„წინა ხელისუფლებას დავით ბაგრატიონი რომ „გაეშავებინა“, აგენტად შორენა ბეგაშვილი მიუჩინეს“

„წინა ხელისუფლებას დავით ბაგრატიონი რომ „გაეშავებინა“, აგენტად შორენა ბეგაშვილი მიუჩინეს“

ადვოკატი ლევან ჩხეიძე აცხადებს, რომ დავით ბაგრატიონმუხრანელი მანდილოსნებს არ სცემს. ადვოკატის განცხადებით, სამეფო ოჯახს შორის არსებული დავა ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომლის თანახმად ანა ბაგრატიონგრუზინსკი ცდილობს, მის ყოფილ მეუღლეს 90 000 ლარი სასამართლო დავის მეშვეობით წაართვას. რაც შეეხება მსახიობ შორენა ბეგაშვილს, ამ შემთხვევაში ამბობს, რომ წინა ხელისუფლების ინტერესში არ შედიოდა კონსტიტუციური მონარქიის აღდგენა და დავით ბაგრატიონი რომ „გაეშავებინათ“, აგენტად შორენა ბეგაშვილი მიუჩინეს.

for.ge ლევან ჩხეიძეს ესაუბრა.

ბრალდებები ბატონი დავითის წინააღმდეგ საკმაოდ ბევრია...

ლევან ჩხეიძე: ჭორები და არა ბრალდებები.

რა არის ბრალდება და რა ჭორი, ამას გამოძიება იტყვის. რაც შეეხება ბრალდების შინაარსს, გარდა ანა ბაგრატიონგრუზინსკისა, დავით ბაგრატიონმუხრანელს ძალადობაში ბრალას სდებს მსახიობი შორენა ბეგაშვილი და როგორც ადვოკატი აცხადებს, არსებობენ სხვა მანდილოსნები, რომლებიც გახდნენ ძალადობის მსხვერპლი. საპასუხოდ თქვენ ამბობთ, რომ წინა ხელისუფლების ინტერესში არ შედიოდა კონსტიტუციური მონარქიის აღდგენა და დავით ბაგრატიონმუხრანელი რომგაეშავებინათ“, აგენტად შორენა ბეგაშვილი მიუჩინეს. რა მტკიცებულების საფუძველზე აცხადებთ ამას?

– არასწორი შეკითხვაა. არავითარი ქალები არ არიან.

რას ნიშნავს არასწორი შეკითხვა? თქვენ ამბობთ, რომ ბეგაშვილი მიუჩინეს იმიტომ, რომგაეშავებინათბატონი დავითი. მე გეკითხებით რა მტკიცებულების საფუძველზე აკეთებთ ამ განცხადებას?

– იმის საფუძველზე, რაც გააკეთა, რამაც პიარული თვალსაზრისით, ჩემი მარწმუნებლის წინააღმდეგ იმუშავა.

რას გულისხმობთ?

– აი, რაც გააკეთა.

რა გააკეთა, დამიკონკრეტეთ...

– თქვენ მითხარით.

მე ვერ გეტყვით, არ ვიცი. თქვენ აკეთებთ განცხადებას და თქვენგან ვითხოვ კონკრეტიკას...

– არც მე არ ვიცი.

ბატონო ლევან მიპასუხეთ რის საფუძველზე აკეთებთ ასეთ განცხადებას?

– იმის საფუძველზე, რაც განაცხადა „იმედში“. მათ შორის იმ განცხადებას, რომ სცემდა. ეს საკმარისი არ არის? თუნდაც ის, რომ ინტიმური ურთიერთობების შესახებ დეტალები გამოიტანა საჯაროდ, ეს უკვე პიროვნების გაშავებაა. ჩემი მარწმუნებელი ქალებს არ სცემდა, ეს ერთი, მეორე - ეს არის გუნდური შავი პიარი, რომლის მიზანია ჩემი მარწმუნებლის რეპუტაციის შელახვა.

ანა ბაგრატიონგრუზინკის ადვოკატი ამბობს, რომ ბატონმა დავითმა დედის ავადმყოფობა მოიმიზეზა, რითაც რელურად გამოძიებას აარიდა თავი და ამის გამო წავიდა ესპანეთში. რას იტყვით ამ ბრალდებასთან დაკავშირებით?

– რა მაგის საქმეა სად არის ჩემი მარწმუნებელი, ვინ ჰკითხავს ლევან გორელაშვილს? მას უნდა შეეკითხოს როდის წავა დედის სანახავად და როდის არა?!

ის ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ავადმყოფობა უბრადლოდ მოიმიზეზა, რადგან გაცილებით ადრე ჰქონდა ბილეთი აღებული...

