ახლა არ იკითხავთ, რამდენი ჭურჭელი დაამსხვრია მალინმა?! – დაიყვირა ზემოდან პეპიმ – ჩვენი ნაცნობები განცვიფრებულები იყვნენ.ჭურჭლის მსხვრევისთვის ერთი დღე ჰქონდა გამოყოფილი. იმ დღს სხვას არაფერს აკეთებდა: დილიდან საღამომდე ზრიალი გაჰქონდა ჭურჭელს. ბებია ამბობდა, სამშაბათი დღე აქვს ამოჩემებულიო. სამშაბათობით დილის ხუთ საათზე დგებოდა მალინი და სამზარეულოსკენ მიიჩქაროდა ჭურჭლის სამსხვრევად. ამ საქმეს ყავის ფინჯნებით, ჭიქებით და სხვა წვრილმანით იწყებდა. მერე ფრიალა და ღრმა თეფშებს მიაყოლებდა, სულ ბოლოს კი საინებს და საწვნე ჯამებს ამსხვრევდა. მთელი დილა ისეთი ზრიალ–წკრიალი იდგა სამზარეულოში – გულის გასახარელი.
(ასტრიდ ლინდგრენი, „პეპი გრძელიწინდა“)
ერთი კვირა გავიდა და ვინც კი შემხვდება, ან დამირეკავს, ყველა მილოცავს...
ხმის მიცემის დასრულებიდან ერთი საათი იყო გასული და ხალხი უკვე ზეიმობდა. დილის ხუთ საათზე კვლავ ზეიმობდნენ. ზეიმობდნენ დილით, შუადღისას და საღამოს. მესამე დღეს თბილისის ქუჩებში კვლავ დაქროდნენ ავტომობილები „ქართული ოცნების“ დროშებით და სიგნალებით. მოსაღამოვდა, მაგრამ ისევ იყო მანაქანები, დროშები, სიგნალები...
ვიღაცამ თქვა: „საკმარისია, ეყოფათ“. მეთქი – არა.
ეს არ იყო უბრალოდ ზეიმი, ეს იყო შეხსენება – არ გვძინავს, არ ვთვლემთ, არ ვდუნდებით.
რა დროს ძილია, ძლივს გავიღვიძეთ!
ბევრს ჯერ კიდევ ძინავს. ისე აღარ, როგორც მანამდე – „ამათ ვერ მოერევი“, „ესენი 30 წლით არიან მოსულები“ და ა.შ. ახლა ამბობენ: „ესენი ისე არ წავლენ“!
ჩვენში დარჩეს და, სადღაც მართლებიც არიან – ესენი ისე არ წავლენ... მაგრამ მთავარი ის არის, რომ წავლენ და ისე, წასულებიც არიან და წარსულებიც. მწარე მოგონებებს ტოვებენ, გახსენება რომ არ გინდა. არ დავივიწყებთ, მაგრამ მოსაგონარს არავინ იტყვის.
გახსოვდეს კობა ბექაური!
და არა მხოლოდ კობა ბექაური... გახსოვდეს მაია ნადირაძე, გახსოვდეს ბიძინა ბრეგაძე, გახსოვდეს ბესო ჯუღელი, გახსოვდეს ყველა ძაღლი და მამაძაღლი, რომელთა ხსენებაზეც, როგორც წესი, ირონიანარევი გაკვირვების შეძახილი აღმოგვხვდება ხოლმე – „ვაჰ, ეგ სად არის? ცოცხალია?!
ცოცხალია და კარგად არის. ჭამს, სვამს, ბუნებრივ და ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს, მიდის, მოდის, სუნთქავს... მოკლედ, ისეა, როგორც უნდა, რომ იყოს, მაგრამ ეს არის კარგად ყოფნის მისეული გაგება. დედას არ ახსენებს, დედას უხსენებენ, თუმცა მას ეს არ ადარდებს, კიდია.
