„ქობულია ჩამოსულ ტურისტს უფრო ჰგავს, ვიდრე მინისტრს“

„ქობულია ჩამოსულ ტურისტს უფრო ჰგავს, ვიდრე მინისტრს“

მმართველ გუნდში მიმდინარე ცვლილებების პარალელურად, შესაძლოა, ცვლილებები აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც განხორციელდეს. პარლამენტის კულუარებში უკვე ასახელებენ მინისტრების იმ ჩამონათვალს, რომლებსაც მოუწევთ დაემშვიდობონ აღმასრულებელ ხელისუფლებას. ესენი არიან – ეკონომიკის, იუსტიციის, საგარეო და შერიგების საკითხებში მინისტრები.

აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე ვრცელ კომენტარს, რუმინეთიდან დაბრუნების შემდეგ, მთავრობის სხდომის წინ გააკეთებს პრემიერ–მინისტრი. აღსანიშნავია, რომ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ბოლო სატელევიზო ინტერვიუში განაცხადა, რომ რამდენიმე მინისტრის მუშაობასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს.

როგორც ჩანს, პარტიას კითხვები აქვს თვითმმართველობების ხელმძღვანელებთან მიმართებაში. რეგიონებში რომ პრობლემებია და ეს ძირითად ეხება კორუფციას, რომელშიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან ჩართული, ამის შესახებ for.ge–ს რესპოდენტები ღიად საუბრობდნენ და ხელისუფლებას ანტიკორუფციული სამსახურის შექმნის ინიციატივითაც მიმართავდნენ, მაგრამ რეაგირება ამ დრომდე არ ყოფილა.

თუმცა, როგროც ჩანს, ამ პრობლემამ გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდეც მიაღწია და ამაზე მეტყველებს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ ზოგიერთ ოლქში ხელშეუხებლობის განცდა არის გაჩენილი, რაც დაუშვებელია და მომავალში ამას ხალხთან ერთად პარტია გააკონტროლებს.

„პირველ ეტაპზე, მაქსიმალურად ჩავერთვები რეგიონებში. ყველა თვითმმართველობის მმართველმა უნდა იგრძნოს ანგარიშვალდებულება, პირველ რიგში, ხალხთან. მინდა, ყველას შევახსენო, რომ მათი ძალაუფლების წყარო ხალხია, ჩვენ დაგვიჭირა მხარი და მანდატი მოგვცა მოსახლეობამ. ზოგიერთ ოლქში მესმის ხმები, ზოგიერთმა დაიჯერა, რომ ისინი ხელშეუხებლები არიან. გააფუჭებენ, თუ არ გააკეთებენ, პასუხს არავინ მოსთხოვს. ასე არ იქნება, ასე აღარ გაგრძელდება. უბრალოდ, მინდა, ეს წინასწარ დავაანონსო. ჩვენ ყველა რაიონში მაქსიმალურად გავააქტიურებთ პარტიის მუშაობას და პარტია ადგილზე სიტუაციის მაკონტროლებელი იქნება, რომ მოსახლეობას გვერდში მაქსიმალურად დავუდგეთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე არ ადასტურებს, რომ მმართველ გუნდში სამთავრობო ცვლილებებზე კონსულტაციები დაწყებულია. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის ვერ დააზუსტებს ვის გულისხმობდა ბიძინა ივანიშვილი, როდესაც ინტერვიუში განაცხადა, რომ მას კითხვები აქვს რამდენიმე მინისტრთან, რომელთა შორისაც ერთ–ერთი ქალია. კობახიძის განცხადებით, მინისტრების ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს პრემიერი იღებს, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღებამდე განხილვა პოლიტსაბჭოს ფორმატში ხდება.

