"კანონიერი ქურდების" დიდი თავყრილობა სომხეთში - ქორწილში ასობით "ავტორიტეტი" ჩადის

ამ დღეებში სომხეთის დედაქალაქი სამართალდამცავი სტრუქტურებისა და სპეცსამსახურების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იქნება. ერევანში ასობით კრიმინალური „ავტორიტეტი გავლენიანი „კანონიერი ქურდის, არმენ კაზარიანის ქალიშვილის ქორწილში იკრიბება. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი ჟამანაკი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კაზარიანის ქალიშვილი სომხეთის ტრანსპორტის ყოფილი მინისტრის, ედუარდ მადატიანის ახლო ნათესავზე ქორწინდება. დღესასწაულზე მიწვეულ ქურდული სამყაროს ლიდერებს შორის არიან ქართველებიც, თუმცა სტუმრების სია ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია.

ცნობილია, რომ ერევანში ელოდებიან 300-მდე სტუმარს აშშ-დან, სადაც არმენ კაზარიანი 1996 წლიდან 2018 წლამდე ცხოვრობდა და არაერთ კრიმინალურ სკანდალში იყო გახვეული.

ამერიკაში კაზარიანი დანაშაულებრივ სინდიკატს ხელმძღვანელობდა, რომლის სახელთან სადზაღვეო პოლისებით მილიონობით თანხის მითვისება არის დაკავშირებული. ექიმებისა და პაციენტების პერსონალური მონაცემების ქურდობით სახელმწიფო დაზღვევის პროგრამიდან აღნიშნულმა ჯგუფმა ჯამში 165 მილიონი დოლარი მიითვისა.

54 წლის არმენ კაზარიანს კრიმინალურ წრეებში პზოს მეტსახელით იცნობენ. ის „კანონიერ ქურდად 1991 წელს, 26 წლის ასაკში „აკურთხეს.

რაც შეეხება ედუარდ მადატიანს, ის 2000-2001 წლებში, მანამდე კი პარლამენტის წევრი გახლდათ. მან სომხეთი 2004 წელს მას შემდეგ დატოვა, რაც პრეზიდენტის და სხვა მაღალჩინოსნების მკვლელობის მომზადებაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. აშშ-დან ყოფილი მინისტრი სამშობლოში 2008 წელს დაბრუნდა, როდესაც მოულოდნელად მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება შეწყდა.