვენეს, რამდენად წინ არიან დემოკრატიის თვალსაზრისით. სალომე ზურაბიშვილისთვის ვინმეს რომ ეთქვა, დებატებში გადიო, ის დათანხმდებოდა? უკრაინაში კი დებატები გაიმართა, საბოლოოდ პოროშენკომ მიულოცა ზელენსკის, ზელენსკიმაც თქვა, მართალია, პოროშენკო ძალიან ცუდი პრეზიდენტი იყო, ამიტომაც გავიმარჯვე, მაგრამ ბევრი კარგიც აქვს გაკეთებული, მარტო ცუდზე ნუ ვილაპარაკებთო. ამიტომაც ზელენსკის პოროშენკოსთან კონსულტაციები ექნება ქვეყნის მართვის საკითხში.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია For.Ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ უკრაინამ იგი გააკვირვა, რადგან ზელენსკის პირველი განცხადება იმ წუთებში, როცა გაიგო, რომ 73 %-ით უგებდა თავის მთავარ კონკურენტ პოროშენკოს, ის იყო, რომ მან დააანონსა უკრაინის ლიდერობისადმი სწარფვა პოსტსაბჭოთა სივრცეში. მან განაცხადა, უკრაინა უნდა იყოს პოსტსაბჭოთა სივრცის ჰეგემონი სახელმწიფო და ასეთ ამბიციურ ნოტზე დაიწყო გამარჯვების პირველი წუთები.

„მართალია, საქართველო და უკრაინა ტერიტორიისა და მოსახლეობის მხრივ განსხვავებულია, მაგრამ პოლიტიკური სისტემის მხრივ აბსოლუტურად იდენტურია-საქართველო კავკასიის რეგიონში, ხოლო უკრაინა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. თეთრი შურით შემშურდა უკრაინელი ხალხის, რომ მათმა ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა პირველივე დეკლარაციით გამოაცხადა, უკრაინა უნდა იყოს ძალიან ძლიერი, პოსტსაბჭოთა სივრცეში ჰეგემონი სახელმწიფო. თქვენ წარმოიდგინეთ, რა დონეზეა აწეული თამასა, ჩვენ კი ელემენტარულად კავკასიის რეგიონში მიკნავებულები ვართ და ვისაც არ ეზარება, ყველას ჩვენს ხარჯზე სურს სარგებლის მიღება. ზელენსკის სახით უკრაინამ აირჩია ვირტუალური იმედის რეალობაში განხორციელება. უკრაინაში ბოლო წლების განმავლობაში არსებობდა ოლიგარქების არაფორმალური მმართველობა, პოროშენკოც ოლიგარქია, მას 4 მილიარდი დოლარი აქვს, თუ მეტი არა; ამავე დროს, უკრაინაში კოლომოისკი, ფირტაში, ახმეტოვი, მედვედჩუკი (რომელიც კრემლის გავლენის აგენტია), ეს შემადგენლობა არაფორმალურად იყოფდა ყველაფერს. როდესაც ზელენსკიმ მშვენიერი, პოლიტიკური ფუტუროლოგიური სერიალი „ხალხის მსახური“ გადაიღო, უკრაინელებს იმედი ჩაესახათ, ფაქტობრივად, თუნდაც ამ ვირტუალური მხატვრული ფილმის მეშვეობით ზელენსკიმ უკრაინელებს იმედი მისცა. სხვათა შორის, „ჰეროკრატიამაც“ დიდი გავლენა მოახდინა ჩვენს საზოგადოებაზე მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის გამოვლენის საქმეში. მხატვრული ჟანრი საკმაოდ ძლიერია და ზუსტად მხატვრული ჟანრის სიძლიერეზე გაამახვილა ყურადღება ბიძინა ივანიშვილმა თავის ბოლო ინტერვიუში, როცა თქვა, რომ მხატვრული სერიალებისა და ფილმების შექმნას დააფინანსებს. ესეც ერთგვარად მართვის პოლიტიკური ტექნოლოგიაა. უკრაინაში ამ ტექნოლოგიამ- მხატვრული ფილმების პოლიტიკურმა ბელეტრისტიკამ მაღალ დონეზე იმუშავა, მოქმედი პრეზიდენტი პოროშენკო დამარცხდა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ადმინისტრაციული რესურსები ჰქონდა, მის ხელში იყო 1 მილიონი ადამიანის რესურსი, მაგრამ ამანაც ვერ უშველა“,-აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.

რაც შეეხება სააკაშვილს, ანალიტიკოსის განმარტებით, მიშას 2021 წლამდე აქვს აკრძალვა და 2019-ში მისცემენ უკრაინის მოქალაქეობას, თუ 2021 წელს, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მიშას შეიძლება მისცენ უკრაინის მოქალაქეობა და შესაძლოა, ეს ერთგვარად კარგიც იყოს ჩვენთვის, რადგან გამოვა, რომ სააკაშვილი უფრო მაღლა აყენებს უკრაინის, ვიდრე საქართველოს მოქალაქეობას. ამით სააკაშვილს ავტომატურად ეკეტება საქართველოში პოლიტიკური აქტივობის საშუალება, ის იქცევა საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და ირჩევს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას.

„სააკაშვილი უკრაინის გუშინდელი დღეა, სწორედ ის იყო ოლიგარქიული მმართველობის სისტემის ჭანჭიკი, როცა გახდა პოროშენკოს ოდესის გუბერნატორი. ძალიან კარგად ნახა უკრაინელმა ხალხმა, როგორ „ემსახურებოდა“ სააკაშვილი ოლიგარქიულ ელიტას, სააკაშვილი თვითონაც მთავარი კორუმპირებული იყო, ოდესიდან 5 მილიონი დოლარი მოიპარა და დღესაც ამ თანხით დასეირნობს ევროპის სხვადასვა ქალაქში“.