“გულზე ხელი დაიდეთ და თქვით…”

“გულზე ხელი დაიდეთ და თქვით…”

გუშინ, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ჟურნალისტი, პიარ-ტექნოლოგი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“#უმადურიერი ნოტრ-დამს კი გამოუჩნდა უამრავი გულანთებული პატრიოტი და მილიონერი,ეჭვიც არ მეპარება ეს საუკუნოვანი შედევრი მალე ახლებურად გამოანათებს…

აი ჩვენ რა გვეშველება ჩვენ? – ერთი ქველმოქმედი გვყავს და იმასაც დიდი “ლაფათკით” ძირს ვუთხრით…

გულზე ხელი დაიდეთ და თქვით ვის გაგვარდნიათ კაპიკი გადაბუგული მამულისთვის? – არადა წელს დენდროპარკსაც გვჩუქნის…“, – წერს მოროშკინა “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გუშინ ადგილობრივი დროით 18:50 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის შპილი და სახურავი. მეხანძრეებმა შესძლეს შენობის ძირითადი კონსტრუქციის გადარჩენა. ასევე აღსანიშნავია, რომ ტაძარში არსებული რელიკვიები, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი გადარჩენილია.

ამ ეტაპზე ჯერ უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი, თუმცა წინასწარი ვერსიით, ის ტაძარში მიმდინარე სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება. პარიზის პროკურატურამ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ინციდენტის შედეგად ერთი მეხანძრე დაშავდა.

პარიზის სახანძრო სამსახურის პრესსამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ამ წუთებში ტაძარში ექსპერტები იმყოფებიან, რომლებიც ნოტრ-დამს შიგნიდან ათვალიერებენ. მათი დასკვნის შემდეგ გაირკვევა, რა გადარჩა და რა დაკარგა მე-13 საუკუნის გოთიკურმა ძეგლმა.

ირკვევა, რომ ხანძრის შემდეგ ტაძრის წინა ფასადი უვნებელია, ასევე დაუზიანებელია ორი თაღი. ასევე ხანძარს გადაურჩა შესასვლელი, მთავარი კარი.