ეს ტაძარი იმაზე მეტია, ვიდრე ნაგებობა და ნივთები… ზუსტად ვიცი…”

ეს ტაძარი იმაზე მეტია, ვიდრე ნაგებობა და ნივთები… ზუსტად ვიცი…”

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი რამდენჯერმე მინახავს – მას მერე, რაც ლევილის ამბების გამო ამ ქალაქს ვსტუმრობდით ხოლმე. ვნახე დაკვირვებით. მაგრამ მიუხედავად მისი უკამათო დიდებულებისა, ამ სიტყვების კომბინაციაზე მაინც ის წიგნი მახსენდება, ოდესღაც, უკვე შეცრეცილ გარეკანზე შემჩნეული ქიმერების გამო რომ გადავშალე და ვეღარ მოვწყდი. მახსოვს, საღამოს, უკანა ოთახიდან წინ გადავდიოდი საკითხავად. ფანჯარასთან ვჯდებოდი. რადგან მზე იქ ჩადიოდა და ამ უკვე დაზეპირებული მეთოდით ლამფაში საწვავი იზოგებოდა. ჰოდა, გუშინ, ზუსტად ვიცი, ჩემთვის და თქვენთვის ის წიგნიც იწვოდა და ის ძველი პარიზიც იმ ცოტა საშიში და ძალიან ლამაზი ადამიანებით. და ის სავარაუდო ოთხი-ხუთი დღეც ჩვენი ცხოვრებიდან, ამ წიგნის წაკითხვას რომ მოვანდომეთ. ვიღაცისთვის შეიძლება ცნობილი მიუზიკლი იწვოდა, უკვე ცოტა მომაბეზრებელი ჰიტით. შეიძლება ფილმებიც. ვიღაცისთვის პირველი ან მთავარი კოცნა, ან დაშორების წუთები ამ შენობის თუნდაც შორეული ფონით. ეს ტაძარი იმაზე მეტია, ვიდრე თუნდაც რიტუალური ნაგებობა და ნივთები. და ზუსტად ვიცი, აღდგება და ცხოვრებას გააგრძელებს ახალი განცდებისთვის და მოგონებებისთვის.

ჩემი სიმბოლური სამძიმარი და თანამდგომა ფრანგებს. პრაქტიკულად კი ისინი დიდებულად მიხედავენ ამ საქმე,“- წერს გიორგი კეკელიძე “ფეისბუქის” გვერდზე.

ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ამასთან, გადარჩენილია –  მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი თავიდან არის აცილებული და ტაძრის აღსადგენად საჭირო თანხის შესაგროვებლად საერთაშორისო კამპანიის დაწყება დააანონსა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში დახმარების მზადყოფნა გამოთქვა იუნესკო-მ.

პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიკვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.