გიგი უგულავა საკუთარი ზონდერებისგან თავს მათი დასაქმებით იცავს

გიგი უგულავა საკუთარი ზონდერებისგან თავს მათი დასაქმებით იცავს

თბილისის მერიამ უსაფრთხოების საკუთარი სამსახური შექმნა. თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დებულებას ქალაქის მერი, გიგი უგულავა აწერს ხელს და იგი საკნონმდებლო მაცნეშიც გამოქვეყნდა. დებულების თანახმად, უსაფრთხოების სამსახური თბილისის მერიის ობიექტების, ქ. თბილისში არსებული ბაღების, პარკების და სკვერების, თბილისის მერიის და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციული შენობების უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოახდენს, ამასთანავე საჭიროების შემთხვევაში აღნიშნულ სამსახურს თბილისის მერის, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის და სხვა თანამდებობის პირების პირადი უსაფრთხოების დაცვაც ევალება.

გარდა ამისა, დებულების თანახმად, მერიის უსაფრთხოების სამსახურმა თბილისის მერიის ობიექტებში, ბაღებში, სკვერებში, პარკებში, თბილისის მერიის და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობებში არეულობის ან სხვა სახის სამართალდარღვევათა აღკვეთის მიზნით სწრაფი რეაგირებაც უნდა მოახდინოს. თბილისის მერის, თბილისის მერის მოადგილეების, თბილისის მთავრობის ან თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მიერ დელეგირებული ფუნქციების განხორციელებაც და თბილისის მერისათვის დასაცავ ობიექტებზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის წარდგენა ამავე სამსახურის ფუნქციებში შედის.

მერიის უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურული შემადგენლობა კი ასეთია - ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება; კონტროლის განყოფილება; სწრაფი რეაგირების განყოფილება; ქ. თბილისის მერიის ობიექტების დაცვის განყოფილება; ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციული შენობის დაცვის განყოფილება; ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბაღების, პარკების და სკვერების დაცვის განყოფილება; ქ. თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის დაცვის განყოფილება.

რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვა, რატომ დადგა დღის წესრიგში ამგვარი სამსახურის შექმნა, ვინაიდან ყველა ეს ფუნქცია დაცვის პოლიციასა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს აკისრია და ეს უწყებები შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებია. ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებისთვის განმარტება თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა, ირაკლი აბესაძემ გააკეთა. მისი თქმით, დედაქალაქის მერიის სისტემაში იქმნება სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს მერიის საკუთრებაში არსებული ობიექტების, მათ შორის ბაღების, სკვერების დაცვას. აბესაძე აცხადებს, რომ ეს მერიას საშუალებას მისცემს, უკეთესად განახორციელოს ობიქტების დაცვა და დაზოგოს თანხები, რომელიც ამ მიზნით იხარჯებოდა. მისი თქმით, ამ სამსახურის თანამშრომლებს იარაღის ტარების უფლება არ ექნებათ.

„აღნიშნული სამსახური გიგი უგულავას არ დაიცავს. მერის უსაფრთხოებაზე დაცვის სპეციალური სამსახური ზრუნავს“, -განმარტა აბესაძემ. მისივე ინფორმაციით, ახალი სამსახური თბილისის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

„საქალაქო სამსახური იქნება თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, დებულებას ამტკიცებს დედაქალაქის მერი და ამის შემდეგ, როდესაც შეიქმნება სამსახური, ხდება მისი ასახვა მერიის დებულებაში. შემდეგ უნდა მივმართოთ საკრებულოს და უნდა მოვითხოვოთ მისი თბილისის მერიის სისტემაში ასახვა“,- დასძინა აბესაძემ.

მერიის პრეს-სამსახურის განმარტებით კი აღნიშნული ობიექტების დაცვა ხორციელდებოდა კერძო ორგანიზაციების მიერ  ხელშეკრულების საფუძველზე. ახალი სამსახურის ჩამოყალიბებით თბილისის მერია შეძლებს თავისი სტრუქტურული ერთეულით უკეთ მოახდინოს დაცვის ორგანიზება და დაზოგოს საბიუჯეტო თანხები. ამდენად ამ განმარტების თანახმად, მერიამ ახალი სამსახური იმ მოტივით შექმნა, რომ საბიუჯეტი თანხები დაზოგოს.

პოლიტიკური ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ თბილისელებისგან დაუკითხავად დედაქალაქის ბიუჯეტიდან ასეთი არადამახასიათებელი ხარჯების გაწევა იმაზე მიანიშნებს, რომ გადაწყვეტილება ნაუცბათევი და არაარგუმენტირებულია.