პერონისტებზე პერონი გაგახსენდება, ზვიადისტებზე – გამსახურდია, გოლისტებზე – შარლ დე გოლი. ვინ უნდა გაგახსენდეს ნაციონალების ხსენებაზე? მე ყოველთვის კობა ბექაური მახსენდება – საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერი და ხშირად ვიხსენებ ზურა მარშანიას სიტყვებს: „ჩვენ არც სააკაშვილს ვიმსახურებთ, არც შევარდნაძეს და არც გამსახურდიას. კობა ბექაური უნდა იყოს ჩვენი პრეზიდენტი“.
ერთმა ძალიან ჭკვიანმა და ინფორმირებულმა კაცმა ასეთი ისტორია მომიყვა: „მოქალაქეთა ახალგაზრდულმა კავშირმა რომელიღაც თარიღის აღსანიშნავად ე.წ. ივენთი მოაწყო, ჩვენებურად – სმა–ჭამა და ღლაბუცი. სანამ ფხიზლები იყვნენ, ვიქტორინა ჩაატარეს. ყველას დაურიგდა კითხვარი, რომელზეც პასუხები უნდა გაეცათ და ყველაზე ერუდირებულს გამოავლენდნენ. იოლი კითხვები იყო. მაგალითად – თამარ მეფე ქალი იყო თუ კაცი? გიორგი სააკაძე ცხენით გადაადგილდებოდა თუ ველოსიპედით? კონსტანტინე არსაკიძეს მკლავი მოჭრეს თუ სკალპი ააძრეს?
ახლა, მეც ვხუმრობ, მაგრამ მართლა იოლი კითხვები იყო. დასხდნენ, შეავსეს, ჩააბარეს და როდესაც გამარჯვებულის გამოვლენის ამაღელვებელი მომენტი დადგა, საღამოს წამყვანმა სცენაზე კობა ბექაური იხმო. ყველას გაუკვირდა, პირველ რიგში – ბექაურს, მაგრამ ჩათვალეს, რომ რამე სპეციალურ პრიზზე იქნებოდა საუბარი, მაყურებელთა სიმპათიის ან რაღაც ეგეთი. ავიდა ბექაური, წამყვანმა მხარზე მოხვია ხელი და მიკროფონში გამოაცხადა: „ბატონებო, სანამ გამარჯვებულის ვინაობას გეტყოდეთ, მინდა წარმოგიდგინოთ კაცი, რომელმაც სწორი პასუხი ვერც ერთ კითხვას ვერ გასცა“.
იქ ამბავი ამტყდარა... გაივლის წლები და ბექაური მოგვევლინება დეპუტატად, ერთ–ერთ გავლენიან პოლიტიკოსად, ბიზნესმენად და რეზერვისტად. როგორც ვიცი, ახლა ინჟინერ–მენეჯერია და კითხვაზე – ერთი ტონა რკინა უფრო მძიმეა თუ ერთი ტონა რკინა – ნიშნისმოგებით იცინის: „რა თქმა უნდა, ერთი ტონა რკინა“.
ბექაური გოიმია, მთელი ეს ნაცები გოიმები არიან და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ნაშებიც გოიმები ყავთ.
ნაცთა ნაშები
ერთ მშვენიერ დღეს ვერა ქობალია კლინიკაში აღმოჩნდა, ნათია ბანძელაძე – საავადმყოფოში, ხოლო კიდევ რამდენიმემ, სულ ვერებმა და ერთობ ბანძელაძეებმა, ამბულატორიას მიმართა. მანამდე იყო გერმანელი მასაჟისტი, კიდევ მანამდე – ოსი როკერი, უფრო მანამდე – ჰოლანდიელი სტუდენტი და სულ–სულ მანამდე, სულ ადრე, როცა, წესით ბევრი და ნაირ–ნაირი უნდა ყოფილიყო, არ იყო არავინ და ამიტომაც იყო მერე და მერე ბევრი და ბევრი – ნაირ–ნაირები, ჭიქა–საინები, ნემსები, მახათები, პაპიროსის ქაღალდები, ნარმა, მიტკალი...
...რა გინდა, მითხარი.
ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ ერთ–ერთი არხის თოქ–შოუში პირდაპირ ეთერში აღმოვჩნდი. თემა, დაახლოებით, ასეთი იყო „მიხეილ სააკაშვილის მიზნები და ამოცანები“. ჩემმა კოლეგებმა ისეთი სერიოზული სახეებით ისაუბრეს, თითქოს მეფე გიორგისა და კონსტანტინე არსაკიძის შედარებით დახასიათებას წერდნენ. როდესაც მიკროფონმა ჩემამდე მოაღწია, ვთქვი, რომ „მიშას უნდა ღვინო, დუდუკი, ქალები და ამიტომ უნდა პრეზიდენტობა“. მას შემდეგ, აგერ უკვე ორი წელია, რაც იმ სიტყვებს აღარ მახსენებენ, თორემ რაც მე მანამდე საყვედურები მივიღე – პრეზიდენტზე ასე საუბარი არ შეიძლებაო... შეიძლება!!!
რაც – ალხანა, ის – ჩალხანა. პარლამენტარებმაც გაიჯეჯილეს. ერთ ისტორიასაც მოგიყვებით, რომელიც ამ ამბის თვითმხილველმა მიამბო. მიამბო ასე: „ხომ იცი, ახლა ყველა პარლამენტარს საკუთარი თანაშემწე ყავს. დეპუტატს რა საქმე აქვს და თანაშემწის საქმე ხომ წარმოგიდგენია! ნაშებით გაავსეს პარლამენტი, ან ასეთ ბანძებს სად პოულობენ! მთელი დღე ყავის და კონიაკის სმა მიდის, ჩაიკეტებიან, ჭორაობენ და ჭკუაზე არ არიან. სამი თუ ოთხი დღის წინ უცებ წივილ–კივილი ატყდა. ორმა ნაშამ ერთმანეთი თმებით ითრია. კი გააშველეს, მაგრამ ვინ გაჩერდა? კომპრომატების ომი ატყდა. ერთმა მეორეს უკივლა – ის როგორ იყო, მარნეულში მჩხიბავთან რომ დადიოდიო! არც მეორე ჩამორჩა – მე რომ დავდიოდი, იმიტომ ვაჩხიბინებდი, ჩემს დეპუტატს ჩემთვის ხელფასი რომ მოემატებინა და შენ რომ მოლასთან დადიოდი და შენი დეპუტატის ცოლს ჯადოს რომ უკეთებდი, რომ მომკვდარიყო და ცოლად შენ რომ მოეყვანე, ის როგორ იყოო!
ეს ამბავი თვითმხილველმა მიამბო და დასძინა, ეგ კიდევ რა არის, იქ უნდა იყო, შენი თვალით უყურო, შენი ყურით უსმინოო.
ნინა წკრიალაშვილი დაიმუქრა – თუ ნაციონალები დამარცხდებიან, თავს მოვიკლავო.
სიმღერა მაინც დაგვიტოვე...
იმღერე რამე
აფხაზეთს უმღერე, ვითომ შენი დედულეთია; თეთრ ვარდებს უმღერე, ვითომ წითლები არაფერ შუაშია; მოკლე კაბა და მოკლე კაბა, გრძელი ფეხები, ანთებული თვალები... გმირებს უმღერე, მშვენიერო, ღირსების ორდენით დაიმშვენე მკერდი და ნუ გეწყინება, რომ პირველად იყო რუსლანა. ნუ გეწყინება... ვინ არ შემცდარა? ნუ გეწყინება... ის მხოლოდ ერთხელ შეცდა. იმღერეთ რამე, ოღონდ ნუ დაიწყებთ, თითქოს თქვენი ხატი სამშობლოა და თითქოს იბიცაზე ყოფნისას ლურჯ მთაზე შეყუჟული თეთრი სანატორია გესიზმრებათ.
ერთი ბილეთი სოხუმამდე, ოღონდ – გიჟის ბილეთი.
ტუტუცისა და ბრიყვის ბილეთი არ არსებობს? თვითკმაყოფილი იდიოტისა?
მაშ, კრის დე ბურგი, კონსპირაცია და ფიქრები საქართველოს დამოუკიდებლობაზე, ხომ?!
ხოლო ეს ამბავი თავად იმან მოყვა, ვისაც გადახდა და ვინც განიცადა.
