„ხადორი 3“ – თან დაკავშირებული პროცესები დარწმუნებული ვარ მართულია - ეს სადგური არაფერს წარმოადგენს და ამის გამო, ლამის რევოლუცია მოაწყეს“

„ხადორი 3“ – თან დაკავშირებული პროცესები დარწმუნებული ვარ მართულია - ეს სადგური არაფერს წარმოადგენს და ამის გამო, ლამის რევოლუცია მოაწყეს“

ამ ეტაპზე პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არავინ არ არის დაკავებული, მაგრამ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პანკისის ხეობაში სამხარეო სამმართველოს 35 პოლიციელი შევიდა, რომლებსაც აგრესიულად განწყობილმა ადგილობრივთა ჯგუფმა ქვები დაუშინა.

შს მინისტრის განცხადებით, დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს, ვის ინტერესებში იყო და რატომ მოხდა ვითარების ესკალაცია, რამეთუ მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდნენ პანკისში სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის წარმომადგენლები. გიორგი გახარია პირობას დებს, რომ საქმეს დეტალურად გამოიძიებენ და მხოლოდ ამის შემდეგ, კანონის სრული შესაბამისობით გატარდება ზომები, რის საშუალებასაც იძლევა ქართული კანონმდებლობა.

დაპირისპირება პანკისის ხეობაში მას შემდეგ დასრულდა, რაც ადგილზე შს მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა და დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკება გამართა. აუდიენცია კი ამ შედეგით დასრულდა: ჰესი აშენდება მაშინ, როცა მშენებლობას მოსახლეობის 90% დაუჭერს მხარს.

„მშენებლები ჰესთან დაკავშირებით გააგრძელებენ თქვენთან ლაპარაკს და იმაზე, რაზეც შეთანხმდება მოსახლეობა, ისეთი იქნება გადაწყვეტილება. ოღონდ ერთი რამე იცოდეთ, ქვების სროლა გამოსავალი არ არის. ახლა უნდა დავმშვიდდეთ, დავწყნარდეთ და გავაკეთოთ ის, რაც ჩვენ ძმობას, ურთიერთობას და საუკუნოვან ისტორიას შეეფერება.

დღეს არავინ ვაპირებთ აქ მტყუანისა და მართლის ძებნას, ყველა უნდა გავჩერდეთ, დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ. ამის შემდეგ უნდა გავარკვიოთ, სად შეგვეშალა, ვის შეგვეშალა, ვინ დამნაშავეა და ასე შემდეგ“, – მიმართა გიორგი გახარიამ ადგილობრივებს.

გიორგი გახარია პანკისის ხეობაში აქციის მონაწილეებს დახურულ კარს მიღმა, კამერების გარეშე შეხვდა. შეხვედრას ერთ–ერთი ადგილობრივის სახლში გახარიასთან ერთად, რეგიონული განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრნენ. მანამდე, გიორგი გახარია პანკისი ხეობაში ვითარებას ადგილზე გაეცნო. შს მინისტრის თქმით, სპეცრაზმის საპასუხო რეაქცია გამოიწვია იმან, რაც მოსახლეობამ მათ ქვები დაუშინა. მინისტრის განცხადებით, ეს დაუშვებელია და რეაგირება იქნება მკაცრი.

სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების დროს პანკისის ხეობაში რამდენიმე ადამიანი დაშავდა, როგორც აქციის მონაწილეები, ისე სამართალდამცავები და ჟურნალისტები. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს. ცეცხლი წაუკიდეს როგორც პოლიციის ავტომანქანებს, ასევე დამწვარია ტრაქტორი, რომელიც ჰესის მშენებლობისთვის საჭირო სამუშაოებს მდინარის პირას აწარმოებდა. ამის შემდეგ, შეკრებილების წინააღმდეგ, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ადგილობრივები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.

ამ დროსითვის ხეობაში ვითარება განიმუხტა, შესაბამისად, შსს–ს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა პანკისის ხეობა დატოვეს, თუმცა ადგილზე კვლავ მობილიზებულები არიან სამართალდამცავები, რომლებიც ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად დარჩნენ. ხეობიდან ამ დრომდე არ გაუყვანიათ შსს–ს ბალანზე მყოფი ავტომობილები, რომლებიც ადგილობრივებმა დაწვეს.

რეგიონული განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი თვლის, რომ ძალიან კარგი იყო დიალოგის საშუალება ხეობის გონიერ ნაწილთან და მთავარია, რომ დაძაბული ვითარება, რაც დილით იყო, დამშვიდებულა.

