„როგორც ჩანს, კიდევ ერთმა მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ გაუძლო ძალაუფლებით გამოცდას“

„როგორც ჩანს, კიდევ ერთმა მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ გაუძლო ძალაუფლებით გამოცდას“

ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილის შეფასებით, მოწოდებები „დაიცავი საქართველო“ და „გადავარჩინოთ ქვეყანა ნაციონალების მობრუნებისაგან“ საკმარისია საზოგადოებრივი აზრის ერთჯერადი და ხანმოკლე მობილიზებისათვის და არა საიმისოდ, რომ ხანგძლივი მოქმედების პოლიტიკურ პლატფორმას დაუდოს სათავე. მისი თქმით, ამ უკანასკნელს გაცილებით მეტი სჭირდება - „ამ პლატფორმამ უნდა შეძლოს და რიგით ადამიანს შესთავაზოს ქვეყნის ალტერნატიული განვითარების პროექტი“, - აცხადებს ფილოსოფოსი.

for.ge ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

ბატონო ზაზა, როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობადაიცავი საქართველოსასპარეზზე ხელახალი გამოჩენა და შეიძლება ითქვას, რომ მესამე ძალის შექმნის მცდელობას ვაკვირდებით?

ზაზა ფირალიშვილი: არაერთხელ მითქვამს მეც და სხვებსაც, რომ საკმაოდ რთულ ფაზაში ვიმყოფებით. ხელისუფლებაც და მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი ერთნაირად არის დისკრედიტირებული. ამ ვითარებაში უკვე ბევრი წინასწარმეტყველებდა ახალი ძალის გამოჩენას. ჰოდა, როდესაც მოლოდინი არსებობს და ამის შემდეგ საჯაროდაც აცხადებენ, ბუნებრივია, პირველ რიგში, ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი აქტორები შეეცდებიან ამ  ნიშის დაკავებას. 13 აპრილის შეკრება არ გახლავთ ერთადერთი, როდესაც მესამე ძალის შექმნის მცდელობა იქნა განცხადებული. გაგახსენებთ, რომ წინა თვეების განმავლობაში ოთხმა თუ ხუთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა გამოთქვა პრეტენზია, რომ სწორედ მათ ეკუთვნით ეს როლი.

გამოითქვა ასეთი ვარაუდი, რომ ეს მოძრაობა ჩაფიქრებულია, როგორცქართული ოცნების“ ერთგვარი პოლიტიკური ბუფერი. თქვენ როგორ ფიქრობთ, აქვს ამ ვარაუდს არსებობის უფლება?

– ამგვარ ვარაუდს თავისი ლოგიკა აქვს. არაერთი პოლიტიკური ბუფერი გვინახავს როგორც შევარდნაძის, ისე სააკაშვილის დროს. დანამდვილებით რაიმეს თქმა და დაბრალება შეუძლებელია. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ვერსიის გავრცელებაში დაინტერესებულები არიან როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ისე „ქართული ოცნება“. ამ უკანასკნელს ეს თავისი ლიდერის ყოვლისშემძლეობის რწმენის გამყარებისათვის სჭირდება. ხოლო ის, რომ ორივენი შეთანხმებულად სდევნიან პოლიტიკური სივრციდან მესამე ძალის გაჩენის ყოველგვარ მცდელობას, არაერთხელ ვნახეთ.

ასეთი ეჭვები ჩვენში ხშირად ჩნდება, ზოგჯერ – უსაფუძვლოდაც. სხვა მომენტი მინდა აღვნიშნო: მოწოდებები „დაიცავი საქართველო“ და „გადავარჩინოთ ქვეყანა ნაციონალების მობრუნებისაგან“ საკმარისია საზოგადოებრივი აზრის ერთჯერადი და ხანმოკლე მობილიზებისათვის და არა საიმისოდ, რომ ხანგძლივი მოქმედების პოლიტიკურ პლატფორმას დაუდო სათავე. ამ უკანასკნელს გაცილებით მეტი სჭირდება, სახელდობრ, ამ პლატფორმამ უნდა შეძლოს და რიგით ადამიანს შესთავაზოს ქვეყნის ალტერნატიული განვითარების პროექტი.

