შიშინარევი იყო 1-ლი ოქტომბერი. შიში პრეზიდენტის გამოსვლილს შემდეგ მინელდა... ახლა კი კვლავ აქტუალურია - წავა?! არ წავა?! ჯერ კიდევ რამდენიმედღისწინანდელი სახელისუფლებო ოპტიმიზმი კი ოპოზიციურად გადაიქცა. თუმცა დიდი ალბათობაა, როგორც წინა შემთხვევა, ოპტიმიზმი ამჯერადაც მხოლოდ ტელეკამერების წინ იყოს.
ჩემო ჯერ კიდევ პრეზიდენტო,
უნდა წახვიდე! ისევე წყნარად და მშვიდად გამოაცხადო შენი გადადგომა, როგორც არჩევნების წინა დღეს მცხეთიდან გვეჟღურტულებოდი. უნდა წახვიდე! იმიტომ, რომ წასვლა მაინც მოგიწევს. ტყუილად ითვლი შენს დეპუტატებს პარლამენტში. მათი უმეტესობა უკვე გარიგებულია და პარლამენტის შეკრებისთანავე გადასკუპდება სხვა ნავში. მერე კი შენი იმპიჩმენტის საკითხი იმაზე ადვილია, ვიდრე ამჟამად გიგი უგულავას "გადაყენება".
ჩემო ჯერ კიდევ პრეზიდენტო,
უნდა წახვიდე! ვიცი, ძნელია და გეთანხმები იმაში, რომ არ შეიძლება რეპუბლიკელებს, კობა დავითაშვილსა და კიდევ რამდენიმეს დაუტოვო ქვეყანა, მაგრამ ფაქტია, უმრავლესობამ ესენი გამჯობინა. და კიდევ "რუსეთუმეები, მოღალატეები და ბინძურხელებიანები" - როგორადაც აფასებდი მათ, ხალხმა იმათაც გამჯობინა.
საფრთხეებმა, რომელზედაც მუდმივად საუბრობდი, ვერავინ შეაშინა. მეტიც, ის საფრთხეეები ამჯობინა უმრაველოსობამ შენს თავს. როგორც ჩანს, შენ უფრო დიდი საფრთხე აღმოჩნდი! ახლაც მესმის შენი ხმა აგვისტოს ომის დროს რომ განაცხადე - "რომ ამბობენ, ჯარი ამოხოცაო, ჯარი იმიტომ ჰყავს ქვეყანას, აბა რა უნდა ქნასო". ჰოდა, უნდა წავხიდე! ისიც არ იცი, ჯარი რატომ ჰყავს ქვეყანას!
ჩემო ჯერ კიდევ პრეზიდენტო,
26 მაისს, როცა ბართლომეს ღამე მოაწყვე რუსთაველზე და შენმა ჯალათებმა რუსთაველის კინოთეატრში შეყრილი ხალხი გააუპატიურეს, იქიდან ერთ-ერთმა 23 წლის ბიჭმა დედის საფლავზე ვენები გადაიჭრა და ისე დაასრულა სიცოცხლე. ამიტომ უნდა წახვიდე!
ჩემო ჯერ კიდევ პრეზიდენტო,
ერთი უწყინარი, მშრომელი ადამიანის ჯემალ კვიჭისძის მოკვლის გამო უნდა წახვიდე. ჯერ კიდევ საკრებულოდან რომ აიძულებდით შენ და შენი ამფსონები სახლების გადახურვისას თუ სხვა სამუშაოებისას მოტეხილი ფულის გათეთრებას - მერე დაიჭირე, შვილები უსახლკაროდ დაუტოვე და სიკვდილის პირას მყოფი გამოუშვი ციხიდან, რათა ხელახლა მოგეკლა და მოკალი კიდეც! ასეთები ბევრი მოგიკლავს...
