თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეინ-რაუნდისთვის მზადების პროცესში ლიეტუვას ეროვნული ნაკრების პირისპირ ორი ამხანაგური მატჩი გამართა.
საქართველოს ნაკრებმა პირველ შეხვედრაში მეტოქე 7:1 დაამარცხა,ხოლო მეორე შეხვედრაში ლიეტუვას ეროვნულ გუნდს 5:3 სძლია. აღნიშნულ შეხვედრაში მეტოქეს თითო გოლი ირაკლი თოდუამ, შოთა თოფურიამ, არჩილ სებისკვერაძემ და ნიკოლოზ კურტანიძემ გაუტანეს, ერთი ბურთი კი საკუთარ კარში ლაურინას გლინსკისმა ჩაჭრა. აღსანიშნავია,რომ ავთანდილ ასათიანის გუნდი ფუტსალის ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული.
ავთანდილ ასათიანი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი: მე, ამ ორ ამხანაგურ შეხვედრაში აქცენტი ფუტსალის ლიგის მოთამაშეებზე გავაკეთე,რადგან უნდა ვიცოდეთ ვის ვენდოთ და დავეყრდნოთ თუ იქნება ტრავმები ან რაიმე გამოუვალი სიტუაცია. ვფიქრობ ბიჭებმა დავალებას კარგად გაართვეს თავი, ორივე თამაშში გავიმარჯვეთ, თუმცა იყო ხარვეზები რაზეც ძალიან ბევრი სამუშაო გვექნება. ამხანაგური თამაში გვაძლევს საშუალებას მაქსიმალურად მეტ ფეხბურთელს მივცეთ შანსი ნაკრებში თამაშის და არ ვტრიალებდეთ 14 და 15 ფეხბურთელს შორის."
ზვიად კუპატაძე: „ამ ორი ამხანაგური შეხვედრის მიზანი არამხოლოდ სარეიტინგო ექვსი ქულის მოპოვება, არამედ საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელებისთვის შანსის მიცემა იყო. ჩვენი პირველი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბრძოლაა, ისევე როგორც ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა, შესაბამისად კარგი სარეიტინგო ქულა მოგვცემს საშუალებას შედარებით სუსტ მეტოქეებთან თამაშისას სამი წლის შემდეგ, ასე რომ, ამხანაგურ თამაშებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ბევრი შეცდომები დაგვანახა ამ ორმა თამაშმა, მსოფლიო ჩემპიონატის მეინ- რაუნდში ურთულესი მეტოქეები გვყავს. მიდის მუშაობა და ვემზადებით ოქტომბრისთვის, სექტემბერში კიდევ გვაქვს რამდენიმე ამხანაგური მატჩი, ჩვენი მიზანია გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი."
ირაკლი თოდუა: „ კარგია რომ ორივე შეხვედრა მოვიგეთ, ნაკრებში სელექცია განხორციელდა, იყვნენ ახალი მოთამაშეები, ამ ორი შეხვედრის მოგებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სარეიტინგო ქულების მოპოვების მხრივ. გამარჯვების მიუხედავად იყო შეცდომები, რომლის გამოსწორებასაც აუცილებლად ვეცდებით, ჩვენი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატის მეინ რაუნდის დაძლევაა.“
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეინ-რაუნდის შეხვედრებს 22-27 ოქტომბერს გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი მეინ-რაუნდის პირველ ჯგუფში პოლონეთის,ესპანეთისა და ფინეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.შეხვედრებს პოლონეთი უმასპინძლებს და შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის უფლებას ორი გუნდი მოიპოვებს.