ზურაბ ყიფშიძე დედასთან, ქალბატონ ელენესთან დაკავშირებული პირველი, რასაც იხსენებს, მისი საფულის ამბავია.
ერთხელ ზურას და თაზო თოლორაიას ლუდი მოუნდათ, თუმცა არც ერთს ჯიბეში კაპიკიც არ ჰქონდა. დიდხანს ფიქრის შემდეგ “ბრწყინვალე იდეა” ზურაბ ყიფშიძეს მოუვიდა თავში, წამოდი, თაზო, დედაჩემს დღეს სპექტაკლი აქვს, მივაკითხოთ, იქნებ, ერთი მანეთი მაინც მოგვცესო.
მართლაც, პირდაპირ თეატრში წავიდნენ. ქალბატონი ელენე სპექტაკლის შემდეგ შვილს და თაზო თოლორაიას დიდი სიხარულით შეხვდა, მოეფერა, მოესიყვარულა. ამის შემდეგ კი ზურა დედას სთხოვს:
- ლენა, მომეცი რა მანეთი.
- ახლავე შვილო, - პასუხობს ელენე ყიფშიძე, ტრიალდება მათგან ზურგით, იღებს საფულეს, ხსნის და... უზომოდ გაკვირვებული სახით ტრიალდება:
- რომ არა მაქვს!
ასე დარჩნენ იმ დღეს ლუდის გარეშე ზურაბ ყიფშიძე და თაზო თოლორაია.