„ეჰ, რა დრო იყო – ჭაბუკნი ვიყავით, გული ძალუმად ძგერდა, ავიკიდებდით ზურგჩანთებს და ფეხით მოვივლიდით ხოლმე მთა–თუშეთს, პირიქითა ხევსურეთს, ფშავს... ცვრიან ბალახზე ფეხშიშველნი დავდიოდით, რათა უფრო მძაფრად შეგვეგრძნო ტკბილი მამული, წინაპართა მგზნებარე სული. მჭმუნვარება გვიპყრობდა, როდესაც სამშობლოს გამწარებულ სვე–ბედზე ვსაუბრობდით. რთული დრო იყო, ტოტალიტარული სულისკვეთებით გაჟღენთილი ეპოქა...“
ასეთ შესავალს გააკეთებდა ხოლმე და მერე ხან რას მოაყოლებდა და ხან რას. ერთხელ მოაყოლა, რომ ოთხმოციან წლებში მალულად, იატაკქვეშეთში უსმენდა კრის დე ბურგის სიმღერებს. მალულად, რადგან დაგიჭერდნენ და ანტისაბჭოთა აგიტაციისთვის გაგასამართლებდნენ.
მაშ კრის დე ბურგი და დისიდენტის ხიფათით აღსავსე ცხოვრება, ხომ? და მერე რუსლანა, რიკი ე პოვერი, კრისტინა აგილერა, ისევ კრის დე ბურგი და ბოლოს კუტუნიო, კიდევ კუტუნიო და ძაან–ძაან კუტუნიო.
ბაჩი ქიტიაშვილი გაგიგია? რობი კუხიანიძე? რომ დაიციკლე ზუმბაზე და, გოგა ხაჩიძე თავად რომ არის ბუბა კიკაბიძის ციკლი!
ერთი ბილეთი სოხუმამდე, ოღონდ – გიჟის ბილეთი. ერთი ბილეთი?! მარტო მიდიხარ? გმირი ხარ?
არ უნდა გეგორავა გორში, მანდ მიქარე, მაგარი ჭამე.
რასაცა შეჭამ...
თან მეცხრე არხი მაქვს ჩართული, გიორგა ცხვიტავას სიუჟეტს ვუგდებ ყურს – თავდაცვის სამინისტრო, დიმიტრი შაშკინი და პრემიები. მსუყე პრემიები, გემრიელი ლუკმები. გაშლილი სუფრა და ბიუჯეტი ბრინჯით, ბიუჯეტი კომშით, ბიუჯეტი ქინძმარში და ბიუჯეტი ისრიმ–მაყვალში. ჭამა სმა დიდად... ეგონათ – შესარგი, აღმოაჩინეს, რომ რაც არ გერგება – არ შეგერგება.
მაშ როგორ?
ერთ ამბავს მოვყვები, რომელიც ამბავში მოყოლილმა მომიყვა. მომიყვა ოთარმა, რომელიც დათოს ბავშვობის მეგობარია. მოკლედ, განათლების სამინისტროს რიგითი თანამშრომლებისთვის ერთ ჩვეულებრივ, შაშკინისა და მისი შემადგენლობისთვის (მოადგილეები და ფავორიტები) ერთ მშვენიერ დღეს, სამინისტროში დარიგდა პრემიები. უახლოესი დღესასწაული იყო აღდგომა, ამიტომაც პრემიას ეწოდა „სააღდგომო პრემია“. საერთოდ, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ამჯერად სააღდგომო პრემიები მხოლოდ შაშკინს და მის ფავორიტებს დაურიგდათ. დაურიგდათ – რა? დაირიგეს. მოსაღამოვებულზე დათომ პრინტერზე ამობეჭდა „ჩვენც ქრისტიანები ვართ“ და ფურცლები სამინისტროს დერეფნებში დაყარა. შაშკინი რისი შაშკინია, ღილში და კბილში ვიდეოკამერა რომ არ ქონდეს?! დათო გადაიღეს, დათო გაათავისუფლეს და ოთარიც მიაყოლეს – დათოსთან მეგობრობაში ხარ შემჩნეულიო. დღეს ორივე უმუშევარია. შაშკინი ისევ პრემიებს იწერს და ალბათ ისევ იმათ ათავისუფლებს სამსახურიდან, ვინც იმასთან მეგობრობაშია შემჩნეული, შაშკინთან და გენრიეტა მუმლაძესთან მეგობრობაზე უარს რომ ამბობს.
