ფოთის პორტის სარეზერვო ბრიგადები გაფიცვას განაგრძობენ(VIDEO)

ფოთის პორტის სარეზერვო ბრიგადები გაფიცვას განაგრძობენ(VIDEO)

ფოთის პორტის სარეზერვო ბრიგადების გაფიცვა, უკვე მესამე დღეა გრძელდება. მე-14 ნავმისადგომის 4 ბრიგადის, 200-ზე მეტი მუშა-მოსამსახურე, მანამ არ აპირებს სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას, ვიდრე მათთან კონტაქტზე არ გამოვლენ ის ადამიანები, რომლებიც ნავსადგურში გადაწყვეტილებებს იღებენ. გაფიცულთა, მოთხოვნები უცვლელია-სამუშაო პირობების გაუმჯობესება, გაწეული სამუშაოს შესაბამისი ანაზღაურება და ხელშეკრულებების გაფორმება.

„ჩვენს ნაცვლად ვერავინ ვერ შედის ჯერჯერობით და რომც შევიდეს, მაინც ვერ შეასრულებს იმ სამუშაოებს, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ. მე-14 ნავმისადგომის მუშაობა შეჩერებულია. ორი დღეა უკვე არავინ არ გამოგვეხმაურა ხელმძღვანელობიდან, აქციას მანამ გავაგრძელებთ, სანამ არ დაგველაპარაკებიან,“-აცხადებს ერთ-ერთმა გაფიცული, ავთანდილ თუნთია.

გაფიცულებს გუშინ ღამით შეუერთდნენ სხვა ნავმისადგომების მეამწეებიც, მთლიანობაში 45 ადამიანი, რამაც პორტის მუშაობის შეფერხება გამოიწვია. გაფიცულთა ინფორმაციით, აღნიშნულის გამო რამდენიმე მათგანი სამსახურიდან უკვე დაითხოვეს.

„სათითაოდ დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ გაგვანთავისუფლეს. იმასაც ამბობენ, რომ სიტუაციის დალაგების შემთხვევაშიც კი, ამ 45 ადამიანიდან 4 ადამიანს, ვინც ჩვენს უფლებებზე ხმა ამოვიღეთ, არ დაგვაბრუნებენ სამსახურებში“, - აცხადებს მეამწე, პაატა მირცხულავა.

ორი დღის წინ, ფოთის პორტის გენერალურმა დირექტორმა ჯოზეფ ქროულმა განაცხადა, რომ გაფიცულები არ არიან პორტის ძირითადი თანამშრომლები და თავიანთ საქმიანობას პორტის საჭიროების მიხედვით ახორციელებენ. მისივე განცხადებით, ისინი, როგორც დაქირავებული მუშახელი, ქართულ ბაზარზე არსებული ანაზღაურების მაქსიმუმს იღებენ. ქროულიმ საკითხის შესწავლასა და სამუშაო პირობების გაუმჯობაზეც ისაუბრა.

გაფიცულ თანამშრომლებს ნავსადგურის გენერალური დირექტორის ჯოზეფ ქროულის მიერ ხელმოწერილი წერილი, გუშინ, გვიან ღამით დაურიგდათ. წერილში აღნიშნულია, რომ სამუშაო პროცესის შეფერხების გამო, უკვე განთავისუფლებულია რამდენიმე ადამიანი. წერილში ასევე მითითებულია, რომ თუ გაფიცული მუშები დაუყოვნებლივ არ დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს, მათ წინააღმდეგ გატარებული იქნება კანონით განსაზღვრული ზომები, მათ შორის ფინანსური ზარალის ანაზღაურების სანქციები.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ნავსადგურის მრავალმიზნობრივ ტერმინალებზე სამუშაოების წარმოებისას, ადგილი ქონდა მომუშავე პერსონალის მიერ თვითნებურად სამუშაო ადგილის მიტოვებისა და სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტებს. ჩვენი კომპანიის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ნებისმიერი ამგვარი მოქმედება აფერხებს სამუშაო პროცესს და უდიდეს მატერიალურ ზიანს აყენებს კომპანიას. ანალოგიური დარღვევის გამო ჩვენს მიერ უკვე განთავისუფლებულია რამდენიმე თანამშრომელი.

გთხოვთ, მიიღოთ წინამდებარე წერილი, როგორც გაფრთხილება თითოეული თანამშრომლისთვის, რათა ისინი შეუდგნენ მათზე დაკისრებული სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას მათთვის განსაზღვრულ ცვლებში და შემდგომში არ მოხდეს ანალოგიური ფაქტების განმეორება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი კომპანია კანონით გათვალისწინებულ ზომებს გაატარებს სამსახურეობრივი მოვალეობის დამრღვევი პირების მიმართ, მიყენებული ზიანის ანაზღაურების ანაზღაურების ჩათვლით“, - ნათქვამია წერილში, რომლის ადრესატიც, გავრცელების მიზნით, კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის ოპერაციების უფროსი ჩარლზ კუურსტრაა.

წერილში, ასევე მითითებულია, რომ კომპანია მზადაა განიხილოს ნებისმიერი საკითხი ბიზნეს-ეთიკისა და პროფესიული ნორმების დაცვით, იმ შემთხვევაში თუ ეს პროცესი არ გამოიწვევს სამუშაოს შეფერხებას.

გაფიცულებს ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ეკა ბესელია დღეს შეხვდება.