– ეგ არის ტყული. ბილეთი ჩემს თვალწინ იყიდა, გაფრენის წინ. მე პირადად გავაცილე. შემიძლია გითხრათ რომელ სალაროში იყიდა ბილეთი. „ციმბრის ავიხაზების“ სალაროში იყიდა ბოლო ბილეთი. ბიზნეს კლასით გაფრინდა, ესეც შემიძლია გითხრათ.

ბატონი დავითი აპირებს საქართველოში ჩამოსვლას და გამოძიებასთან თანამშრომლობას? მოგეხსენებათ, რომ საქართველოში არჩამოსვლის შემთხვევაში არსებობს გამოძიებასთან თანამშრომლობის სხვა ხერხი, მათ შორის სკაიპის საშუალებით დაკითხვა...

– ამ საკითხთან დაკავშირებით მე ვერ გაგცემთ პასუხს. ხვალინდან საქმეში ჩაერთვება სისხლის სამართლის ადვოკატი, ბატონი კახა წერეთელი, რომელიც გააკეთებს განცხადებას. მე სისხლის სამართლის საქმეში არ წარმოვადგენ ბატონ დავითს, როგორც მოწმე დავიკითხე მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში და გაფრთხილებული ვარ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არავითარი განცხადება არ გავაკეთო. გაუთქმელობაზე მომაწერინეს ხელი.

გასაგებია, მაგრამ თქვენ არ გაქვთ ინფორმაცია აპირებს თუ არა საქართველოში ჩამოსვლას?

– ბატონი დავითის საქართველოში ჩამოსვლა პირდაპირ დამოკიდებულია დედამისის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

თქვენ არ ადასტურებთ ინფორმაციას, რომ თქვენი მარწმუნებელი გაექცა გამოძიებას?

– რატომ უნდა გაქცეოდა გამოძიებას, ძებნაში იყო, ეძებდა ვინმე, თუ რა ხდება? რას ნიშნავს გაიქცა? ადამიანმა კანონიერი გზით გადაკვეთა საზღვარი, რატომ არის ეს გაქცევა?

ბატონო ლევან, თქვენ აცხადებთ, რომ სინამდვილეში სამეფო ოჯახს შორის არსებული დავა ერთადერთ მიზანს ემსახურება, ანა ბაგრატიონგრუზინსკი ცდილობს, მის ყოფილ მეუღლეს 90 000 ლარი სასამართლო დავის მეშვეობით წაართვას. შეგიძლიათ დააკონკრეტოთ რა თანხაზეა საუბარი?

– მოგეხსენებათ, რომ მათი სამოქალაქო დავის მეორე ეპიზოდი ეხება თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონების გაყოფას. კერძოდ, ჩემმა მარწმუნებელმა 2014–2015 წლებში შეიძინა ორი ავტომობილი. შესაბამისად, ქალბატონი ანა აცხადებს, რომ ამ ავტომობილებზე, როგორც თანაცხოვრების დროს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება აქვს. ოფიციალურად, ანუ იურიდიულად ისინი 2016 წელს განქორწინდნენ და რატომ მიდის დავა ამ 90 000 ლართან დაკავშირებით? ქალბატონი ანა ეუბნება, რომ ეს ჩვენი თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონებააო, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ეს თანაცხოვრება უკვე შეწყვეტილი იყო. ყველანაირი დოკუმენტაცია არსებობს იმისა, რომ მათ 2013 წელს თანაცხოვრება შეწყვეტილი ჰქონდათ. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარე კარგავს 90 000 ლარს. ამიტომ, მათ წამოწიეს ძალადობის ელემენტი.

ჩვენ სასამართლოს წარვუდგინეთ, რომ 2012 წლიდან მხარეები ერთად არ ცხოვრობენ. ახლა ქალბატონი ანა ცდილობს ამტკიცოს, რომ 2014–2015 წლებში კვლავ საქორწილო ურთიერთობაში იყო ბატონ დავითთან. ბატონმა დავითმა ეს ავტომობილები შეიძინა 2014–2015 წლებში, მაშინ როდესაც ქალბატონ ანასთან თანაცხოვრება ფაქტობრივად შეწყვეტილი ჰქონდა.

თუ ქალბატონი ანა დაამტკიცებს, რომ მასზე განხორციელდა რაიმე სახის ზეწოლა, ან რაიმე სახის ძალადობა, რაც შეიცავს ოჯახური ძალადობის ნიშნებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის ადგილი ჰქონდა ოჯახურ თანაცხოვრებას, შესაბამისად, მას წარმოეშვება იურიდიული უფლება 90 000 ლარის მოთხოვნაზე. თუ არადა კარგავს 90 000 ლარს.