„ვიდრე რაიმე სერიოზული განხილვა არ შედგება, გამიჭირდება კომენტარის გაკეთება. როგორც აღმასრულებელი მდივანი, ვადასტურებ, რომ ჯერჯერობით აქტიური კონსულტაციები რაიმე სამთავრობო ცვლილებებზე არ ყოფილა და თუ დაიწყება ასეთი მსჯელობა, ბუნებრივია, საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

საკადრო ცვლილებებს არ ელოდება ინფრასტრუქტურის მინისტრი. მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ მინისტრთა ასეთი კარგი შემადგენლობა, როგორიც ახლაა, წლების განმავლობაში ქვეყანას არ ჰყოლია.

„ჩვენი სისუსტე და სიძლიერე, თითოეული მინისტრის, პირველ რიგში, ჩვენი გაკეთებული საქმეები და მიღწეული შედეგებით ფასდება. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი დღევანდელი მთავრობა არის ერთ–ერთი ყველაზე კარგი შემადგენლობა, რომელიც წლების განმავლობაში გვქონდა. რა თქმა უნდა, ყოველთვის შეიძლება ვინატროთ უკეთესი, მაგრამ ამ შემთხვევაში დაგარწმუნებთ, რომ ეს არის ის გუნდი, რომელიც ძალიან აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა უკეთესი გავხადოთ“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე არ საუბრობენ თავად ის მინისტრები, რომლებიც, სავარაუდოდ, განთავისუფლების კანდიდატები არიან.

ანალიტიკოსების შეფასებით, სამთავრობო ცვილებები კონკერეტული გეგმის გარეშე შედეგზე ორიენტირებული ვერ იქნება. როგორც ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, მხოლოდ საკადრო ცვლილება ვითარებას ქვეყანაში ვერ შეცვლის.

„პროცესის, რაც დაიწყო უმრავლესობაში, ვთვლიდი, რომ ლოგიკური გაგრძელება იქნებოდა მთავრობის რეორგანიზაცია, რადგან პარლამენტში გამოიკვეთა ფავორიტი ჯგუფი. ასეთივე, შედარებით, ახალი ჯგუფი უნდა ყოფილიყო მთავრობაში - ახალი პრემიერ–მინისტრი, ახალი სამოქმედო ერთწლიანი გეგმით. ეს იქნებოდა ლოგიკური ჯაჭვი რეალური და შესრულებადი გეგმით, რომელიც უფრო სოციალური მიმართულების იქნებოდა და შედეგი უნდა დაედო 2020 წლისთვის, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთან სალაპარაკო და მისასვლელი ზურგი ჰქონოდა ხელისუფლებას. ლოგიკური ჯაჭვი ასე ჩანდა, მაგრამ ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ ეს მოლოდინი არ მაქვს“, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

მისი თქმით, არ იცის როგორ ერკვევა ივანიშვილი კინომატოგრაფიაში, მაგრამ კინომატოგრაფია როგორი კარგი ხარისხისაც არ უნდა იყოს, იგი ვერ იქნება ხელისუფლების რეიტინგის ვარდნის შემაკავებელი ფაქტორი, ისევე როგორც ემიგრანტების დასაქმება. ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, საეჭვოა, ხელისუფლებას გააჩნდეს მოკლევადიანი გეგმა, რომ რაღაცა რეალურად შეცვალოს ქვეყანაში.

„არ ვლაპარაკობ ფუნდამენტალურ და ღრმა ცვლილებებზე, ვლაპარაკობ პიარის დონის ცვლილებებზე - რა უნდა უთხრან ხალხს 2020 წლის არჩევნებზე? – მოვა „ნაციონალური მოძრაობა“ და ისევ უბედურება იქნებაო? ეს უკვე აღარ მუშაობს, რაღაცა სათქმელი ხომ უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას 7 წლის თავზე? მაისში შესრულდება ერთი წელი, რაც ახალი პრემიერი გვყავს, მაგრამ მთლიანობაში რამე შეიცვალა გარდა პრემიერისა? – არა. პრემიერის შეცვლით არაფერი შეცვლილა და მინისტრების შეცვლით რა შეიცვლება? კოპლექსური მიდგომა და ხედვა არის საჭირო და არა მინისტრების ცვლილება. გასაგებია, რომ არც ერთი ვარსკვლავებს არ ეთამაშება, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ რაღაცა კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს.