„მთავარია, რომ ეს ყველამ ერთად მოვახერხეთ. ძალიან კარგია, რომ იყო დიალოგის საშუალება ხეობის გონიერ ნაწილთან, რომელთაც აქვთ შესაბამისი ავტორიტეტი და ცივი გონება იმისთვის, რომ იმსჯელონ და იფიქრონ ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში. ეს დიალოგი გაგრძელდება“, – აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი, ენერგეტიკოსი რევაზ არველაძე თვლის, რომ პანკისის ხეობაში მშენებარე ჰესი, რომლის გამოც ლამის ქვეყანა დაამხონ, არაფრის მომცემი ობიექტია.

„თუ გინდა რაიმე ბიუჯეტიდან დააფინანსო, ბიუჯეტში ფული უნდა გქონდეს, სადაც ფული სწორედ ეკონომიკას და წარმოებას შეაქვს. წარმოება ელექტროენერგიის გარეშე ვერ განვითარდება. რაც შეეხება „ხადორი 3“ – თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი მართულია. თუკი ელექტროსადგური გარემოს იმაზე მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე მას სიკეთის მოტანა შეუძლია, ასეთი არ უნდა აშენდეს.

პანკისის ხეობაში შექმნილ ამბებში დამნაშავე თავად მშენებლები მიმაჩნია, რომელთაც პოლიცია გამოიძახეს. მათ მშენებლობა თავად უნდა გაეჩერებინათ და მოლაპარაკებები დაეწყოთ. თვითონ ეს სადგური საქართველოსთვის არაფერს წარმოადგენს – ნოლია და ამის გამო, ლამის რევოლუცია მოაწყეს. რაც არის იქ – „ხადორი 1“ და „ხადორი 2“, ისიც არაფერს წარმოადგენს საქართველოსთვის. ამ ყველაფერში ცუდი ის არის, რომ ასეთი რაღაცები შემდგომ სხვა მშენებლობებს უშლის ხელს და რადგან ერთგან აგორდა, სხვაგანაც უნდა გაიმეორონ“, – აცხადებს რევაზ არველაძე.

გამოძიება სწავლობს ვის ინტერესებში შედიოდა სიტუაციის ესკალაცია და რატომ. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ამტკიცებს, რომ პროცესი მართულია გარკვეული ჯგუფების მიერ.

„პროცესი მართულია გარკვეული ჯგუფების მიერ, ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, პოლიციას არ ეხალისება ძალის გამოყენება, მაგრამ თუ კანონი ირღვევა, პოლიცია ვალდებულია მოახდინოს რეაგირება. პროტესტის ფორმა არასწორია. ამ პროექტს მოაქვს სარგებელი. ჩვენ არ ვართ იმ პირობებში, რომ უარი ვთქვათ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ვინ დგას ეთნიკური, თუ რელიგიური შუღლის გაღვივების უკან, ამას ახლა გიორგი გახარიას უწყება სწავლობს. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ პანკისთან ურთიერთობებს პრევენციულად მოვლა უნდა და არა მარტო მწვავე მომენტებში ჩარევა. მისი თქმით, ამ მხრივ ხელისუფლებამ დაუდევრობა გამოიჩინა. ამასთან, საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ პროცესებში მოსკოვი რამენაირად იყოს ჩართული.

„ჩეჩნურ–პანკისურ პროცესებში მოსკოვი ძალიან ხშირად ერევა და ცდილობს გამოიყენოს სათავისოდ. ამ ფონზე ნუ გამოვრიცხავთ იმას, რომ პანკისელების ნდობით აღჭურვილ პირებს, რომლებიც ჩრდილოეთიდან შევლენ პანკისში, შეიძლება კრემლის დავალება ჰქონდეთ მიღებული.

ის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების ჩასვლამ გარკვეულ განმუხტვის როლი შეასრულა, მიუთითებს იმაზე, რომ დიალოგის რესურსი დაკარგული არ არის და პერსპექტივაში, შეიძლება მოიძებნო ის ინტონაცია, სიტყვა, ფორმა, რომელიც პანკისელებისთვის და საქართველოსთვისაც მისაღები იქნება. ისინი ძალიან ცდილობენ ამაყად ატარონ საქართველოს მოქალაქეობა და ამის დაკარგვა და გაწირვა რაიმე მიზეზით, ალბათ, დაუშვებელია“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ პირდაპირი მნიშვნელობით გადავრჩით, რაც მისი თქმით, ხელისუფლებისთვის სერიოზული ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს. ლაგაზიძე თვლის, რომ მცდარი იყო თავისთავად ჰესის ძალისმიერი მშენებლობის გადაწყვეტილება, რაზეც შემდეგ ეს პრობლემები ჯაჭვივით აეწყო.

