რა გვჭირს ჩვენ ვენეციის კომისიის ჭკუის სასწავლებელი?!

რა გვჭირს ჩვენ ვენეციის კომისიის ჭკუის სასწავლებელი?!

საკვალიფიკაციო გამოცდის მოხსნა და ინტერესთა კონფლიქტი – საპარლამენტო უმრავლესობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან მხოლოდ ორი პუნქტს გაითვალისწინებს. რაც შეეხება სხვა რეკომენდაციებს, მმართველი გუნდი აცხადებს, რომ პოლიტიკური ხასიათის არის და შესაბამისად, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროს განიხილავენ.

საპარლამენტო უმრავლესობა უარს ამბობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ნაწილი მომდევნო მოწვევის პარლამენტმა დაამტკიცოს. ასევე არ ითვალისწინებს რეკომენდაციის იმ ნაწილს, გამჭვირვალე გახდეს მოსამართლეების შერჩევა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და კენჭისყრის შედეგები იყოს ღია. კიდევ ერთი საკითხი, რის გათვალისწინებასაც საპარლამენტო უმრავლესობა არ აპირებს შემდეგია –კანდიდატებს, რომლებიც არ დაეთანხმებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას, ჰქონდეთ სასამართლოში ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება.

„ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიის 14-გვერდიანი რეკომენდაციიდან მხოლოდ ორ ნაწილს ითვალისწინებს, ამ შედეგით დასრულდა პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე უმრავლესობის ფორმატში მორიგი კონსულტაცია გაიმართა.

მაშ ასე, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გამართულ უმრავლესობის სხდომაზე, უმრავლესობის წევრის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პირობა დადეს, რომ ვენეციის კომისიის სამართლებრივ რეკომენდაციებს გავითვალისწინებენ და კანონპროექტში ასახავენ. დღის ბოლოს, საპარლამენტო უმრავლესობამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში შესწორებები შეიტანა.

უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის „საერთო სასამართლოების შესახებ“ მეორე მოსმენით განიხილვა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიცია ითხოვდა, რომ ჯერ სახალხო დამცველისთვის მოესმინათ და შემდეგ ემსჯელათ კანონპროექტზე, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ უარი განაცხადა. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ორგანოში ხმაური მოჰყვა. ირაკლი კობახიძემ მანდატურის სამსახურს მიმართა და სთხოვა, რომ სიტუაციის დარეგულირებაში ჩართულიყო.

„არღვევთ რეგლამენტს, ნუ სპეკულირებთ, შეეშვით სპეკულაციებს“, – მიმართა ოპოზიციას ირაკლი კობახიძემ.

ამის შემდეგ პოლიტიკურ ოპონენტებს სიმშვიდისკენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმაც მოუწოდა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნიკა მელიას დაუპირისპირდა: „შენ გაჩუმდი მანდ! ჭკვიანად იყავი“!

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, პროცედურების სრული დაცვით წარიმართა კომიტეტის სხდომაც და პროცედურების დაცვით განიხილეს კანონპროექტი. ოხანაშვილის განცხადებით, პლენარული სხდომის დანიშნულება სწორედ ის არის, რომ დეპუტატებმა საკუთარი პოზიციები ერთმანეთს გაუზიარონ, შეაჯერონ და თუ საჭირო გახდა, გარკვეული საკითხები შეცვალონ კიდეც, ამიტომ მისი თქმით, ეს თემა საკამათო არ უნდა იყოს.

„ჩვენ პრინციპებს არ ვცვლით, საკვალიფიკაციო გამოცდა იქნება თუ არ იქნება ეს არ არის პრინციპის საკითხი. ჩვენ საკომიტეტო განხილვებზე ვიმსჯელეთ ამ საკითხებზე. ჩვენი საუბარი ასევე შეეხო იმას, რომ ეს საკითხები ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვის შედეგად ასევე იქნებოდა გათვალისწინებული“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

უმრავლესობის ყოფილი წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, მმართველი პარტიის განცხადება, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინეს, სიცრუეა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ერთადერთი, რაც მმართველმა პარტიამ გაითვალისწინა, არის მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღება.

„ვენეციის კომისია ამბობს, რომ თუ კანდიდატი არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე დარეგისტრირებული პირი, ის იმავე დროს არ უნდა იყოს იუსტიციის საბჭოს წევრი. ამ შემოთავაზებული ცვლილებით მმართველი პარტია გვთავაზობს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრებს შეეძლებათ საკუთარი თავის ნომინირება, ერთადერთი ხმის უფლების გარეშე, რაც არ არის ის რეკომენდაცია, რასაც ვენეციის კომისია გვთავაზობს.