რაც მთავარია, უნდა შესთავაზოს „გაუცვეთავი“ პოლიტიკური აქტორები, რომლებსაც საკმარისი ენერგია, გულწრფელობა, კვალიფიკაცია და მათ მიმართ დადებითი მოლოდინის აღძვრა შეუძლიათ. ამის გარეშე ის ვერც „ქართული ოცნებას“ დაუპირისპირდები და ვერც ნაციონალების გამოცოცხლებას შეუშლი ხელს. ხელთ შეგვრჩება ერთგვარი პოლიტიკური სადღეგრძელო: ბევრისთვის მომხიბლავი, მაგრამ კონკრეტულ შინაარსს მოკლებული მოწოდება.

როცა მესამე ძალის შექმნაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის ჩნდება მთავარი კითხვა, როგორი უნდა იყოს ახალი ლიდერი. როგორ ფიქრობთ, როცა პოლიტიკურ ველზე არის მხოლო ორი პარტია – „ქართული ოცნებადანაციონალური მოძრაობა“, სახელისუფლებო გუნდი საზოგადოებას ესაუბრება 9-წლიან რეჟიმზე, თავის მხრივ ოპოზიცია ესაუბრება 7-წლიან უსუსურობაზე, ამის ფონზე, როგორი უნდა იყოს ახალი ლიდერი და რა უნდა შესთავაზოს საზოგადოებას?

– ეროვნული პროექტისა და იმგვარი ლიდერის გარეშე, ვისთანაც უბრალო ადამიანი პოზიტიურ მოლოდინს აკავშირებს და ვისაც საზოგადოების მობილიზება ძალუძს, ნებისმიერი მოძრაობა, როგორ მომხიბლავადაც არ უნდა გამოიყურებოდეს ის, ჩაქრობისთვის არის განწირული და, რაც მთავარია, თავად იდეასაც აზარალებს. ძველი აქტორების მიერ შექმნილი მოძრაობები ჩვენ უკვე მრავლად გვინახავს. საქართველოში პოლიტიკოსები იოლად ცვდებიან – შესაძლოა, უსამართლოდ, მაგრამ ეს მაინც ასეა. ეს კი ყველა ჩვენგანისათვის არის საფრთხის შემცველი, რადგან ყოველი მორიგი ასეთი მოძრაობა რიგით ამომრჩევლების ნაწილს მაინც კვლავ და კვლავ ნაციონალების მობრუნების არა მხოლოდ გარდუვალობაში, არამედ საჭიროებაშიც არწმუნებს. ვფიქრობ, ეს დაფიქრებას საჭიროებს.

მოკლედ რომ ვთქვა, ახალმა მოძრაობამ უნებურადაც შეიძლება ითამაშოს პოლიტიკური ბუფერის როლი და მესამე ძალის იდეა აზარალოს. ასეა თუ ისე, მოსალოდნელიც იყო, რომ ძველი აქტორები შეეცდებოდნენ, მესამე ძალის იდეის მონოპოლიზებას და ამას მათ ვერავინ დაუშლის. ქართული პოლიტიკა იდეათა მონოპოლიზების სფეროა. მთავარი ისაა, თუ რა შედეგებს მოიტანს ეს. თუ კვლავ 2006–2010 წლების პოლიტიკურ სადღეგრძელოებსა და შოუებს ვიხილავთ, ამით ახალი მოძრაობა, უმალ, გაამყარებს უარყოფით ვარაუდებს და ამით უფრო ნაციონალები ისარგებლებენ, ვიდრე „ოცნება“.

ხოლო ხელისუფლების სათავეში მობრუნება იმ ძალისა, რომლის ლიდერებმაც, როგორც შთაბეჭდილება მრჩება, დღემდე ვერ გაიაზრეს, თუ რა პრეტენზია ჰქონდა ჩვენს საზოგადოებას მათ მიმართ და, რომ მათ მიმართ აგრესიას არ განსაზღვრავდა მხოლოდ რაღაც ირაციონალური და უსამართლო ბრალდებები, ან ივანიშვილის ფინანსური რესურსები, ვფიქრობ, ნამდვილად არ შეიძლება.