არც ის მგონია, რომ რეზერვში გენიოსები იყვნენ, ვნახეთ ჩვენ ასეთი ჩანაცვლებები. იგივე, ავიღოთ ქობულია, რომელიც დღევანდელი ხელისუფლების სრული შესაბამისობაა, როგორი ხელისუფლებაც არის, ზუსტად იმის გამოხატულებაა ეკონომიკის მინისტრი. ადამიანი რომელსაც არაფერზე არანაირი რეაქცია არ აქვს.

საბჭოთა კავშირის პერიოდში მივლინებაში აგზავნიდნენ ადამიანებს, რომლებიც საქმეს კი არ აკეთებდნენ, უბრალოდ დადიოდნენ, ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს მინისტრი ქობულია. ჩამოსულ ტურისტს უფრო ჰგავს, ვიდრე მინისტრს. ამიტომ არ ვთვლი, რომ მინისტრების შეცვლა რაიმეს მოიტანს, თუ არ იქნება ქვეყანაში ვითარების გამოსწორების რეალური გეგმა“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

ანალიტიკოსის გია აბაშიძის განცხადებით, ცვლილებები ყოველთვის კარგია, მით უმეტეს იმ პროცესში, როდესაც თავად პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მას სურს გუნდის გადახალისება. მისი თქმით, რეალურად მზადება მიდის 2020 წლის არჩევნებისთვის, რაც გულისხმობს არა პარტიულ ცვლილებებს, არამედ ცხადია აღმასრულებელი ხელისუფლების ცვლილებებს.

„მე ნამდვილად ვერ დავკონკრეტდები ვის შეცვლას აპირებენ, მაგრამ არ არის გამორიცხული და კარგი იქნება. მესმის და ბიზნესომბუდსმენმა განაცხადა საჯაროდ, რომ გადასახედია საბანკო რეგულაციები. ე.ი. რაღაცა ისე არ მუშაობს, როგორც ეკონომიკის მინისტრი აცხადებს. გვესმის ხალხისგან, ბიზნესმენებისგან, რომ ამ საბანკო რეგულაციებით უფრო მეტი ადამიანი დაზარალდა.

არის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, სადაც მან თქვა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებებში არის პრობლემები. ცხადია, ადგილობრივ დონზე არჩეული ხელისუფლება გვყავს, მაგრამ როგორც ჩანს, პარტიული კონტროლი თავიანთ მიერ არჩეულ სუბიექტებზე მოსუსტებულია. ამიტომაც არის არაერთი პრობლემური ინფრასტრუქტურული პროექტები. ამიტომ ცვლილებები აუცილებელია“, – ამბობს გია აბაშიძე.

როგორც ანალიტიკოსი ამბობს, როგორც ჩანს, ბევრი რამ შესაცვლელია არა მხოლოდ პარტიაში და პარტიულ მენეჯმენტში, არამედ აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

„ზოგადად მოლოდინი და ტრენდი ეს არის – ნამდვილად ცვლილებები უკვე საჭიროა და ნუღარ ველოდებით ნურაფერს. კიდევ ერთი პრობლემა ეს არის განათლების და კულტურის სამინისტროს გაერთიანება. ვხედავთ, რომ რაღაცა კარგად ვერ მიდის კულტურის მიმართულებით, შეკითხვები ბევრია, ღირდა კი ეს რეფორმა? – არ ვიცით, რამდენ ხანს უნდა დაელოდონ ამას, ესეც საკითხავია. ანუ, შეკითხვები ბევრია, მაგრამ ერთი ნამდვილად ცხადია, რომ აღმასრულებელ გუნდსაც სჭირდება გადახალისება“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას გია აბაშიძემ.