როგორია თქვენი არგუმენტი სატელეფონო ანძის ამონაწერზე, რომლის მიხედვით, ანა ბაგრატიონგრუზინსკიზე განხორციელებული ძალადობის დღეს იგი იმყოფებოდა საგურამოში ბატონ დავითთან?

– ამიხსენით ეს როგორ შეიძლება სატელეფო ანძის მეშვეობით დაადგინო? საგურამოს ანძის დაჭერის ზონა მარტო ბატონი დავითის სახლზე ვრცელდება? საგურამოს დაჭერის ზონა არის უშველებელი, ნახევარი მცხეთის რაიონს დაიჭერს. ქალბატონ ანას აგარაკი მდებარეობს საგურამოში, უშუალოდ საგურამოს ანძის დაფარვის ზონაში, ესეც პასუხი მისი საგურამოში ყოფნის შესახებ. ქალბატონი ანა იმყოფებოდა საკუთარ სახლში და ყველამ იცის, რომ პეტრე გრუზინსკის აგარაკი ჰქონდა მცხეთაში, რომელიც არის საგურამოს ანძის მოქმედების ზონაში.

ის, რომ საგურამოში აქვს სახლი, ეს არ გამორიცხავს მის ყოფნას ბატონ დავითთან...

– ბატონ დავითთან არ იყო და ვერც იქნებოდა. ბატონ დავითს ქალბატონ ანასთან რომ სდომოდა ცხოვრება, არ გააკეთებდა განცხადებას გაყრის შესახებ. 2012 წელს ცალკე არ გაუშვებდა საცხოვრებლად ესპანეთში.

როგორც ადვოკატს, ალბათ, გექნებოდათ საუბარი ბატონ დავითთან ძალადობდა თუ არა მეუღლეზე, მეგობარ ქალებზე. როგორც ანას ადვოკატი ამბობს 30 ადგილას ეტყობოდა ძალადობის კვალი...

– ტყუილია, არასწორ კითხვას მისვამთ. დასკვნაში არ წერია, რომ 30 ადგილას ეტყობა ძალადობის კვალი. სად წერია ეს დასკვნაში?!

ალბათ, იცნობთ ელისო რუხაძეს, რომელიც ქალბატონი ანას ინტერესებს იცავს...

– არა და არც მაინტერესებს.

თქვენ არ გაიტერსებთ, მაგრამ ელისო რუხაძე ამბობს, რომ მას ჰქონდა 30 მეტი დაზიანება და უმოწყალოდ იყო ნაცემი...

– ტყულია. არ მაინტერესებს რას ამბობს ადვოკატი. მე მაქვს ექსპერტიზის დასკვნა და არსად არ წერია დაზიანებების რაოდენობა. იქ არსად არ წერია, რომ მას ჰქონდა 30 დაზიანება. შემიძლია გადმოგცეთ ეს დასკვნა. მეორე, არსად არ წერია, რომ ქალბატონი ანა უმოწყალოდ არის ნაცემი. დასკვნაში წერია, რომ დაზიანებები განეკუთვნება მცირე ხასიათის დაზიანებებს – ჯანმრთელობის მდგომარეობის მოშლის შესახებ. ეს ორი განცხადება რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან და შეიცავს განსხვავებულ სისხლის სამართლის შედეგებს. თქვენ როცა ამბობთ, რომ არის უმოწყალოდ ნაცემი, ამას როგორც შემდგარ ფაქტს ისე მაწვდით...

უკაცრავად, თქვენ ჩემი კითხვის არასწორ ინტერპრეტირებას ცდილობთ, მე მოგიყვანეთ ფრაზა ადვოკატის განცხადებიდან, რომელიც, როგორც ჩანს, თქვენ არ წაგიკითხავთ...

– საერთოდ არ მაინტერესებს მაგ ადვოკატის კომენტარები. ექსპერტიზის დასკვნაში სულ სხვა რაღაცა წერია, ის კიდევ ამახინჯებს ექსპერტიზის დასკვნას და აყალბებს ფაქტებს. ჩემი მარწმუნებელი არის უდანაშაულო ყველა ცილსიწამებაში. ბატონი კახა ჩაერთვება გამოძიებაში და ცილისწამებლური განცხადებები როგორც ქარი, ისე გაიფანტება. საზოგადოება დაინახავს, რომ ბატონი დავით არის მართალი და ეს ყველაფერი უკავშირდება 90 000 ლარს.

გამი ვინც ამ გოგოს ცოდვა /ანა/ დაიდო.... რას ერჩოდით?!
5 წლის უკან