„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „ქართული ოცნებისთვის“ ხელისუფლების გადაბარება ხდება და უკვე ახალი მთავრობის დაკომპლექტებაზეც მიდის მუშაობა. ჯერჯერობით, პროცესი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს, მაგრამ საზოგადოებაში არის კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დალაგდება სიტუაცია ქართულ ბიზნესში, მოხდება თუ არა სამართლიანობის აღდგენა და წართმეული ბიზნესების მათი კანონიერი მესაკუთრეებისთვის დაბრუნება, ასევე შემცირდება თუ არა ტარიფები კომუნალურ გადასახდებზე და ა.შ.
შესაძლოა მოსახლეობის უმეტესობას სჯერა იმ დაპირებების, რასაც „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ იძლეოდა, მაგრამ ამ კითხვებს აჩენს ის მოლოდინი, რომელიც თავად კოალიციის ლიდერს აქვს და რაზეც მან არაერთხელ ისაუბა. ეს არის ის, რომ შესაძლოა ხელისუფლებაში მოსულ „ქართულ ოცნებას“ სახელმწიფო ბიუჯეტი ცარიელი დახვდეს. მართალია ის დაპირებები, რაც „ქართული ოცნების“ ლიდერმა არაერთხელ გააჟღერა, კოალიციის პროგრამაშიც არის გაწერილი, მაგრამ როგორ მოხდება რეალობაში ამ ყველაფრის განხორციელება და მისცემს თუ არა ხაზინა ახალ ხელისუფლებას იმის საშუალებას, რომ საზოგადოებისთვის მიცემული პირობები შეასრულოს? აღნიშნულ საკითხებზე for.ge-ს ეკონომიკის ექსპერტი ვლადიმერ პაპავა ესაუბრება.
ვლადიმერ პაპავა: „ჯერ ნუ ვიტყვით, რომ ოპოზიცია ხელისუფლებაში მოვიდა. ჯერ არაფერია საბოლოოდ გადაწყვეტილი, რადგან პირადად ჩემთვის დიდად საიმედო არ არის ის, რასაც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რადგან მან შეიძლება ნებისმიერ მომენტში გადაიფიქროს. ამიტომ, სანამ პარლამენტი არ შეიკრიბება და უმრავლესობა თავის მთავრობას არ დაამტკიცებს, მანამდე მე არ ვთვლი, რომ ყველაფერი დამთავრებულია. ამის შემდეგაც არ შეიძლება ყველაფერი დასრულებულად ჩავთვალოთ, რადგან როგორც ვხედავთ, სააკაშვილი გადადგომას არ აპირებს, იგი კიდევ ერთი წელი პრეზიდენტობას აპირებს, მას კონსტიტუციით დიდი ძალა აქვს და სულაც არ გამოვრიცხავ, რომ მან პრობლემები შეუქმნას არა მხოლოდ ახალ საპარლამენტო უმრავლესობას, არამედ სრულიად საქართველოს. ასე რომ, მე უკვე კარგა ხანია გამარჯვების ეიფორიიდან გამოვედი და მინდა სიტუაციაზე უფრო ფხიზლად შევახედო ყველას, მათ შორის მათ, ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს.
რაც შეეხება ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობას, ამაზე ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ გააკეთა განცხადება და მისი გუნდის წევრებსაც ამაზე არაერთხელ ჰქონიათ საჯარო გამოსვლები სხვადასხვა დონეზე, მანამდეც კი, სანამ ისინი ბიძინა ივანიშვილთან კოალიციაში გაერთიანდებოდნენ. პოზიცია არის ძალიან მარტივი - ბიზნესი სახელმწიფო წნეხისაგან უნდა განთავისუფლდეს, რათა მას არ ჰქონდეს ზეწოლა, როგორც ეს აქამდე იყო - სახელმწიფო მოხელეების ახლობლების წილებში ჩასმა, ბიზნესების სახელმწიფო ჩინოვნიკების მეგობრებსა თუ ახლო ნათესავებზე გადაფორმება, სხვადასხვა სახელმწიფო ღონისძიებების ვითომდა ნებაყოფლობითი დაფინანსება, რაც ფაქტობრივად ბიზნესისთვის ფულის „შეწერა“ იყო. ასევე რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ბიზნესი არ უნდა იყოს მთლიანობაში გაკონტროლებული და საქართველოში უნდა დაინგრეს ის ოლიგოპოლიური სტრუქტურა, რომელიც ბიზნესში შეიქმნა. ეს არის ყველაზე მთავარი მიმართულებები, რომლებიც საჯაროდ განაცხადა „ქართულმა ოცნებამ“. ამიტომ, აქ ახალს მე პირადად არაფერს ველი. ველი იმას, რომ მიღებული უნდა იქნას ანტიმონოპოლიური რეგულირების ევროპულ მოდელზე დაფუძნებული კანონმდებლობა, რომელიც ქვეყანაში შექმნის იმის საფუძველს, რომ ქართული ეკონომიკის დემონოპოლიზაცია კანონის დონეზე მოხდეს.
ჩამორთმეული ბიზნესების საკითხი მხოლოდ დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოს დონეზე უნდა გადაწყდეს. არც ერთ შემთხვევაში აქ პოლიტიკური რევანში არ არის დასაშვები, რადგან პოლიტიკური რევანში საერთოდ ჩაძირავს და კატასტროფამდე მიიყვანს ქვეყანას. სამართლიან პრინციპებზე დაფუძნებული და დამოუკიდებელი სასამართლოს მოქმედება კი აუცილებელია, რათა საქართველო, როგორც სახელმწიფო საბოლოოდ შედგეს.
ბატონო ლადო, ალბათ ძალიან საინტერესო პროცესი იქნება ბიუჯეტის დამტკიცება, რადგან მართალია „ქართული ოცნება“ პარლამენტში უმრავლესობით შედის, მაგრამ მისი და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატთა რაოდენობას შორის დიდი სხვაობა არ არის. ამასთანავე, ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ ხაზინა სავარაუდოდ ცარიელი დახვდება, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურად იყენებდა მთელს ადმინისტრაციულ რესურსს. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტში აისახოს ყველა ის დაპირება (მაგალითად ათასლარიანი ვაუჩერები), რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნოდ უხვად არიგებდა და საერთოდ, რამდენად გონივრული იქნება ასეთი ხარჯების ბიუჯეტში გაწერა?
- ჯერ ერთი, იმისათვის, რომ პარლამენტმა ისეთი ბიუჯეტი მიიღოს, როგორსაც მთავრობა შესთავაზებს, ამისთვის საჭირო უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილს აქვს. უფრო მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ თანაფარდობა „ქართული ოცნების“ კოალიციასა და „ნაცმოძრაობის“ პარტიას შორის პარლამენტის დეპუტატების რაოდენობის სახით კიდევ გაიზრდება. ნახავთ, სულ რამდენიმე თვის შემდეგ როგორ გამოიკვეთება პროცესი, როდესაც არაერთი არაპოლიტიკოსი, რომელიც ბიზნესინტერესების გამო ან გაუგებრობის შედეგად მოხვდა პარლამენტში, აქტიურად დაიწყებს „ქართული ოცნებისკენ“ გადასვლას, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ „ქართული ოცნება“ მოსწონთ (მათთვის ეს მეათეხარისხოვანი იქნება) მათთვის მთავარი არის ის, რომ ხელისუფლებასთან კარგ ურთიერთობაში იყვნენ. ახლა გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ ასეთი ბიზნესმენები „ნაციონალებს“ ყოველთვის ყავდათ პარლამენტში წარმოდგენილი და მათი დიდი ნაწილი ასე მოიქცევა, არა მხოლოდ ბიზნესმენები, ასე მოიქცევა ზოგიერთი არაპოლიტიკოსი, რომელიც აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ უნდა იყოს ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ არის. ასეთი ადამიანები კიდევ უფრო გაზრდიან პარლამენტში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლობას და მათ მიერ საკითხების გატანა კიდევ უფრო მარტივი იქნება.
ახლა რაც შეეხება განცხადებას, დაცარიელებულია თუ არა ქვეყნის ბიუჯეტი. აქ მე ცოტა უფრო ფრთხილი ვიქნები, რადგან ნაციონალები ამ არჩევნებში გამარჯვებას აპირებდნენ. ეს კი ნიშნავს, რომ გამარჯვების შემდეგ მათ ქვეყანა უნდა ემართათ. ამდენად არ მგონია, რომ ყველაფერი გამოეყენებინათ და ბიუჯეტი სულ დაეცალათ. ამიტომ მოდით დაველოდოთ „ქართული ოცნების“ გამარჯვების შედეგების საბოლოოდ დამტკიცებას, პარლამენტის შეკრებას, ახალი მთავრობის დანიშვნას და შემდეგ ისინი თვითონ გააკეთებენ გაცნხადებას. მე არც ის გამიკვირდება ითქვას, რომ ბიუჯეტი დაცარიელებულია და ის უფრო მოსალოდნელია, რომ აღმოჩნდეს, ბიუჯეტში არის გარკვეული თანხები. ამასთანავე, გადასახადები ხომ მას შემდეგ გადაიხდება, რაც შესაბამისი დამატებული ღირებულება შეიქმნება. ასე რომ, ეკონომიკური პროცესი ქვეყანაში გრძელდება და ეს გადასახადები ბიუჯეტში წლის ბოლომდე შევა.
რაც შეეხება დაპირებას ვაუჩერებთან დაკავშირებით, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ კატასტროფული დაპირება, რადგან ვაუჩერები არის სწორედ ის, რომ ქვეყანას არ ჰქონდეს ეკონომიკური პოლიტიკა, ვინაიდან, როდესაც ქვეყანას ეკონომიკური პოლიტიკა არ აქვს, მთავრობას ვაუჩერების გამოყენება სჭირდება. ივანიშვილმა კი ეკონომიკური პოლიტიკის მისეული ხედვა წარმოადგინა და ერთ-ერთ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა - მოსახლეობას ვაუჩერებით შეურაცხყოფას არ მოგაყენებთო. ამიტომ, მე მგონია, რომ ეს „ნაციონალური“ მარაზმი დასრულდა და შესაბამისად, სულაც არ ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ ბიუჯეტში ამ ვაუჩერების თემას გაითვალისწინებს. ვაუჩერები „ნაციონალური მოძრაობის“ უდიდესი შეცდომა იყო, რაც მათი მთავრობის არაპროფესიონალიზმის დამადასტურებელი საკმაოდ კარგი ფაქტი იყო.
ბიძინა ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ლაზიკაც აღარ აშენდება...
- იცით რა, ძნელად წარმოსადგენია ლაზიკა აშენებულიყო, თუნდაც ამ არჩევნებში „ნაციონალებს“ გაემარჯვათ, რადგან საქართველოს ამის რესურსი არ გააჩნია. ლაზიკა მაინც პიარ-ტექნოლოგიით გათვალისწინებული სვლა იყო, რომ ხალხისთვის რაღაც ზღაპრული ქალაქი შეეთავაზებინათ და კიდევ უფრო მეტად გამოეშტერებინათ. არა მხოლოდ ლაზიკის მშენებლობის რესურსი არ გააჩნია ქვეყანას, არამედ საერთოდ მისი აშენებაც არ არის მიზანშეწონილი და რაც მთავარია, ჩვენი კონსტიტუცია არის შეურაცხყოფილი, როდესაც მასში ლაზიკის საკითხი არის ჩაწერილი. ასე რომ, ვფიქრობ, ეს თემა კონსტიტუციიდანაც ამოსაღებია და იგი უნდა ჩაბარდეს საქართველოს ისტორიას, როგორც ერთი სევდიანი და ამავდროულად მხიარული ფურცელი, თუ როგორ შეიძლება სისულელით გამოაშტერო ხალხი, თუმცა ღვთის მადლით ხალხი არ გამოშტერებულა.
ამდენად სააკაშვილის განცხადებები, რომ ლაზიკის მშენებლობა ინვესტორების მოზიდვის და მათ მიერ ამ მშენებლობაში თანხების ჩადებით განხორციელდებოდა, არარეალური იყო?
- მე მგონი ამაზე არაერთხელ გვისაუბრია და მიზანშეწონილად არ ვთვლი, ამაზე დრო და მკითხველის ყურადღება დავხარჯოთ, რადგან ჩვენ აფხაზეთის დაბრუნებას ვაპირებთ და მათ შორის სააკაშვილი ძალისმიერ მეთოდებსაც არ გამორიცხავდა. წარმოიდგინეთ, ამ ფონზე შეიძლება აფხაზეთის საზღვართან რომელიმე ინვესტორმა რაღაც მეგაპროექტში თანხა ჩადოს, როდესაც იქ შესაძლოა, ადრე თუ გვიან ომი გაიმართოს? ეს მარაზმია და კარგი იქნება თუ სააკაშვილის ამ სისულელეებს თანდათან დავივიწყებთ.
