„ერთი თვის წინ უარი განაცხადა - დაასაბუთონ, რატომ უნდათ ჩემი გაშვება, ან გამათავისუფლონო“

„ერთი თვის წინ უარი განაცხადა - დაასაბუთონ, რატომ უნდათ ჩემი გაშვება, ან გამათავისუფლონო“

გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებს. არსებული ინფორმაციით გიორგი ქობულიას გადადგომა აიძულეს და პრემიერ–მინისტრმა განცხადებას ხელი უკვე მოაწერა. არსებული ინფორმაციით, ქობულიასა და მამუკა ბახტაძეს შორის დაპირისპირება რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით იყო. ასევე, ირკვევა, რომ ქობულიას დაპირისპირება ჰქონდა ყოფილ პრემიერთან ბიძინა ივანიშვილთან.

საპარლამენტო უმრავლესობა არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ პრემიერმა ქობულიას გადადგომა აიძულა, თუმცა უმრავლესობის წარმომადგენლები მინისტრის საქმიანობის შეფასებისგან თავს იკავებენ.

რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელ ცვლილებებს, უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ეს პრემიერ–მინისტრის პრეროგატივაა და არ ფლობენ ინფორმაციას რა გადაწყვეტილებას მიიღებს მამუკა ბახტაძე. როგორც მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ყველა პოლიტიკოსს კონკრეტულ მინისტრთან დაკავშირებით თავისი შეხედულება აქვს და მინისტრის გადაყენების თემა აქტუალური არ არის.

„ბატონ ბიძინას აქვს თავისი შეხედულება, მეც მაქვს ჩემი შეხედულება, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს აქვს თავისი შეხედულება. თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ჩვენი აზრი. მხოლოდ აზრის დაფიქსირება თქვენ რომ დღეების განმავლობაში გაიხადოთ საფუძვლად, რა ხდება, ხომ არ მალავს მმართველი გუნდი რაღაცას, ეს არ არის, ჩემი აზრით, სწორი“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

გიორგი ქობულია ჯერ კიდევ დილას აცხადებდა, რომ მთავრობაში მიმდინარე ცვლილებები მას არ შეეხებოდა და ჟურნალისტებს მიუთითა, რომ კითხვაზე პასუხი პრემიერისგან მიეღოთ.

„მაგასთან დაკავშირებით მე ნუ მეკითხებით, ამისთვის არსებობს პრემიერ–მინისტრი და მას შეგიძლიათ, მიმართოთ“, – აცხადებდა გიორგი ქობულია.

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ქობულია მინისტრი აღარ არის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ინფორმაციას არ ფლობენ. სანამ ეკონომიკის სამინისტრო ვითრებაში გაერკვევა, პრემიერ–მინისტრმა ახალი მინისტრი უკვე დანიშნა, უწყება ნათია თურნავამ ჩაიბარა, რომელიც ქობულიას მოადგილე იყო.

ქობულიას გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა უმრავლესობისთვის. პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ამტკიცებდა, რომ გიორგი ქობულია მუშაობს და აქედან გამომდინარე კომენტარს ვერ გააკეთებდა. პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას შეფასებით, ქობულია ცოტა უცნაური ადამიანია იმ გაგებით, რომ არ იცოდა ალბათ, ზუსტად ის მიდგომები, რაც საქართველოში იყო.

როგორც დეპუტატი აცხადებს, პრემიერს ეკონომიკის მინისტრის გადაყენებასთან დაკავშირებით პარლამენტთან კონსულტაციები არ გაუვლია. რომან კაკულია უშვებს შესაძლებლობას, რომ გიორგი ქობულიასა და პრემიერს შორის წარმოიშვა უთანხმოება ისეთ საკითხებზე, რომელზეც იმედი აქვს, რომ თვითონ ყოფილი მინისტრი ისაუბრებს.

„გიორგი ქობულიამ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ადეკვატურად ვერ აღიქვა. მის ცოდნას რაც შეეხება, მე არ ვაფასებ ამას ცუდად, ის საკმაოდ განათლებული ადამიანია, ეკონომიკის ცოდნაც საკმაოდ აქვს, მაგრამ საქართველო ძალიან სპეციფიკური თემაა, აქ ადეკვატურობა, სიტუაციის პრაქტიკა და სიღრმეებში ჩასვლა უნდა, რომ ეს აღიქვა. ჩემი აზრით, მას ამ მიმართულებით ჰქონდა გარკვეული პრობლემა, მაგრამ ეს დაბალანსებადი იყო დროთა განმავლობაში და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

პრემიერისგან გიორგი ქობულიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების დასაბუთებასა და განმარტებებს ითხოვს უმრავლესობის ყოფილი წევერი ლევან გოგიჩაიშვილი, რომელიც იმედს გამოთქვამს, ეკონომიკის მინისტრის შეცვლის საკითხზე მამუკა ბახტაძე საკანონმდებლო ორგანოში მივა და მისი გადაწყვეტილებას დაასაბუთებს.

„რის გამო გაუშვეს ეკონომიკის მინისტრი, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული განმარტებები, განსაკუთრებით პრემიერ–მინისტრისგან, რადგან ეკონომიკაზეა ორიენტაცია, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მიმართულების განვითარებაა. დასადგენია, ვის ებლანდებოდა გიორგი ქობულია ფეხებში.

ამ საკითხით ეკონომიკის კომიტეტი უნდა დაინტერესდეს და აუცილებლად, პრემიერ–მინისტრმა უნდა გააკეთოს ახსნა–განმარტება. ვიმედოვნებ, რომ მოვა პარლამენტში და ეკონომიკის კომიტეტზე დეპუტატებს დაუსაბუთებს ამ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე ამტკიცებს, რომ ქობულია ყველა დავალებას არ ასრულებდა და ივანიშვილის პირად სურვილებს აფერხებდა, ამიტომ გადაწყდა ჩანაცვლდეს ხელისუფლების მორჩილით. როგორც გოცირიძე აცხადებს, ქობულიას მთავარი შეცდომა იყო ის, რომ მას უნდა სცოდნოდა, სად მოდიოდა.

„ეს იყო მოსალოდნელი. ამ მთავრობის პირობებში, სადაც ეკონომიკის პოლიტიკას ქმნის ერთი ადამიანი და არა სამინისტროები, რეალურად, ის იყო განწირული და კრახით დამთავრდებოდა მისი საქმიანობა, მან ძალიან ბევრი არასერიოზული განცხადებაც გააკეთა. ივანიშვილმა მიიღო რეალურად ქობულიას გადაყენების გადაწყვეტილება და არა პრემიერმა.

დაახლოებით, ერთი თვის წინ უკვე ცნობილი იყო, რომ ივანიშვილმა პრემიერ–მინისტრის ენით შეუთვალა ქობულიას წასვლა. მან უარი განაცხადა და მისი პასუხი თურმე ყოფილა ასეთი, რომ საკუთარი ნებით არ წავიდოდა - „დაასაბუთონ, რატომ უნდა დავტოვო თანამდებობა და თუ უნდათ ჩემი გაშვება, გამათავისუფლონო“. როგორც ჩანს, ძალიან დიდი ზეწოლა განხორციელდა მასზე და იძულებული გახადეს, რომ წასულიყო და ვნახოთ, ახლა როგორ ახსნის ამ მოვლენას“, – აცხადებს რომან გოცირიძე.

ექსპერტ გია ხუხაშვილს არ აქვს მოლოდინი, რომ ეკონომიკის მინისტრის ცვლილებით არსებითად რაიმე შეიცვლება, სანამ არ შეიცვლება მართვის ალგორითმი.

„წარმოიდგინეთ სიტუაცია, რომ ყველა წავიდეს პარლამენტიდან, მთავრობიდან, ამითაც არაფერი არ შეიცვლება. სულ ანგელოზები რომ მოიყვანონ მათ ადგილას, ამითაც არაფერი შეიცვლება, თუ თვითონ მართვის ალგორითმი არ შეიცვალა. სამწუხაროდ, დომინოს ფიგურებით არის კონსტრუქცია აგებული და ვიღაცას უნდა, რომ საუკუნეებს გაუძლოს. სინამდვილეში ასე არ ხდება. დომინოს ფიგურებით აშენებული შენობა ინგრევა მაშინვე, როგორც კი ერთ აგურს გამოაცალიან.

ეს პროცესია დღეს, ქობულია გაუშვეს, ვერა ქობალიას დააბრუნებენ, თუ სხვას მოიყვანენ, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ, რომ პროცესი შეუქცევადია. ამის შეჩერება შეუძლებელია. ერთადერთი რაც შეიძლება ჩემთვის საინტერესო იყოს და რაც თეორიულ შანს გააჩენდა, რომ კიდევ რაღაცის გადარჩენა შეიძლება, ეს არის ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერება. ანუ, დადასტურება იმ პასუხისმგებლობის, რომელსაც ის თან იღებს და თან არ იღებს თავის თავზე. ერთადერთი ეს შეიძლება იყოს საინტერესო“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

ლაზი მაცდურია თანამდებობა, თორემ რად უნდოდა ამ კაცს მინისტრობა. იყო თავისთვის მოსკოვში და აკეთებდა თავის საქმეს.
ეკონომიკას ვერასოდეს გაიგებს ის ვინც, ეკონომისტობას პოლიტიკიდან დაიწყებს. ეკონომისტობა, ეკონომიკის ანბანის შესწავლით, უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე იწყება სტუდენტის მერხიდან.
მერე გაეკონომისტებულებს კი არა "წარმოშობით" ეკონომისტებს უჭირთ საქვეყნო ეკონომიკის მართვა.
ბიზნესის და ქვეყნის ეკონომიკის მართვა სხვადასხვა განზომილებებია.
სამწუხაროდ, არც მარტო კარგი ეკონომისტობაა ეფექტიანი მინისტრობისათვის საკმარისი.
5 წლის უკან