„ჩვენს ქვეყანას თუ რამე არ აკლდა, ეს გახლდათ პოლიციელი, სხვადასხვა ჯურის ზონდერი და დაცვის სამსახურის თანამშრომლები საკმარისზე მეტი იყვნენ ამ ქვეყნად. როგორც ჩანს, გაჩნდა საჭიროება, რომ კუდ-ის და სოდ-ის თანამშრომლების ნაწილი (რომელთა წინაშეც „ნაციონალური მოძრაობა“ ვალდებულია იმ სისასტიკისთვის, რაც სწორედ ამ პოლიტიკური ძალის ლიდერთა დავალებით განხორციელდა) კვლავ დაასაქმონ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებს დაცვის სამსახურის თანამშრომლების ხელფასის ოდენობის ანაზღაურება არ ექნებათ. ეს საკმაოდ მაღალი ანაზღაურების მქონე თანამდებობები იქნება“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

მისი თქმით, ხელისუფლების ცვლილება სწორედ იმ ადამიანებს აწუხებს, რომლებიც ზონდერ-ჯგუფების სახით მოევლინენ ყველა იმ საწარმოს, რომლის მფლობელიც სახელმწიფოა. ექსპერტის თქმით, რკინიგზის თავმჯდომარე ქვეყნიდან შემთხვევით არ გარბის და მას შეიძლება იმ სტრუქტურების მაღალჩინოსნებიც გაყვნენ, რომლის მფლობელიც სახელმწიფოა. სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ ყველა ამ უწყებაში არსებობს დაცვის სამსახური, რომელიც კუდ-ის თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული.

„ეს ადამიანები ანაზღაურებას დასაქმების ორივე წყაროდან ღებულობენ და ძირითადად ისეთი სადამსჯელო ღონისძიებებისთვის გამოიყენებიან, როგორიც რამდენიმე დღის წინ „ყაზტრანსგაზის“ ოფისთან ვიხილეთ. სრულიად ნათელია, რომელი დაწესებულების ასეთი სპეც-რაზმი იქნა გამოყენებული „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლებზე თავდასხმისთვის. ასეთი ადამიანების უმუშევრად დატოვება, უპირველეს ყოვლისა მათი დამსაქმებლებისთვის არის სახიფათო. ამიტომ, ცხადია, უგულავა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ყოველგვარი სპეციალური სამსახურის შექმნის გარეშეც მოახერხებდა, მაგრამ ქვეყანაში არსებული რეალობა გვაიძულებს, ანგარიში გავუწიოთ იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იყვნენ გამოყენებულები, უკანონო ქმედებაში იყვნენ ჩართულები და ახლა მათ მიერ გამოსავლის ინდივიდუალური ძებნის შემთხვევაში, შეიძლება კიდევ უფრო დიდი საფრთხის წინაშე დავდგეთ“, - აღნიშნავს ექსპერტი.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე თბილისის მერიაში უსაფრთხოების ახალი სამსახურის შექმნას უარყოფითად აფასებს.

„მაშინ, როდესაც თბილისის მერიამ თავი შეგვაცოდა, რომ დასუფთავებისთვის საჭირო თანხები არ აქვს და რაღაც იდიოტური გადასახადი მოიფიქრა, ანუ დასუფთავების გადასახადი დენის გადასახადს მიაბა, ახლა უცებ გამოუჩნდა დამატებითი ხარჯები, რომლებითაც ახალი სამსახურის დაფინანსებას აპირებს. გაუგებარია, საკრებულოს თავმჯდომარეს რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს? რომელ სარისკო გადაწყვეტილებებს ის ღებულობს, რომ ვინმესგან მისი დაცვს იყოს საჭირო?! გარდა ამისა, მათი უსაფრთხოება არსებული კანონმდებლობით მშვენივრად არის დაცული“, - ამბობს სოსო ცინცაძე.

მისი თქმით, ეს არის ხელოვნური მეთოდი იმისა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან რაც შეიძლება მეტი ფული დაიხარჯოს, რათა როდესაც ხელისუფლების გადაცემა მოხდება, „ქართულ ოცნებას“ ბიუჯეტი ცარიელი დახვდეს და ამით მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვიონ. ამასთანავე, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამგვარ გადაწყვეტილებებზე საზოგადოებამ პროტესტი უნდა გამოხატოს.