ასეა თუ ისე, ახალი მოძრაობის ლიდერებს საკმაოდ სერიოზული ძალისხმევის გაღება დასჭირდებათ საიმისოდ, რომ რიგითი მოქალაქე საწინააღმდეგოში დაარწმუნონ. სანამ ამგვარი ეჭვები იარსებებს, მათი ორბიტის გარეთ არსებული სერიოზული პოლიტიკური რესურსების მოზიდვაც გაუჭირდებათ.

ამასთან ვხედავთ, რომქართული ოცნებაყოველდღიურად კარგავს მხარდაჭერას. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია კი ამ პროცესის შეჩერება?

– „ოცნებას“ დაემართა იგივე, რაც მის ყველა წინამორბედს. მისი ქცევის წესიც ისეთივეა, თითქოს მის მიმართ ოდესღაც არსებული ნდობის რესურსი ამოუწურავი იყოს. სათითაოდ ყველანი ისე იქცეოდნენ, თითქოს მათ მიმართ საყოველთაო აღფრთოვანება სამუდამოდ იყოს გარანტირებული და ვიღაცას მათთვის საბოლოოდ ჩაებარებინოს ქვეყანა. აქედანაა მათ მიერ დაშვებული შეცდომები და ზოგჯერ დანაშაულებებიც. თანაც, თუ ადრე მათ შეცდომებს უბრალო ადამიანი ხშირად თვალს არიდებდა, რაც დრო გადის, მით უფრო მძაფრად აღიქვამს მათ. მმართველებს კი ასე ჰგონიათ, რომ უმრავლესობა კვლავ ძველებურად თანაუგრძნობს და ჯერ კიდევ ბევრი დრო აქვთ იმის გამოსასწორებლად, რაც დააშავეს. მერე კი, ერთ დღესაც, აღმოაჩენენ, რომ საყოველთაო მიუღებლობით არიან გარემოცულები, რაც კიდევ უფრო აბნევს მათ და ახლა უკვე ზედიზედ უშვებენ შეცდომებს. თანაც, (რაც მთავარია, ყველა ხელისუფლებას) ყველას სათითაოდ მიჰყვებათ რწმენა, რომ მათ მიერ ხელისუფლების დათმობა უდიდესი უსამართლობა იყო, რაც კი შეიძლება მომხდარიყო და ამის შემდეგ ქვეყანა აუცილებლად დაიღუპება. ეს სცენარი იმდენჯერ განმეორდა ჩვენს უახლეს ისტორიაში, რომ, ვგონებ, შეხსენებასაც არ საჭიროებს.

ბატონო ზაზა, დღეს არსებულქართული ოცნებისგუნდში არის კი ისეთი ლიდერი, რომელიც შეძლებს შექმნილი ვითარების შეცვლას?

– ერთ დროს იმედი მქონდა, რომ „ოცნებაში“ პირველ ეტაპზე მიწვეული შედარებით გამოცდილი პოლიტიკური აქტორები ინიციატივის ხელში აღებას შეძლებდენ და ასეთ ქცევას გასაქანს არ მისცემდნენ. როგორც ჩანს, ლიდერს თავისი ანგარიშები ჰქონდა. სამწუხაროდ, დღევანდელ „ოცნებაში“ არ არის არც ერთი ლიდერი, რომელიც ვითარებას შეცვლიდა და შეძლებდა პარტია პოლიტიკურად, მსოფლმხედველობრივად და თუ გნებავთ, ზნეობრივი პორტრეტის აზრით მოეწესრიგებინა.

არც შეცდომების კასკადის შემჩერებელი ვინმე ჩანს. ამის ნაცვლად ვხედავთ მსოფლმხედველობრივ ქაოსს, რომლის გადაფარვასაც ათასგვარი ხერხებით ცდილობენ. ამას დავუმატოთ მოვლენები, წყალი რომ შეუყენა „ოცნების“ მორალურ უპირატესობას. ყველაზე ზოგადს აღვნიშნავ: პირველივე წლებში საეჭვო დანიშვნები მაღალ თანამდებობებზე შინაგან საქმეთა სამინისტროში, უზომო პრემიები და სახელფასო დანამატები. დაბოლოს, მოსამართლეთა უვადო დანიშვნის ისტორია. ჩამონათვალი, ცხადია, ამით არ ამოიწურება.

