საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვებას რეჟისორი რეზო ესაძე გამოეხმაურა.
- თავისუფლება ერთდროულად მომნუსხველიც არის და საშიშიც. ფაქტია, მას შემდეგ, რაც ადამიანი გაჩნდა, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, თავისუფლებისთვის იბრძვის. აუცილებელია, განვასხვაოთ ცალკე აღებული ერთი ინდივიდისა და საზოგადოებრივი (ერთად აღებული უამრავი ადამიანის) თავისუფლება.
ინდივიდი თუ იბრძვის ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის, მაშინ ის, მისდა უნებურად, სხვისთვის სამაგალითო ხდება. მაგალითად, როდესაც ფრანსუა ვიიონს ჩამოხრჩობა მიუსაჯეს, გაჭრილი თითიდან მწვეთავი სისხლით ციხის კედელზე დაწერა: "მე ფრანსუა ვარ და ეს სულაც არ მიხარია, იმიტომ, რომ ხვალ მელოდება თავის მოკვეთა, ე.ი. ხვალ გაიგებს ჩემი კისერი იმას, თუ რამდენს იწონის უკანალი!" - ამ სისხლიანი გამასხრებით ფრანსუამ ყველასა და ყველაფერს აჯობა, დასძლია უნუგეშობა და ის მდგომარეობა, საიდანაც თითქოს გზა ხსნისა აღარ ჩანდა. აი, რას ნიშნავს პიროვნული თავისუფლება, თუკი ის ჭეშმარიტია. ფრანსუა ვიიონი თავისუფლად აზროვნებდა იმიტომ, რომ აკლდა საზოგადოებრივი თავისუფლება.
თითქოს ბოლოდროინდელ საქართველოში თითოეული (ცალ-ცალკეც და ერთადაც) ფრანსუა ვიიონს დავემსგავსეთ. აი, ეს იყო ღირსების შემლახავი მოპყრობის, ცოცხით გაუპატიურებისა და ათასი სხვა უბედურების წონაც და ფასიც! იქ, სადაც სრული სასოწარკვეთა ჩანდა, ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის ბრძოლის ჟინი გაჩნდა, რამაც საზოგადოებრივ თავისუფლებაზე მოთხოვნა წარმოშვა. სამწუხაროდ, იყვნენ ისეთებიც, ვინც ხედავდა მთელ ამ უბედურებას, რაც საკნებში ხდებოდა და ამ დროს არც მეტი, არც ნაკლები, ფაშვს ივსებდა!
ჩვენ უნდა განვასხვაოთ, რა არის პირადული, მიწიერი თავისუფლებით ტკბობა და რა - ჭეშმარიტი თავისუფლება. მაგალითად, გობსეკიც იყო თავისუფალი, მის უკან მთელი სიმდიდრე ყარდა, ის კი იჯდა და უყურებდა სამ ფანჯარას, რომელთაგან ერთი გაკაშკაშებული იყო, მეორეში მბჟუტავი ალი ჩანდა, მესამეში ბნელოდა. გობსეკი კი ფიქრობდა, - "იქ, სადაც შუქი არ არის, შემიძლია ავანთო, სადაც არის, ჩავაქრო, მესამე ფანჯარაში კი ხან ავანთებ, ხან ჩავაქრობ და ამით გავერთობი". არადა, ხომ ცხადი იყო, ვისაც შუქს ჩაუქრობდა, უბედურებას მოუტანდა.
ჭეშმარიტი თავისუფლება სხვათა უფლებისთვის ბრძოლას მოიცავს. ის კი, ვინც სხვებისთვის იბრძვის, მისდა უნებურად ქმნის ერთიან სივრცეს, საიდანაც წარმოიშვება არა ერთის, არამედ ბევრის, ე.ი. საზოგადოებრივი თავისუფლება! ვფიქრობ, ქართველი ერი ამ პროცესამდე ძნელად, ურთულესი გზის გავლით მივიდა. ამიტომაც ვარ ამ გამარჯვებით პირთამდე სავსე.
სააკაშვილმა მშვიდობიანად ხელისუფლების გადაცემის პროცესი დაუშვა.
- მის მოქმედებებში ჯერ კიდევ უნდა დავრწმუნდეთ. როდესაც ის სახელმწიფოს სათავეში მოვიდა, დიდი ოვაციით შევხვდი, მაგრამ იმედი მალე გამიცრუვდა. სააკაშვილი მოვიდა თუ არა, საზოგადოება ჩარეცხილებად, მუმიებად და ჯოჯოებად დაყო. მან ბუნებით ღვთისმოსავ ერს ბრძოლა გამოუცხადა. სააკაშვილის ხელისუფლებამ "სიხარულის ქუჩაც" კი დააარსა, სადაც ისევ მათი კოტეჯები, ზღაპრული სასახლეები არის წამოჭიმული. მათი ბედნიერების პარალელურად კი იზრდებოდა სხვათა უბედურება, რაზეც თვალს ხუჭავდნენ.