ჩემო ჯერ კიდევ პრეზიდენტო,
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის დროს, პირსისხლიანმა როდიონოვმა იმის მიუხედავად, რომ ბარებითა და ნიჩბებით ამოხოცა ახალგაზრდები, გასავლელი დაუტოვა ხალხს. შენ კი 26 მაისს ეს არ გააკეთე! წრეში მომწყვდეულები დაასახიჩრე, ათასამდე დააპატიმრე და ცხედრები კი მაღაზიის თავზე შემოალაგე! ამიტომ უნდა წახვიდე!
ჩემო ჯერ კიდევ პრეზიდენტო,
უნდა წახვიდე! რადგან 19 სექტემბერს გვითხარი, რომ მე-8 საპყრობილეში მომხდარი ამბის გამო 11 პირი დააკავე და მათ შორის იყო დავით ჭაკუა. თურმე მოგვატყუე! დავით ჭაკუა საქართველოდან წავიდა!
ჩემო ჯერ კიდევ პრეზიდენტო,
დაუსრულებელი სიბიძნურეებისა და შენ მიერ, უშუალოდ თუ დავალებით, განხორციელებული სისატიკეების მოყოლა შეიძლება, რის გამოც უნდა წახვიდე, მაგრამ მოყოლა რად გინდა, ეს შენც ხომ კარგად იცი!
ჩემო ჯერ კიდევ პრეზიდენტო,
ვიცით, რომ რუსეთი ძალიან საშიშია! ვიცით, რომ ოკუპანტია, ვიცით, რომ საქართველოს დაუძინებელი მტერია! ამას ისე გვახსენებდი, თითქოს ომის დამთავრებიდან ათიოდე დღეში ენგურჰესი სხვა მთავრობამ გადასცა რუსეთს, მანამდე გადაცემულებზე რომ აღარაფერი ვთქვათ! ფაქტია, რუსეთის ძახილმა ვერ გიშველა. ისიც ფაქტია, რომ სკამთან შელევა ისევე გიჭირს, როგორც შენს წინამორბედს, თუმცა ის გადადგა!
ჩემო ჯერ კიდევ პრეზიდენტო,
უნდა წახვიდე. მერწმუნე, რუსეთს საქართველოს არავინ დაანებებს! თუ რუსეთი რამეს გაბედავს, მთელი საქართველო წინ აღუდგება, თუნდავ იმ ფორმით, შენი პარტიის პირველმა ნომერმა რომ მოგვიწოდა აგვისტოს ომის დროს. წინ აღვუდგებით და დავიხოცებით! დაგვხოცავს მტერი და არა შენი ჯალათები თავიანთ გასართობად. ისე, როგორც ეს ვნახეთ მე-8 საპყრობილეში. ამიტომ გავრისკეთ! ამიტომ გითხარით უარი! აქამდე მიგვიყვანე შენი სიყრუით, შენი სიბრმავით და შენი ისტერიკული სიცილით!
ჩემო ჯერ კიდევ პრეზიდენტო,
გირგვლიანი, ვაზაგაშვილი, რობაქიძე... და კიდევ ვინ მოთვლის... 7 ნოემბერი, 26 მაისი, დატერორებული ბიზნესი, 99 პროცენტი გამატყუნებელი განაჩენები და... ბევრია, ძალიან ბევრი...
"უბადრუკმა ბედუკაძემ" კი არ მოგკლა მართლა. ქართველმა კაცმა არ განაცვალა საკუთარ ღირსებას. ხოლო ის, ვინც ამჟამად გაგულიანებს, იმაზე დიდი მტერია შენთვის, ვიდრე კაენი აბელისთვის, ლუციფერი ღმერთისთვის და შენ წარმოიდგინე, შენ მიერვე დახვრეტილი ბიჭების მშობლები შენთვის.
უნდა წახვიდე! ოღონდ მხოლოდ თანამდებობიდან! უნდა წახვიდე! იმიტომ, რომ ქვეყანას კიდევ არაფერი დაუშავო. ღმერთმა დაიფაროს სრულიად საქართველო, ოდესმე შენ გინატროს!