ბატონო ლადო, ბიძინა ივანიშვილმა თავიდანვე განაცხადა, რომ მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კომუნალური გადასახდელები შემცირდებოდა. როგორ ფიქრობთ, რა ნიშნულამდე არის შესაძლებელი ტარიფების დაწევა?
- პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, ნაგვის გადასახდელები უნდა ჩამოსცილდეს ელექტროენერგიის გადასახდელს, რადგან ეს არის უდიდესი შეცდომა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქალაქის მერიის გადაწყვეტილება არის შესაცვლელი. არ არის გამორიცხული, რომ პარლამენტს შესაბამის კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებების მიღება დასჭირდეს, რითაც ქალაქის მერიის ეს ბრიყვული გადაწყვეტილება დარეგულირდება. ხოლო ტარიფების დაწევა უკვე მარეგულირებელ კომისიებთან არის დაკავშირებული. ეს იქნება დენის ტარიფი, თუ გაზის ტარიფი, ამას არ განსაზღვრავს არც პარლამენტი, არც მთავრობა, ამას მხოლოდ მარეგულირებელი კომისიები განსაზღვრავს, მაგრამ პარლამენტს აქვს საიმისო ინსტრუმენტი, დაარეგულიროს, როგორი იქნება კომისიები, რომ მათი წევრები შეიცვალონ, ან შეიცვალოს კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც დაიხვეწება ის მეთოდიკა, რომლითაც ამ ტარიფების დაანგარიშება ხდება. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ტარიფების განაკვეთს განსაზღვრავენ დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიები და არა პარლამენტი, ან მთავრობა.
როდესაც ბიძინა ივანიშვილს ბიზნესმენებთან შეხვედრა ჰქონდა, მათ სთხოვა, თუკი ვინმეს ფასებთან გაქვთ შეხება და რაიმე კარტელურ შეთანხმებებში მონაწილეობთ, ამაზე უარი თქვითო. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, რომ ეს საკითხი ბიზნესმენებმა თვითონ დაარეგულირონ?
- ეს დაახლოებით ისეთივე რჩევაა, როგორიც ივანიშვილმა სააკაშვილს მისცა, როდესაც უთხრა, ჯობია გადადგეო. დღესავით ნათელია, რომ სააკაშვილი არ გადადგება, მაგრამ ივანიშვილმა მას აბსოლუტურად ლოგიკური და გონივრული რჩევა მისცა. სწორედ ასეთივე რჩევა-მოწოდებით მიმართა მან ბიზნესმენებს, მაგრამ ვეჭვობ, რომ ეს რჩევა ბევრმა მათგანმა გაითვალისწინოს. ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა კურტანიძის (ბოდიშს ვიხდი, ცოტა უხეშად ვიტყვი) მეტიჩრული გამოხტომით, რაზედაც ივანიშვილს საკმაოდ კარგი და მკაფიო პასუხი ჰქონდა. სჯობს, ბიზნესმენებმა თვითონ შეხედონ, რას აკეთებდნენ ამ წლების განმავლობაში და როგორ იყვნენ ხელისუფლებასთან გარიგებაში.
და ბოლოს, ბატონო ლადო, უკანასკნელ დღეებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარკვეული თანამდებობის პირები ქვეყანას ტოვებენ. ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, ამ ადამიანებს შორის ხომ არ არიან ადამიანები, რომლებსაც საქართველოში მსხვილი ბიზნესი აქვთ და ქვეყნიდან კაპიტალის გატანა ხომ არ ხდება?
- ვერ გეტყვით, რადგან მე თვითონ ქვეყანაში არ ვიყავი, გუშინ საღამოს ჩამოვედი და ამასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია, თუმცა თეორიულად ეს შესაძლებელია. ისე კაპიტალის გატანას რაც შეეხება, კაპიტალი დიდი ხანია მათ გატანილი ექნებათ.
ეს არჩევნებთან არის დაკავშირებული?
- ზოგადად, რადგან სათადარიგო ვერსიები ყველას ჰქონდა დამუშავებული.