აფხაზ ომის ვეტერანს, რომელმაც ქართულ ტელეახს ინტერვიუ მისცა, ბოდიშის მოხდა აიძულეს

აფხაზ ომის ვეტერანს, რომელმაც ქართულ ტელეახს ინტერვიუ მისცა, ბოდიშის მოხდა აიძულეს

თბილისში სამკურნალოდ ჩამოსულმა აფხაზმა ვეტერანმა, დაურ კვიცინიამ ერთერთ ქართულ ინტერნეტ-ტელევიზიას, „სტუდია რეს" 12 აპრილს მისცა ინტერვიუ სადაც საუბრობდა იმაზე, თუ როგორ და რა გზებით უნდა დალაგდეს ურთიერთობა აფხაზებსა და ქართველებს შორის. ინტერვიუს გამოქვეყნებისა და სოხუმში დაბრუნების შემდეგ, კვიცინია მწვავე კრიტიკის ცენტრში აღმოჩნდა, მას მოღალატეს უწოდებდნენ.

როგორც ჩანს, კრიტიკა და ზეწოლა იმდენად დიდი იყო, რომ საბოლოოდ კვიცინიას ბოდიშის მოხდა მოუწია აფხაზები ვეტერანებითვის, ომში დაღუპული ჯარისკაცებისთვის და მთელი საზოგადოებისთვის. მან განაცხადა, რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ამ ინტერვიუს მიცემით.

კვიცინიას ინტერვიუ სოციალურ ქსელ „იუთუბზეა" გამოქვეყნებული.

აფხაზების განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ დაურ კვიცინია საუბრობდა კონფლიქტის გადაჭრის გზებზე და გამოთქვამდა ვარაუდს, რომ წარსულის შეცდომებისთვის თავის არიდებით და ახალი ფორმატის გამოძებნით შესაძლებელი იქნებოდა სიტუციის დარეგულირება:

„ეს (აფხაზეთის მცხოვრებთათვის თბილისში უფასო სამედიცინო დახმარების გაწევა) არის საქართველოს ჰუმანიტარული შრომა და პირველი ნაბიჯია იმისთვის, რომ ხალხმა საკუთარი გულები გაალღოს მშვიდობის აღსადგენად. ჟენევის ფორმატმა 25 წლის განმავლობაში შედეგი არ გამოიღო. ვფიქრობ, რომ ახალი ბერკეტები უნდა მოვძებნოთ.

„იყო ომი, სისხლისღვრა და არაფერი არ უნდა მიეცეს დავიწყებას, მაგრამ საქართველოსა და აფხაზეთის მიერ დაშვებული შეცდომების გათვალისწინებით, ახალი ფორმატები უნდა მოიძებნოს - ყოველგვარი პირობებისა და საყვედურების გარეშე.

„ბევრი ადამიანი, რომელიც საქართველოს მტერს ეძახდა, დღეს ამას აღარ ამბობს. შეიძლება ხმამაღლა ამის თქმა აღარ უნდათ, რცხვენიათ ან ეშინიათ ვინმესი, მაგრამ ასე აღარ ფიქრობენ.

„ერებს პოლიტიკა კი არა, ეკონომიკა აერთიანებთ. საქართველო სულ სხვა გახდა, უფრო მეტად ევროპულ ქვეყანად იქცა, კანონები სრულდება და მუშაობს. მე მხოლოდ უკეთესობისკენ ვხედავ ცვლილებებს. ის, რომ ქართულად ლაპარაკი და ქართული სიმღერების შესრულება არ შეიძლება, სისულელე და სტერეოტიპია. მშვიდობისკენ უნდა ვიმოძრაოთ და საკითხი მშვიდობიანად გადავწყვიტოთ", -განაცხადა დაურ კვიცინიამ ინტერვიუს მსვლელობისას.

თუმცა, აფხაზური საზოგადოების ნაწილის მხრიდან მკვეთრად უარყოფითი გამოხმაურებისა დიდი კრიტიკის შემდეგ იძულებული გახდა ბოდიში მოეხადა.

მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მიმარვა, სადაც ნანობდა ქართული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუს და ბოდიშს იხდიდა აფხაზების წინაშე:

„როდესაც საქართველოში სამკურნალოდ ვიყავი ჩასული, ინტერვიუ მივეცი ქართულ არხს. ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი. მინდა, რომ მთელი აფხაზი ერის წინაშე ბოდიში მოვიხადო და, უპირველეს ყოვლისა, დაღუპული ბიჭების დედების წინაშე, ასევე სამამულო ომის ვეტერანებისა და ჩემი ამხანაგების წინაშე. კიდევ ერთხელ, ჩემი შეცდომისთვის ბოდიშს გიხდით. დიდი მადლობა", - განმარტა კვიცინიამ.