განათლების სამინისტროში ხატია დედოფლობს. ამ ორ დღეში იქაც დარიგდა დიდი, დიიიდი პრემიები – მსუყე პრემიები, გემრიელი ლუკმები.
რას ამბობ?!
ისეთს არაფერს
ჯერ სად ვართ – ჩვენ ამბებს გავიგებთ, სახელებს და გვარებს შევიტყობთ, თანამდებობებსაც... გვეცოდინება რა, სად, როდის, ნიკა გვარამია კი იტყვის, რომ არაფერი იცოდა, რომ არის ყრუ და ტლუ. მერე მასზე იტყვიან,მერე თვითონ იტყვის სხვაზე, სხვა – სხვაზე და ის კი არა, „რომ სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი“, არამედ „სხვისი დედაც, ჯეკ“!!!
ამბები გასკდება, გავიგებთ, დაიბეჭდება, ვნახავთ, მოვისმენთ და იქნებ თმები ყველას ყალყზე დაგვიდგეს, თვით ჯონდი ბაღათურიასაც კი.
გიორგი თრგამაძე არც ქრისტიანი ყოფილა და არც დემოკრატი... გურამ ჩახვაძე არც ეროვნული ყოფილა და არც დემოკრატი... პაატა დავითაია არც ევროპელი ყოფილა და არც დემოკრატი.
და, ყველაზე მძიმე და გამაოგნებელი – გია თორთლაძე არ ყოფილა პატრიოტი.
ბევრ რამეს გავიგებთ და გაგებაა მთავარი, მაგრამ არა იმის გაგება, რაც ზემოთ ჩამოვთვალე. ეგ ისედაც ვიცოდით და ვინც არ იცოდა, იმას გული უგრძნობდა.
მე არ ვიცი, ბოლოს და ბოლოს გაიგო თუ არა ბაკურ კვეზერელმა, რომ მამალი ძროხა ბუნებაში არ არსებობს და გაიგო თუ არა მიხეილ სააკაშვილმა, რომ ბუნებაში არ არსებობს ბუნება საქართველოს გარეშე.
გარეშე პირთა შემოსვლა სასტიკად აკრძალულია.
შემოსულმა გარეშე პირებმა დატოვეთ საქართველო.
თორემ შეგისრულებთ.
ისე, შესასრულებელი ჯერ კიდევ ბევრია.
შესრულება ოთხი ფეხით
შემოსულმა გარეშე პირებმა დატოვეთ საქართველო – ოკუპანტებს ვგულისხმობ, მაგრამ ისეთებიც ხომ არიან, ოკუპანტები რომ არ არიან, მაგრამ ბევრიც რომ არაფერი უკლიათ! შინაური მტრები და რამე, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები, რა შუაშია „შინაური“. მტერი მტერია, უბრალოდ, ამათ ჩვენი კანონები ეხებათ, თავის მიერვე მიღებული კანონები, თვითონვე რომ იგდებდნენ მასხარად.
ისინი დგანან, ესენი გარბიან. გარბიან დაოთხილები. პირიქით ჯობს, და ეს არის შესასრულებელიც და აღსასრულებელიც. ამას აღმასრულებელის გასაგონად ვამბობ, თუმცა, იმედია, შეხსენენება საჭირო არ არის. იმ აღმასრულებლის გასაგონად ვამბობ, ჯერ რომ არ მოსულა და იმას უნდა შეუსრულონ, ჯერ კიდევ რომ აღმასრულებელია.
დაოთხილები გარბიან. გარბიან და გამორბიან. რაღაც აქვთ ჩაფიქრებული. არ ვიცი – რა, მაგრამ ვგრძნობ. აღა მაჰმად ხანმაც, სანამ თბილისს დატოვებდა, სულ ერთიანად დაანგრია და გადაწვა საქართველოს დედაქალაქი და ესენი ვითომ რით არიან იმათზე უკეთესები?
სად გარბიან? – იქ, სადაც უკეთ იქნებიან, უკეთ ყოფნა კი, მაგათთვის, პირველ რიგში უსაფრთხოებაა. ზოგი რუსეთში წავა, ზოგი – ბელორუსში, არც ის არის გამორიცხული, რომ ვიღაცამ თავი ჰავანაში ამოყოს. ყველაზე ცუდი ვარიანტი არის ფხენიანი.
ვარიანტები
პრეზიდენტი ან გადადგება, ან – არა. უფრო – არა. ნინა წკრიალაშვილი თავს ან მოიკლავს, ან – არა. უფრო, იტყვის, გულის სიღრმეში მე ყოველთვის ოპოზიციას ვუთანაგრძნობდიო და იგივეს იტყვის ვახო სანაია. გოგა ხაჩიძე აღარ დაიცავს ბუნებას, რადგან ბუნებისა არაფერი გაეგება, მაგრამ არც სცენას დაუბრუნდება – სმენა კი აქვს, მაგრამ ხმა არ ამოეღება, რადგან არ აქვს სინდისი. ლადო ვარძელაშვილი და დავით კირკიტაძე ვეღარ დაუბრუნდებიან დიღმის მეოთხე კვარტლის ბირჟას, მაგრამ არც შრომის ბირჟას მიაკითხავენ.
პირადად მე, ბესო ჯუღელს მოვიკითხავდი და გამოვკითხავდი, რას ფიქრობს ყოველივე ამაზე. მოვიკითხავდი დავით ბაქრაძეს და ახლა იმას ვფიქრობ, სად მოვიკითხო – სადურგლო ხელსაწყოებში თუ ზეინკლის კარადაში. იქნებ – ელიავას დახლებზე?
ანდრო ბარნოვს ეცოდინება – ექსპერტია; გია ნოდიას ეცოდინება – ცოდნის მინისტრად არის ნამუშევარი; ვასილ ჭყოიძეც ექსპერტია და თან ვაჟა მთავრიშვილის სკოლა აქვს გავლილი.
პირველ რიგში სკოლებია მოსაკითხი, მაგრამ ჯერ ციხეები სასწრაფო წესით.
ცოცხს ფუნქცია უნდა დაუბრუნდეს, ფუნქცია უნდა დაუბრუნდეს საკანს და თუ დადგა მომენტი და ვითარებას ჩაუფიქრდა დომენტი, იქნებ ბურთმაც დაიბრუნოს ფუნქცია და ფორმა. ბურთი მრგვალი უნდა იყოს, ოღონდ არა ისეთი, როგორც ალისტრახო.
მერე, იქნებ, ემიგრანტებიც დაბრუნდნენ და „კავკასუს ონლაინიც“ დაიბრუნოს კანონიერმა მფლობელმა.
რავი... იქნებ ვანო მთვრალაშვილიც დაუბრუნდეს რეალობას, თორემ ამდენი ზღაპრებით უკვე თვითონაც დაიღალა.
გითხრათ სიმართლე, მეც დავიღალე, დაგემშვოდობებით, გავკადნიერდები და ახალ ხელისუფლებას იმას შევახსენებ, რაც ვერაფრით შევაგნებინე ძველს – მთავარია გაგება. თუ გაიგებთ – ხომ კარგი, თუ არა და არმაგედონის ზანგისთვის სულერთია, ვირი ღობის გარეთ იქნება დაბმული თუ ღობის შიგნით
ა.დ. (ავდგებით და...) მართლა, ბებია ძალიან დარდობდა, მალინი რომ წავიდა. ერთ სამშაბათ დღეს მალინმა იცით, რა ქნა? ერთი დუჟინი ჩაის ფინჯნები დაამსხვრია, ჩაალაგა თვისი ნივთები, ჩაჯდა გემში და სადღაც გაემგზავრა. რაღას იზამდა ბებია? ადგა და თვითონ დაიწყო ჭურჭლის მსხვრევა...
(ასტრიდ ლინდგრენი, „პეპი გრძელიწინდა“)