ვის დევნიან „ქართულ ოცნებაში?!

ვის დევნიან „ქართულ ოცნებაში?!

„ცოცხალი მაგალითი ვარ იმის, რომ განსხვავებული შეხედულების გამო ბატონი ბიძინა არავის დევნის“, - ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი და ჩვენს საზოგადოებასაც, ალბათ, არ წარმოუდგენია, ბიძინა ივანიშვილის პირისპირ საბრძოლო ცხენზე ამხედრებული ზაქარია ქუცნაშვილი.

ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ არ არის ეს კაცი (ბიძინა ივანიშვილი) ისეთი, როგორსაც ოპოზიცია წარმოაჩენს. მართალია, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ქუცნაშვილმა ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან წასვლისა და ამ გადაწყვეტილებაში ბიძინა ივანიშვილის როლის შესახებ გააკეთა, მაგრამ იქვე საკუთარი წარსულიც გაიხსენა, როცა ბიძინა ივანიშვილს თავისი განცხადებებით არ ანებივრებდა.

„სად იყვნენ სხვები, როცა მე არათუ განსხვავებულ მოსაზრებებს, არამედ საწინააღმდეგო პოზიციას ვაფიქსირებდი ხშირ შემთხვევაში და ამას ჩემი და ბატონი ბიძინას ურთიერთობაზე, მეგობრობაზე, თანამშრომლობაზე გავლენა არ მოუხდენია. არ არის ეს კაცი ისეთი, როგორსაც ოპოზიცია წარმოაჩენს, რომ ის ადამიანებს დევნის განსხვავებული აზრის გამო. ყველა შემთხვევაში, ის ითხოვს ახსნას, დასაბუთებას და ბევრჯერ გავმხდარვარ მოწმე იმისა, რომ ახსნილი და დასაბუთებული მოსაზრების შემთხვევაში მას შეუცვლია პოზიცია“, - აღნიშნა ქუცნაშვილმა.

სხვაგვარად ფიქრობენ ამბოხებული დეპუტატები. ის, რომ განსხვავებული შეხედულების გამო ადამიანებს „ოცნებიდან“ რიცხავენ, ამის შესახებ განცხადება ერთ-ერთმა პირველმა გედევან ფოფხაძემ გააკეთა, როცა „ქართული ოცნებიდან“ დავით ჭიჭინაძის გარიცხვის ფაქტი განსხვავებულ შეხედულებებს დაუკავშირა:

„სულ აღარ მინდა პოლიტიკაში ყოფნა, თუ ადამიანი განსხვავებული შეხედულების გამო პარტიამ შეიძლება გარიცხოს... ვინც განსხვავებულ აზრს იტყვის, იტყვიან მერე, გედი ფოფხაძე არაეთიკურია, ჩაიწერება ბრძანებაში, რომ არაეთიკური ხარ და კარგად იყავი“...

რას ნიშნავს განსხვავებული შეხედულებები „ქართულ ოცნებაში“?!

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ბატონი ქუცნაშვილიც და ნებისმიერი სხვაც სწორედ ბიძინამ მოიყვანა ხელისუფლებაში. ამდენად, ბატონ ბიძინას ამ ხალხის დევნა არ სჭირდება, უბრალოდ, ბიძინა ივანიშვილს შეუძლია, როგორც მოიყვანა ეს ხალხი, ისე ჩაიყვანოს იმ მატარებლიდან, რომელ მატარებელშიც ისინი ჩასხა.

„ქართული პოლიტიკის ბოლო 25-წლიანი უბედურება არის სწორედ ის ხალხი, რომლებიც ბელადებს მოჰყვებიან და ამიტომაც მათ ხელში ნორმალური პოლიტიკა არ გამოდის, შედეგი არ ჩანს. ნახეთ, ბოლო მონაცემები როგორია, მიგრაციის ტალღა მაღალია საქართველოდან. თუ ბიძინა ივანიშვილი ვინმეს უშვებს საკუთარი მატარებლიდან, ეს ხომ მისივე მოყვანილი ხალხია. ნამდვილი პოლიტიკა ის არის, როცა პოლიტიკაში საკუთარი შრომით მოხვალ. კვალიფიციური პარტია ამომრჩევლის გულის მოგებისა და საქმით დამტკიცების შემდეგ უნდა მოდიოდეს ხელისუფლებაში, პარტია წლების განმავლობაში უნდა ზრუნავდეს ხალხისთვის. სწორედ შრომით მოსულ ადამიანებს ვერავინ განდევნის პოლიტიკიდან. მე ერთ-ერთ ცნობილ ქართველ პოლიტიკოსს ვუხსნიდი ელემენტარულ რამეს, რომ, როცა შენ პოლიტიკური მოთამაშე და პოლიტიკის სუბიექტი ხარ, შენ გაქვს მანევრის საშუალება, გადადგე და პოლიტიკაში ისევ თავიდან მოხვიდე, მაგრამ, როცა შენ მოყვანილი ხარ, მიშამ მოგიყვანა, ბიძინამ მოგიყვანა, ედუარდმა თუ ზვიადმა მოგიყვანეს, ყველა მატარებელს ადევნებული ხალხი არაა პოლიტიკისთვის ვარგისი. შრომა არ დევს ამ საქმეში და, შესაბამისად, ასეთი ადამიანები შეიძლება თავისუფლად დაითხოვონ პოლიტიკიდან“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე, რომლის მოსაზრებითაც, ისევე, როგორც მიშას შეეძლო გაეყარა ადამიანები, ბიძინასაც შეუძლია ჩამოსვას მატარებლიდან ის ხალხი, რომლებიც საკუთარი მატარებლით მოიყვანა. მით უმეტეს, რომ ამ ხალხში პოლიტიკის სუბიექტი არც ერთი მათგანი არ არის.

ფრაქცია „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მან არ იცის, განსხვავებული შეხედულების გამო „ოცნებაში“ დევნიან თუ არა ადამიანებს.

„მოგეხსენებათ, მე ვარ პარტია „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ თავმჯდომარე და რას ლაპარაკობენ მეორე პარტიის წევრები ერთმანეთთან, არ ვიცი. ჩემგან კორექტული არ იქნება, სხვა პარტიაზე ვისაუბრო. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ის პოლიტიკა, რომელიც ხალხს ეხება. „ქართული ოცნების“ პარტიაში დარჩებიან თუ არა ცალკეული ადამიანები, ეს უნდა გადაწყვიტონ თავად პარტიის წევრებმა. თავისი პარტია ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს, ზოგი დარჩება და ზოგიც გამოვა ამ პარტიიდან. თუ ვინმეს გამოსვლა უნდა, ბიძინა დაიჭერს, თუ როგორ იქნება?!“ - აცხადებს გია ჟორჟოლიანი.