ლეგენდარულმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ საკუთარი გუნდის გამარჯვება ნიკოლას მადუროს მიუძღვნა.
დიეგო მარადონას მიერ გაწვრთნილმა მექსიკურმა „დორადოსმა“ “ტამპიკო მადეროს“ 3:2 სძლია. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე კი არგენტინელმა გამარჯვება „ნიკოლას მადუროს და განსაცდელში მყოფ ყველა ვენესუელელს“ მიუძღვნა.
„ვინ არიან ეს „იანკები“, თავი რომ მსოფლიოს შერიფები ჰგონიათ?! რაკი მსოფლიოში ყველაზე დიდი ბომბები აქვთ, ჰგონიათ, რომ ჩვენზე მეტი უფლება აქვთ. არა, ისინი ცდებიან“, - განაცხადა მარადონამ.
მექსიკის ფეხბურთის ფედერაციამ მარადონა ამ სიტყვების გამო ფულადი ჯარიმით დასაჯა. საფეხბურთო ორგანოს განცხადებით, გუნდის მწვრთნელმა პოლიტიკური ნეიტრალიტეტი უნდა დაიცვას.
საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებზე მარადონას აქამდეც უსაუბრია. 2017 წელს მარადონამ საკუთარ თავს უგო ჩავესის პოლიტიკური კურსის მიმდევარი უწოდა.
„სანამ ბრძანებებს ნიკოლას მადურო იძლევა, მე სამხედრო ფორმა მეცმევა და თავისუფალი ვენესუელის ჯარისკაცი ვიქნები“, - განაცხადა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა.