“ვინ არის მაგათი ზომბი, მე მაგათი დედა...”

“ვინ არის მაგათი ზომბი, მე მაგათი დედა...”

პირველი ოქტომბერი ისტორიული დღე გამოდგა _ ჯერ კიდევ 30 სექტემბერს ვერავინ იფიქრებდა, რომ დადგებოდა დრო, როცა ვიტყოდით, საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად შევძელით და ხელისუფლება არჩევნების გზით შევცვალეთო. ახლა, როცა არჩევნების პირველადი შედეგები ცნობილია, შეიძლება, ბევრს აღარც აინტერესებს, თუ როგორ მივედით ასეთ შედეგამდე, ანუ რა ხდებოდა პირველ ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე, მაგრამ ისტორიისთვის ეს დეტალებიც საინტერესოა...

...ხმას გლდანის ¹50-ე საარჩევნო უბანზე ვაძლევ. რომ იტყვიან, ჩასაფრებული ვარ: დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოვახერხე და ძველი რეგისტრაციის ადგილიდან საარჩევნო ადმინისტრაციას “თავი ვერ ამოვაღებინე”. ასე რომ, ცესკო-ს მიერ გამოცხადებული 3 008 51 ამომრჩევლიდან “ორი” მე ვარ.
მოვა დრო და, იმის გადამოწმების საშუალებაც მექნება, ძველი რეგისტრაციის ადგილას ჩემს ნაცვლად ვინმემ მისცა თუ არა ხმა. მანამდე კი, გლდანში პირველად ვიღებ არჩევნებში მონაწილეობას...

არჩევნების წინა დღეს “ნაციონალებმა” “გამაბრაზეს”: მეზობლებს მოსაწვევები მოუტანეს არჩევნებზე წასასვლელად, მე კი, რადგან მათ კოორდინატორებს წინასწარი გამოკითხვებისას არ ვუთხარი, თუ ვის ვაძლევდი ხმას, არასასურველ ადამიანად მიმიჩნიეს და... “გამომტოვეს”. ალბათ, ჩათვალეს, რომ კარგი იქნებოდა, თუ საერთოდ არ გამოვცხადდებოდი არჩევნებზე.

...უნდა გამოვტყდე: ჩემი მრავალწლიანი ჟურნალისტური კარიერის განმავლობაში, ეს პირველი არჩევნები იყო, როცა ყველაზე უწყინარი, რიგითი ამომრჩევლის როლი მოვირგე და ისე ვიმუშავე _ ბავშვით ხელში, გაღიმებული სახითა და უინტერესო გამომეტყველებით ჩემი კონსტიტუციური მოვალეობაც მოვიხადე და თან “საქმეც გავაკეთე”.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ჩემი კორპუსიდან საარჩევნო უბნამდე გზა სკვერზე გადის. სკვერში უამრავი ხალხია. ვერავინ დამაჯერებს, რომ ამ სიცხეში ამდენი ადამიანი სასეირნოდაა გამოსული. ამ უბანში თითქმის სამი წელია ვცხოვრობ და ადგილობრივებს, როგორც იტყვიან, სახით ვარჩევ. სკვერში “მოსეირნე” ადამიანებიდან კი, ნამდვილად ვერავის ვცნობ...
საარჩევნო უბნიდან ორმოცდაათი მეტრის დაშორებით ე.წ. “ბესედკაა”. იქ ქალები სხედან და ხელში უამრავი ქაღალდი უჭირავთ. ერთ-ერთს სახეზე ვცნობ _ მგონი, წინასწარი გამოკითხვებისა თუ საარჩევნო ბუკლეტების დარიგების დროს სახლში მომაკითხა, აშკარად “ნაციონალია”. გავიკითხე და არც შევმცდარვარ: “ნაციონალების” აქტივისტი ყოფილა. ჩემი და ჩემი მეზობლების დანახვაზე ფურცლებში რაღაც მონიშნა. ეს “ბარიერი” გადავლახეთ და ვიცი, რომ “ნაციონალთა” “შავ სიაში” მოვხვდი თუნდაც იმიტომ, რომ ხმის მისაცემად იმ მეზობელთან ერთად მივედი, გამოკითხვებისას კარი საერთოდ რომ არ გაუღო.

მოშორებით ვერცხლისფერი “მერსედესი” დგას, სადაც “დიდი ძიები” სხედან, ცოტა არ იყოს, საშიში გამომეტყველებით. მათ დანახვაზე ჩემი შვილი ატირდა,  გავჩერდი და საუბარს დავუგდე ყური.

_ ბიჭო, ეგ როგორ გვითხრა, ზომბირებულები ხართო, ვინ არის მაგათი ზომბი, მე მაგათი დედა... _ მივხვდი საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტს არჩევდნენ.
გაჩერება აღარ ღირდა _ “დავიწვებოდი”. ამიტომ გზა განვაგრძე და მუსიკალურ სკოლასთან მივედი, სადაც საარჩევნო უბანია. აქ, ერთი შეხედვით, სიმშვიდეა. დამკვირვებლები, რომელთაც გაურკვეველი ორგანიზაციების მოწმობები აქვთ და, წესით, საარჩევნო დარბაზში უნდა იყვნენ, ფოიეში “დაბოდიალობენ”.

კედელზე გამოკრულ სიებში ჩემს გვარს ძლივს ვპოულობ და შევდივარ მთავარ დარბაზში. ბავშვს ახალგაზრდა გოგონა მართმევს კომისიის მდივანის მაგიდასთან რომ ზის. მივდივარ პირადობის მოწმობით, პოულობენ ჩემს გვარს, ვაწერ ხელს და სანამ ბიულეტენებს მომცემდნენ, ახალგაზრდა ბიჭი მიახლოვდება და მეუბნება, ბეჭედსა და ხელმოწერას მიაქციეთ ყურადღებაო. ვიცი-მეთქი, გავუღიმე. როგორც ჩანს, კომისიის წევრები უკვე “შემჩნეული” არიან ბიულეტენების “გაფუჭებაში”. მერე იყო მარკირების პროცედურა და ყველაფერი ისე წარიმართა, კანონდარღვევა ვერაფერი შევამჩნიე. ერთი ის იყო, რომ  გამოსვლისას უცნობმა მამაკაცმა შემომიბღვირა. შევხედე და დამკვრვებელი იყო “ნაცმოძრაობიდან”. ალბათ, შეამჩნია, “ოცნებელს” რომ გამოველაპარაკე და მათიანი ვგონივარ-მეთქი, გავიფიქრე და გავუღიმე...

P.შ. იმ საღამოს მე და ანდრიამ, ჩემმა შვილმა, კიდევ გავისეირნეთ საარჩევნო უბნის მიმართულებით _ უფრო ხალხმრავლობა დამხვდა, იდგნენ და არჩევდნენ საინფორმაციო საშუალებებით გადაცემულ ამბებს. რაც მთავარია, ვერცხლისფერი “მერსედესი” ისევ იმ ადგილას იდგა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ “მერსედესში” უკვე “ბესედკაში მობირჟავე” ქალები ისხდნენ.