ბითაძის “ბუდუჩნოსტი” ფინალურ სერიაში 0:2 ჩამორჩა

ბითაძის “ბუდუჩნოსტი” ფინალურ სერიაში 0:2 ჩამორჩა

გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტმა” ადრიატიკის ლიგის ფინალურ სერიაში მე-2 მატჩიც უიმედოდ წააგო. შეგახსენებთ, რომ პოდგორიცელები “ცრვენა ზვეზდასთან” გამართულ პირველ შეხვედრაში 72:91 დამარცხდნენ, მეორეში კი უფრო მეტად შერცხვნენ – 69:107.

19 წლის ქართველმა ცენტრმა ამჯერადაც სასტარტო ხუთეულში ითამაშა და სანამ მე-5 პერსონალურ ფოლს მიიღებდა, მოედანზე 18:28 წუთი დაჰყო.

ბითაძემ 2-დან 1 ორქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო ჩააგდო და 9 ქულას 5 მოხსნა (2 შეტევაში) წაამატა. ქართველმა კალათბურთელმა ბურთი ერთხელ დაკარგა, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ.

ადრიატიკის ლიგის ჯერაც მოქმედი ჩემპიონი სიტუაციის გამოსწორებას მშობლიურ პოდგორიცაში ეცდება, სადაც ფინალის მე-3 მატჩი 17 აპრილს გახლავთ დაგეგმილი.

თუკი “ბუდუჩნოსტმა” ჩამორჩენა შეამცირა, შინ, კიდევ ერთ შეხვედრას 19 აპრილს ჩაატარებს, საჭიროების შემთხვევაში გადამწყვეტი შერკინება კი 22 აპრილს ბელგრადში შედგება.