„ეს გადაწყვეტილება ემსახურება ორ მიზანს. ჯერ ერთი უნდა შექმნან სურათი, რომ, თითქოს, ხელისუფლებაში მოსული ახალი ძალა ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებს დახოცვას უპირებს, ვინაიდან აქ თითქოსდა მათ ფიზიკურ უსაფრთხოებაზე არის საუბარი. მეორეც, ცდილობენ, რაც შეიძლება ნაკლები ფული დატოვონ სახელმწიფო ბიუჯეტში. შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს უგულავაც გადადგეს და ახალ მერს უნდა დახვდეს დაცარიელებული ბიუჯეტი, რათა მან ბიუჯეტის შესავსებად კიდევ ახალი გადასახადები შემოიღოს და ამით მოსახლეობაში მეტი უკმაყოფილება შეიქმნას“, - აღნიშნავს ექსპერტი.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი სიცრუეს უწოდებს თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ აქამდე მერია დაცვის უზრუნველსაყოფად კერძო ორგანიზაციებს ქირაობდა.

„მერიის კუთვნილ ობიექტებზე ან სპეციალური დაცვის სამსახური იდგა, ან დაცვის პოლიცია. ამ ორ სტრუქტურას ოფიციალურად აქვს უფლება, რომ სახელმწიფო ობიექტები დაიცვას. მერია კი არ არის კერძო სტრუქტურა, რომ კერძო ორგანიზაციებთან გააფორმოს ხელშეკრულებები. თუ ასეთი ფორმდებოდა, მიმაჩნია, რომ გადასახედია, ვისთან და რატომ ფორმდებოდა ამგვარი ხელშეკრულებები, თუმცა მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ბატონმა ივანე მერაბიშვილმა დაცვის პოლიციის უმძლავრესი სამსახური შექმნა და ყველა ბანკში, ყველა დაწესებულებაში და ყველა სახელმწიფო უწყებაში სწორედ ეს სამსახური იყო შესული. თუ ეს სამსახური არა, მაშინ სამთავრობო დაცვის სამსახური იცავდა გარკვეულ ობიექტებს. ასე რომ, ყველა ობიექტი ამ ორ სტრუქტურას ჰქონდა გადანაწილებული. ამიტომ ახალი უსაფრთხოების სამსახურის შექმნა იმისთვის გახდა საჭირო, რომ ის „მოზონდერო“ ტიპები, დამნაშავე ელემენტები, რომლებიც სხვადასხვა სამსახურში იყვნენ თავშეფარებულები, დაესაქმებინათ“, - აცხადება გია ცაგარეიშვილი.

„მოზონდერო ტიპების“ მაგალითად კი მას ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში მყოფი ბადრი ბასიშვილის ე.წ. ზონდერები მოჰყავს, ასევე სასჯელაღსრულების სამინისტროს სპეც-დანიშნულების რაზმი, რომელიც ცაგარეიშვილის თქმით, ხალხს არა მხოლოდ საპატიმროებში აწამებდა, არამედ მიტინგებს არბევდა და ადამიანებს ხოცავდა.

„როგორც ჩანს, უგულავას ჰგონია, რომ კუნთმაგარ ბიჭებს ამოეფარება, შექმნის პრეტორიანელთა გვარდიას, ოღონდ მერიაში და ეს დამნაშავე ელემენტები ამ სტრუქტურებიდან მერიაში გადაინაცვლებენ. ბატონ უგულავას ხომ არ ავიწყდება, რომ თბილისში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ათივე მანდატი წააგო, ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა, ხოლო თავად უგულავას მიმართ ნდობა თბილისელებში (და არა მარტო თბილისელებში) ნულია. ნუ ჰგონია ბატონ უგულავას, რომ რაღაც პრეტორიანელთა გვარდიას, დამნაშავეთა შეკრების ადგილს შექმნის და ამას არავინ შეამოწმებს და არ მოიკითხავს, ვინ არიან ეს ტიპები, საიდან არიან მოსულები, სად მუშაობდნენ მანამდე, ხომ არ იყვნენ სისხლის სამართლის დანაშაულებში შემჩნეულები და ა.შ.“, - აღნიშნავს ცაგარეიშვილი.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ამ ყველაფერს ძალიან მკაცრად გააკონტროლებს და ვინაიდან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე ზრუნვა თავდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა, ხოლო საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე და წესრიგზე ზრუნვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციაა, ამიტომ გია ცაგარეიშვილის განცხადებით, საქართველოში რაღაც პარალელური სტრუქტურები არ იფუნქციონირებს.