არ არის გათვალისწინებული არც ერთი სხვა რეკომენდაცია. მაინტერესებს, თუ ვენეციის კომისიას არ დაუჯერებდნენ, არ გაიზიარებდნენ მათ შემოთავაზებულ უკეთეს სტანდარტს, რატომ მიმართეს? რატომ გააკეთეს საჯარო დაპირებები, რომ რეკომენდაციებს გაიზიარებდნენ? რას ნიშნავს, რომ არ ითვალისწინებენ არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის რჩევას, არც მოსახლეობის განწყობას და ასე ჯიქური იღებენ გადაწყვეტილებას?“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას პოზიციას იზიარებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე, რომლის მტკიცებით, სიცრუეა, თითქოს უმრავლესობამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შეასრულა. მისი თქმით, კოლეგები მოტყუვდნენ და აკეთებენ კომენტარს თითქოს ორი მოთხოვნაა შესრულებული.

„არავითარი გამოცდები არ უქმდება არამოსამართლე წევრებისთვის და იქნება თუ არა გამოცდები, დამოკიდებული იქნება იუსტიციის საბჭოს კეთილ ნებაზე. ასევე, როდესაც ამბობთ, რომ იუსტიციის საბჭოს წევრები თუკი წარმოადგენენ საკუთარ თავს, ისინი, ბუნებრივია, კითხვას ვერ დასვამენ და კენჭისყრაში არ მიიღებენ მონაწილეობას. ეს არ არის საკმარისი, ვინაიდან ვენეციის კომისიის დასკვნაში იყო მოთხოვნა, რომ არც ერთ ეტაპზე ისინი არ უნდა მონაწილეობდნენ ხმის მიცემის, მოსმენის პროცესში და არ უნდა იყვნენ ნომინირებულნი“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, არავის ექნება იმის ფუფუნება და უფლება, რომ ქვეყანა და სასამართლო ხელისუფლება მიიტაცოს. მისი თქმით, საქართველო საზოგადოებას ეკუთვნის, რომელიც ადრინდელი შეცდომებისა და დანაშაულის ჩადენის უფლებას არავის მისცემს.

„მათ შეუძლიათ თავზე დაგვასვან მონები, ჯალათები და თავიანთი მსახურები. ეს ქვეყანა ეკუთვნის საზოგადოებას, არც მე, არც რომელიმე პოლიტიკურ პარტიას და არც მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილს. იმიტომ, რომ არავის ექნება იმის ფუფუნება და უფლება, რომ მიიტაცოს ჩვენი ქვეყანა და მიიტაცოს ჩვენი სასამართლო ხელისუფლება.

ჩვენმა ქვეყანამ, ხელისუფლებებმა, პარტიებმა, პოლიტიკოსებმა საკმარისად ბევრი შეცდომა დავუშვით და დანაშაულიც ჩავიდინეთ, რომ აქამდე ჩვენს ქვეყანას არ აქვს თავისუფალი, ღირსეული სასამართლო სისტემა. ამ შეცდომების და დანაშაულის უფლებას ჩვენ აღარავის მივცემთ, და პირველ რიგში არ მისცემს ქართველი საზოგადოება“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

პარალელურად, მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოდან პარლამენტთან, „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკის წევრებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა აქცია მსვლელობა გამართეს. მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ უმრავლესობას მოუწოდა, შეაჩეროს მავნებლური კანონპროექტის განხილვა. „ძალიან ცუდად ეთამაშებით სამართალს, ცუდად იწვევთ საზოგადოებას, რომელიც არასდროს ეგუებოდა უსამართლობას – არც დღეს ეგუება და არც მომავალში შეეგუება. მოგიწოდებთ, შეაჩეროთ ამ მავნებლური კანონპროექტის განხილვა. მივიღოთ კანონი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს მოსამართლეებად გამწესდნენ ღირსეული კანდიდატები. საზოგადოება ითხოვს სამართალს და ეს მოთხოვნა არ შეწყდება მანამ, ვიდრე სამართალი არ იქნება“, – აღნიშნა შალვა შავგულიძემ.

Maverick ქარჩავას ვეთანხმები, განსაკუთრებით პრიმატების ფონსე!...

უკაცრავად, მაგრამ თავმჯდომარეს ვერ ვხედავ, ვერ ვხვდები რომელია თავმჯდომარე?!...
5 წლის უკან