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის თემა გახდა უმარავლესობის დაშლის საფუძველი, მიუხედავად იმისა, რომ საუბარია საზოგადოებისთვის მიუღებელ მოსამართლეებზე, ხელისუფლება საზოგადოების ამ ნაწილს უპირისპირდება, რა განვითარება შეიძლება მოჰყვეს ამ პროცესს?

– მოსამართლეთა დანიშვნას სრულიად უვნებლად და შეუმჩნევლადაც კი შეიძლებოდა ჩაევლო. ახლა კი საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის მიუღებელი პირების გათეთრების მცდელობით საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა. ნამდვილად არ ვიცი, რომელიმე სოციოლოგიური ორგანიზაცია რეგულარულად ემსახურება თუ არა „ოცნებას“, მაგრამ შორს არ ვიქნები სიმართლისაკენ, თუ ვიტყვი, რომ რაც მეტად ჭიანურდება მოსამართლეებთან და იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებული პრობლემები, მით უფრო ეცემა „ოცნების“ მიმართ ამომრჩევლის ნდობა. ნდობა კი ისეთი რამაა, რასაც ვერავითარი ფინანსური ინვესტიციებით ვერ აანაზღაურებ და ყოველი შემდგომი მცირე გამარჯვება უკვე სრულიად არათანაზომადი რესურსები გიჯდება.

მაგრამ, ერთია, „ოცნების“ ლიდერთა გაუგებარი გაჯიუტება ამ საქმეში და მეორეა თავად დასანიშნთა თუ ასარჩევთა პოზიცია. დარწმუნებული ვარ, თავად მათ კარგად რომ გაეაზრებინათ სიტუაცია და თავისი კანდიდატურები, ამით თავსაც გადაირჩენდნენ და „ოცნებასაც“ მრავალი უხერხულობისაგან იხსნიდნენ.

რეალურად, ამ პროცესმა დააზარალა სასამართლოს იმიჯი, რომელიც ისედაც არ ჰქონდა ქართულ სასამართლოს...

– აღარაფერს ვამბობ, თავად სასამართლოს ინსტიტუტის ავტორიტეტის შენარჩუნებაზე. ახლა კი, „ოცნებასთან“ ერთად, ისინიც ქმნიან ვითარებას, როდესაც უბრალო ადამიანისათვის იმთავითვე ცხადი ხდება, თუ ვინ განაგებს სასამართლოს და შეიძლება თუ არა მას ენდოს. არადა, თითქოს ბანალურია, რომ თუ ადამიანს თუნდაც უსამართლოდ შელახული სოციალური პორტრეტი აქვს, ამას ვერავითარი ფინანსური ინვესტიცია და პროპაგანდა ვეღარ გამოასწორებს. საზოგადოებრივი აზრი ულმობელია.

ამას დავუმატოთ მარიხუანას გაშენების იდეა, რომელსაც წინ (ჩავთვალოთ რომ შემთხვევით) თითქმის ორი წლის განმავლობაში უძღოდა პუბლიკაციები და განცხადებები მარიხუანას უვნებლობისა და ლამის სარგებლიანობის შესახებ. არ ვგულისხმობ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლას, არამედ იმას, რაც ამ ბრძოლას მოჰყვა. თითქოს ვიღაც საგანგებოდ ამზადებდა ნიადაგს, რათა შემდეგ ეს იდეა შემოეგდო.

დაბოლოს, ანაკლიის პორტის აშენებასთან დაკავშირებული პერიპეტიები. დარწმუნებული ვარ, ამ ისტორიის პოლიტიკური შედეგები ჯერაც წინაა და „ოცნების“ ლიდერებმა ეჭვი ჩათესეს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. თითქოს „ოცნება“ თავადვე გულმოდგინედ მიემართება მარცხისაკენ. საეჭვოა, რომ არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში ეს პარტია საერთოდაც შემორჩეს პოლიტიკურ ასპარეზს. ეს ნამდვილად არ მახარებს, რადგან კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ქვეყანაში საიმედო პოლიტიკური რესურსების სიმწირეა, ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ მდგრადი პოლიტიკური ცხოვრებისაგან და, რომ კიდევ ერთმა მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ გაუძლო ძალაუფლებით გამოცდას.