მისი თქმით, ფაქტი, რომ იქ სამშენებლო ტექნიკა დილით შევიდა პოლიციის გარკვეული ჯგუფის თანხლებით, ირიბად იმას მიანიშნებს, რომ ხელისუფლებამ იცოდა, ჰესის მშენებლობის დაწყებას რა პრობლემები მოჰყვებოდა, ანუ მოლაპარაკება ბოლომდე არ იყო მიყვანილი მოსახლეობასთან.

„შეცდომა თავშივე დაიშვა. შესაბამისად, ხელისუფლება პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა და აუცილებლად უნდა აგოს პასუხი მან, ვინც სახელმწიფო ამ პროვოკაციებზე წამოკიდა. დღეს ძალიან მძიმე სიტუაციის განვითარებას გადავრჩით. ამიტომაც ხაზგასმით ვამბობ, შეცდომა თავში იყო დაშვებული. ვინც არასწორი ინფორმაცია ჩამოიტანა პანკისიდან, რომ მოლაპარაკებები დასრულებულია და იქ მოსახლეობას მძაფრი რეაქცია არ ექნება, აი, იმის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს“, – აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

როგორც უსაფრთხოების საკითხებში ექსპერი აცხადებს, განვითარებულმა მოვლენებმა გაცილებით უფრო მწვავე პრობლემები გამოაჩინა, მათ შორის ის, რომ სახელმწიფოს არ აქვს სტრატეგიული ხედვა საკუთარ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ლაგაზიძე თვლის, რომ განვითარებული პროცესის პარალელურად, გადასახედია რუსული მედიის შეფასებები.

„ძალიან სერიოზულადაა გადასახედი რუსული მედიის გამოხმაურებები პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე. სათაურები უკვე აჩვენებს, რა ტიპის პროვოკაცია შეიძლება განვითარებულიყო, ხელისუფლებას რომ არ მოეხერხებინა და საბოლოოდ მაინც მშვიდობიანად არ ჩაემთავრებინა. შესაბამისმა სტრუქტურებმა ყურადღებით უნდა შეისწავლონ „ლაივ“ ჩართვების კადრებში ისმოდა თუ არა ცალკეული, სხვადასხვა ტიპის მოწოდებები რუსეთთან ურთიერთობის თუ რუსული იარაღის შესახებ“, – წერს სოციალურ ქსელში ხათუნა ლაგაზიძე.

lia ხელისუფლებამ კი არა პანკისელი ხალხის დამსახურებაა რომ ხელისუფლების პროვოკაციას არ უპასუხა და ჯოხებს და ქვებს დასჯერდა...
4 წლის უკან
tngh საქართველოსი ჰესების მშენებლობების დაბლოკვა, მხოლოდ უცხო, მეზობელი ქვეყნების ინტერესებშია. ნიშანდობლივია ერთი რამ... ჰესების მშენებლობას უმრავლეს შემთხვევაში ის ვაი-პატრიოტი "დილეტანტ-პოპულისტები" უწევენ წინააღმდეგობას, როლებიც უახლოეს წარსულში საქართველოში გამართულ პრეზიდენტის არჩევნებში, სსრკ-ის საგარეო უწყების "შტატანი" თანამშრომლები იყვნენ... საკვირველია და თანაც მარტივად ასახსნელი.
4 წლის უკან
tngh ოჯახი, რომ შვილს თემირლანს (თემურლენგს) დაარქმევს, იმას საქართველო უყვარს???
4 წლის უკან
ლაზი ამ ქვისროლიებმა შეარცხვინეს თავისი ხალხის ვაჟკაცობა და ბრძენი სახელი. მათი პროტესტი შეიძლება სამართლიანიც იყო მაგრამ ეს რა ფორმაა?! ამას თავმოყვარე ადამიანი იკადრებს? ამ ხეობის ხალხი ასე არასოდეს იქცეოდა. დარწმუნებული ვარ ეს მათი სახე არ არის. თუ ამ ქმედებებს თითონვე არ შეაფასებენ, ისინი უბრალოდ მორალურად დაპატარავდებიან, რაც ძალიან საწყენი იქნება. ქვით გატეხილი თავი ყველას მოურჩება, მაგრამ ქვასროლიას სახელის ჩამორეცხვას კაცური მონანიება სჭირდება.
4 წლის უკან
thrgg@yahoo.com რათქმა უნდა პროცესი მართულია, შიგნიდანაც და გარედანაც!!!
4 წლის უკან